გუშინ, მარგოშვილების ოჯახმა, პანაშვიდი მიცვალებულის გარეშე გადაიხადა, რადგან ასლანი 3 დღის წინ, ხელისუფლების ზეწოლით, ყოველგვარი ტრადიციის გარეშე, შუაღამისას დაკრძალეს დუისის სასაფლაოზე და ოჯახმა პანაშვიდის გადახდა ვერ მოასწრო. ქისტური ტრადიციის მიხედვით გაიმართა ქელეხიც, რასაც დუისელები დაესწრნენ.
”ასლან მარგოშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტი იყო, ძალიან კარგად ხაზავდა. სტუდენტი იყო მისი ძმაც, ოღონდ ჭავძავაძეზე რომ ინსტიტუტია, იქ სწავლობდა. ერთ დღესაც ასლანმა გვითხრა, ერთი ჩეჩენი ბიჭი მეხმარება, ფინეთში მივყავარ და ამ შანსს გამოვიყენებო. გვითხრა, ხომ ხედავთ როგორ გვიჭირს, იქ ვისწავლი, ვიმუშავებ და დაგეხმარებითო. ასლანი, შარშან, 2 სექტემბერს გავაცილეთ ფინეთში”_ აცხადებს ასლან მარგოშვილის მამიდა თამარ მარგოშვილი „გურიია ნიუსთან“ საუბარში. მამიდის თქმით, ასლან მარგოშვილი და მისი ძმა თბილისში ქირით ცხოვრობდნენ. ასლანი იქ ჩეჩნებს დაუმეგობრდა, ერთ- ერთი ჩეჩენი ბიჭის ძმა იმყოფებოდა ფინეთში და სწორედ მისი დახმარებით მიდიოდნენ საზღვარგარეთ. ”ეხლა უკვე ეჭვიც კი გვეპარება, რომ მართლა ფინეთში იყო. გვირეკავდა და და-ძმას ეუბნებოდა, _ თქვენ არ დამირეკოთ, როცა შანსი მომეცემა, მე დაგირეკავთო. ამბობდა, ფინეთში როგორც საქართველოს მოქალაქე, ისე ჩავედი და რომ გაიგონ აქ ვარ, გამომაგდებენო,”_ ამბობს „გურია ნიუსთან“ საუბარში თამარ მარგოშვილი. ასლან მარგოშვილის დედა, ლელა მარგოშვილი პედაგოგია. ის ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ძალიან უნდოდა მის შვილებს უმაღლესი განათლება მიეღოთ და ამისთვის ბევრს შრომობდა , 5 სოფლის მოშორებით მდებარე სკოლაში ფეხით დადიოდა და ხელფასს სტუდენტ შვილებს უგზავნიდა თბილისში. ”ბევრს ვწვალობდი შვილების სწავლისთვის, უთენია გავდიოდი სახლიდან, რომ სკოლაში მივსულიყავი, ხშირად მგელს გადავყრივარ გზაზე, მინდოდა სტუდენტი შვილებისთვის არაფერი მომეკლო. მერე ფინეთში წავიდა, გვითხრა რომ იქედან სლოვაკეთში გადავიდა, როდის ჩამოვიდა საქრთველოში და რას საქმიანობდა, არაფერი ვიცი, საერთოდ აღარაფერი ვიცი… რასაც ნათესავები ისმენენ ტელევიზორში , მეც ის ვიცი, მე ვერაფერს ვუყურებ, ისევ ცოცხალი მინდა მეგონოს შვილი და ველოდები ფინეთიდან,_ აცხადებს ასლან მარგოშვილის დედა “გურია ნიუსთან“ საუბარში.