შეხვედრის დაწყებამდე, გიორგი თარგამაძემ, მე ჟურნალისტ ტატო ცეცხლაძეს, მითხრა, რომ თავი უნდა შევიკავო მის მიმართ არაკორექტული განცხადებებისაგან და მირჩია, რომ ჭკუით ვყოფილიყავი. ასევე მითხრა, რომ ის პოლიტიკოსი იყო და თმენის ვალდებულება ჰქონდა, თორემ სხვაგვარად მოიქცეოდა.
მე, როგორც ჟურნალისტი, პოლიტიკოსთან დებატებში არ შევედი და პასუხი არ გამიცია. თანაც ზუსტად არ ვიცოდი, კონკრეტულად, რა კომენტარზე ჰქონდა საუბარი.
შეხვედრის შესახებ ოფიციალური კომენტარის გაკეთების შემდეგ, გაზეთ “ბათუმელების” ჟურნალისტმა ნათია ზოიძემ ჰკითხა თარგამაძეს, რა იყო მისი გაბრაზების მიზეზი, რაზეც მან უპასუხა, რომ მე, სოციალურ ქსელ ფეისბუქზე, ერთ-ერთი ადამიანის, რომელთანაც თარგამაძეს აქვს სამუშაო გამოცდილება, გავაკეთე არაკორექტული კომენტარი და კიდევ ერთხელ დასძინა, რომ მას, როგორც პოლიტიკოსს, თმენის ვალდებულება აქვს, თორემ სხვაგვარად მოიქცეოდა.
როგორც შემდეგ გავარკვიეთ თარგამაძის განრისხება ბიძინა ივანიშვილის პრესს სამსახურის ანა გოჩაშვილის სტატუსს მოჰყვა – “Es kidev ufro dapataravda 🙁 cru giorgi”, სადაც მე კომენტარად მეწერა “რა ქნას, ანუკი, პოლიტიკაში ყველაფერი დაკარგა და ჟურნალისტიკაში აღარ დაებრუნება”.
მე, ტარიელ ცეცხლაძე, როგორც ჟურნალისტი, ვაცხადებ, რომ ჩემთვის მიუღებელია ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის თუ პარტიის წევრის მხრიდან რაიმე სახის წეზოლა ან მუქარა. თუკი ვინმეს აქვს პრეტენზია ჩემს მიერ გაშუქებული მასალის არაობიექტურობასა და მიკერძოებულობაზე, მზად ვარ განვიხილოთ, თუმცა, პროფესიის მიღმა მე ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, რომელსაც გამაჩნია საკუთარი აზრი და პოზიცია.
ვთხოვ პოლიტიკოსებს, პატივი სცენ ჩემს გამოხატვის თავისუფლების უფლებას და მოერიდონ ჟურნალისტზე ნებისმიერი სახის მუქარასა და ზეწოლას!