ხვალვე, აღნიშნული საკითხის განხილვამდე, 12:00 საათზე მედიისა და არასამთავრობოების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ შეხვდებიან ცსკო-ს თავმჯდომარეს ზურაბ ხარატიშვილს.
“რეგიონული მედიის ასოციაციის” თავმჯდომარის, ია მამალაძის განცხადებით ცსკო-ს მიერ ამ პროექტის მიღება ჰარაკირის ტოლფასი იქნება.
“გურია ნიუსი” გაგაცნობთ ამ პროექტის მუხლებს:
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული დადგენილება-პროექტის
მე-3 მუხლის თანახმად, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მისვლის პერიოდიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში ფოტოვიდეოგადაღება განიხილება საარჩევნო პროცესის ხელისშეშლად გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებისა:
1. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ დაუბრკოლებრივ გადაიღონ კენჭისყრის პროცესის ის პერიოდი საარჩევნო უბნებში, სადაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ამომრჩევლები, პოლიტიკური თანამდებობის პირები, (საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური გაერთიანებების ხელმძღვანელები, რელიგიური ლიდერები და ა. შ _ წყვეტს კომისიის თავმჯდომარე) აძლევენ ხმას, რის შემდგომაც ფოტოვიდეოგადამღები აპარატები უნდა გატანილ იქნას კენჭისყრის დღიდან.
2. ერთიდაიგივე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებას უფლება აქვს ერთ საარჩევნო უბანზე ფოტოვიდეოგადაღება ერთხელ აწარმოოს არა უმეტეს 5 წუთისა. ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში, საუბნო კომისიის თავმჯდომარე წინასწარ გააფრთხილებს ამ დროისთვის კენჭისყრის შენობაში მყოფ ამომრჩევლებს ვიდეოგადაღების დაწყების თაობაზე და თუ ყველა ამომრჩეველი განაცხადებს თანხმობას, ასეთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ფოტოვიდეოგადაღების განხორციელება. აღნიშნულ პერიოდში, საარჩევნო უბანზე, ერთდროულად შეიძლება იმყოფებოდეს 2 პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების ფოტოვიდეოგადამღები აპარატურა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ცსკო-ს თავმჯდომარესთან, ზურაბ ხარატიშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე ია მამალაძე, გაზეთ “რეზონანსის” რედაქტორი ლაშა ტუღუში და კოალიციის _ “არჩევნის თავისუფლებისათვის” წევრი მაგდა პოპიაშვილი.
რეგიონული მედიის ასოციაციის თავჯდომარის, ია მამალაძის განცხადებით, ამ დადგენილების მიღება, რასაც ცსკო აპირებს, გარდა იმისა, რომ მედიის უფლებების შელახვაა, საბოლოოდ დაუკარგავს ცსკო-ს ნდობას საზოგადოების თვალში და ეს მათთვის ჰარაკირის ტოლფასი იქნება.