პარტიამ ლანჩხუთში მაჟორიტარ კანდიდატად მინდია კეჭაყმაძე წარადგინა. იგი წარმოშობით ლანჩხუთელია, მაგრამ ამჟამად ოზურგეთში ცხოვრობს და ლანჩხუთელმა ამომრჩეველმა მის შესახებ ბევრი არაფერი იცის.
როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, პარტიის თავმჯდომარის, კახა კუკავას სურვილი იყო, ლანჩხუთელების წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში მაკა კვირკველია ყოფილიყო, მაგრამ მისი ოჯახური მდგომარეობის გამო, იძულებული გახდნენ, კანდიდატი შეეცვალათ და არჩევანი მინდია კეჭაყმაძეზე შეეჩერებინათ. მაკა კვირკველია არც პარტიის 200-კაციან სიაში მოხვდა. ამის მიზეზადაც იგი ოჯახურ მდგომარეობას ასახელებს (დედამისმა მძიმე ავადმყოფობა გადაიტანა და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს).
კვირკველიას განცხადებით, პარტია “თავისუფალი საქართველო” აბსოლუტურად განსხვავებული ხედით გამოირჩევა დანარჩენი პარტიებიდან _ ისინი უარს ამბობენ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე, პროამერიკულ კურსზე. შეეცდებიან, რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის ჩამოყალიბებას, დაიწყებენ მოლაპარაკებებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების შესახებ, ქართულ პროდუქციას დააბრუნებენ რუსეთის ბაზარზე… ეს იმ დაპირებების მცირე ჩამონათვალია, რასაც “თავისუფალი საქართველო” ამომრჩეველს პარლამენტში მოსვლის შემთხვევაში სთავაზობს.
კითხვაზე, იქნება თუ არა გათვალისწინებული მოსახლეობის აზრის ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმის შემთხვევაში, დეპუტატობის კანდიდატის თვალსაზრისი ასეთი იყო: “საქართველოს მოქალაქეებში განელდა პროამერიკული განწყობა. ამიტომ, ახლა რომ ჩატარდეს პლებისციტი, განსხვავებულ შედეგებს მივიღებთ _ მოსახლეობის დიდი რაოდენობა აღარ ენდობა ამერიკის მთავრობას და ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია”.
მაკა კვირკველია იზიარებს საკუთარი პარტიის ლიდერის აზრს, რომ ამერიკა რეალურ დახმარებას არ უწევს საქართველოს და აქ მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებს.
რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ტოტალურ უმუშევრობას და სიღარიბეს, “თავისუფალი საქართველოს” წარმომადგენლების აზრით, აუცილებელია სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგების _ მეჩაიეობის, მეხილეობა-მებოსტნეობის, საკონსერვო მრეწველობის აღდგენა და განვითარება.
“თავისუფალი საქართველოს” დეპუტატობის კანდიდატმა განაცხადა, რომ დაპირებულ სოფლებში გადამამუშავებელი საწარმოები ამუშავდება, სადაც მოსახლეობა მისაღებ ფასებში ჩააბარებს მოწეულ პროდუქციას. პარლამენტში მოსვლის შემთხვევაში, ისინი აპირებენ პროდუქციის ფასები სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოექცეს, ისე, რომ ეს უარყოფითად არ აისახოს გლეხის შემოსავლებზე.
კეჭახმაძეს არაფერი უთქვამს ჯანდაცვისა და განათლების სფეროში გასახორციელებელ ცვლილებებზე. ეტყობა სოციალური საკითხები მათ პრიორიტეტთა რიცხვში არ შედის.
“თავისუფალი საქართველოს” წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ ისეთი ამომრჩევლის მიმხრობას შეძლებენ, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წარმოებულმა პოლიტიკამ იმედები გაუცრუა, მათი გათვლებით კი, ასეთი, საქართველოს მოსახლეობის, დაახლოებით, 30-35 პროცენტია.