საქართველოს მთავრობამ და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არაფერი გააკეთეს, რათა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები გახსნილიყო რუსეთის ტერიტორიაზეც. ასეთი მზაობა არც 12 სექტემბერს ცსკო–ს მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებაში ჩანს, რა დროსაც ცნობილი გახდა საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის შესახებ. ფაქტობრივად, მიღებული გადაწყვეტილებებით, საარჩევნო ხმის უფლების გარეშე დარჩა რუსეთის ტერიტორიაზე ქართველი ამომრჩევლის 10%. ცნობილია, რომ რუსეთის ფედერაციაში, საქართველოს ერთ–ერთი მძლავრი დიასპორა ცხოვრობს. მოსკოვში, დაახლოებით, 300.000 ქართველია, რუსეთის მთლიან ტერიტორიაზე კი 600.000–დან 800.000–მდე ქართველი“, _ განცხადებას ამის შესახებ „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებენ.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ქართული დიპლომატიის სისუსტეზე მეტყველებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2012 წლის 10 სექტემბრის განცხადება, რომლის თანახმადაც, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო, შეუძლებელია უზრუნველყოფილიყო თუნდაც მოსკოვში საარჩევნო უბნების გახსნა და საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში უსაფრთხოდ მიეღო მონაწილეობა. არგუმენტად არ გამოდგება განცხადებაც, თითქოსდა რუსეთში შვეიცარიის საელჩოს ქართული სექციის მუშაობა გამართული არ არის. მიგვაჩნია, რომ ყველა პრობლემატურ საკითხთან დაკავშირებით, ძალისხმევა არჩევნების დანიშვნის დღიდან უნდა დაწყებულიყო. საზოგადოებისთვის უცნობია ის ღონისძიებებიც, რომელიც ამ მიმართულებითაც გადაიდგა. ქართული სახელმწიფოს უმოქმედობა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ რუსეთში საარჩევნო უბნების გაუხსნელობა განზრახ გადაწყვეტილება იყო, რაც არ ჯდება არც ხელისუფლების მხრიდან ოკუპანტ სახელმწიფოსთან ურთიერთობების აღდგენის დეკლარირებულ პრინციპებში და კიდევ უფრო მეტად გვაშორებს სახალხო დიალოგს და ტერიტორიების დეოკუპაციის პროცესს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა საზოგადოებას მიეწოდოს რეალური ინფორმაცია, თუ რის საფუძველზე მოხდა საქართველოს ამომრჩევლის 10%-ის ხმების იგნორირება რუსეთის ტერიტორიაზე, რა დიპლომატიური შესაძლებლობები იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ საარჩევნო უბნები გახსნილიყო რუსეთის ფედერაციაშიც, ვინ არის პასუხისმგებელი არჩევანის გარეშე დარჩენილი რუსეთში მცხოვრები ქართველების წინაშე და არის თუ არა დარჩენილი რესურსი იმისთვის, რომ არჩევნებამდე 16 დღეში მოხდეს რაიმე გარდატეხა – გაიხსნას საარჩევნო უბნები.
ახალგაზრდა ადვოკატების განცხადებით: „2012 წლის 11 სექტემბერს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიიღო საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ ამომრჩეველთა სია საკონსულოების მიხედვით. სიაში შემავალი ამომრჩევლების საერთო რაოდენობამ 54,963 შეადგინა, რომელსაც აკლდება იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებიც იმყოფებიან რუსეთში და იმ ქვეყნებში, სადაც საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ ამომრჩეველთა რაოდენობა 20-ზე ნაკლებს შეადგენს; შეჩერებული აქვთ საკონსულო აღრიცხვა იმის საფუძველზე, რომ შსს-ს მონაცემებით, ისინი 2012 წლის პირველი ივნისის შემდეგ, იმყოფებიან საქართველოში. საბოლოოდ, საკონსულოების მიერ მოწოდებულ სიებში აქტიური საარჩევნო უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობამ 42,613 შეადგინა, რომელთა შორის საკონსულო საარჩევნო რეგისტრაცია 2012 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით 1,409 ამომრჩეველმა გაიარა.“