_ პირველ რიგში, რაც შემიძლია ვთქვა, სამართლიანობა აღდგა. დაუბრუნდა ტელევიზია თავის კანონიერ მფლობელს. 2011 წლის 25 ნოემბერს დაუკავშირდა ბატონი რამაზ ნიკოლაიშვილი ჩვენს დამფუძნებლებს და მოთხოვა წილის გადაფორმება, რაზეც მიიღო სასტიკი უარი. 5 დეკემბერს ტელევიზია ჩამოგვართვეს. არჩევნების შემდეგ, პიროვნული შეთახმება მოხდა და თვითონ რამაზ ნიკოლაიშვილისგან მოხდა ამ საკითხის მოგვარება, – თქვა ჟურნალისტებთან ზურაბ გობრონიძემ.
_ ბატონო ზურაბ, იქნება დააკონკრეტოთ რა საუბარი იყო რამაზ ნიკოლაიშვილსა და ტელეკომპანია “გურიის“ დამფუძნებლებს შორის?
_ ბატონ ზაზა სიორიძესთან ჰქონდათ საუბარი და ზუსტად არ ვიცი, რაზე ისაუბრეს.
_ რატომ აქამდე არ გააჟღერეთ ეს ინფორმაცია?
_ ზეწოლებს ჰქონდა ადგილი, სასამართლო არასწორად იღებდა გადაწყვეტილებას. რაც მთავარია, ტელევიზია დაგვიბრუნდა.
“გურია ნიუსმა” პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია “გურიას” ყოფილ დირექტორს ავთანდილ გველებიანის ერთი კითხვით მიმართა, _ იცოდა თუ ამ ყველაფრის შესახებ, რაზეც მან გვიპასუხა: – მე ვიცი ის, რომ ტელევიზია დაუბრუნდა ხათუნა სიორიძეს…
“გურია ნიუსი“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრსთან, რამაზ ნიკოლაიშვილთან შეეცადა დაკავშირებას, მაგრამ მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.
პრესკონფერენციის ჩატარებამდე, “გურია ნიუსი” “მზერას” გენერალურ დირექტორს ელდარ მდინარაძეს დაუკავშირდა, რომელიც ტელეკომპანია “გურია”-ში ახალი გადაცემების გაკეთებას და თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებას აპირებს. მას ჩვენთან საუბრისას არ უთქვამს, ტელეკომპანია “გურიაში”რამაზ ნიკოლაიშვილის ინტერესი თუ იდო.
_ საქმე დაწყებული გვქონდა, მაგრამ არ მოგვეცა ამის გაკეთების საშუალება, რაღაც დაგეგმეს, რა თქმა უნდა, მინდოდა გამეკეთებინა კარგი ტელეკომპანია თავისი ახალი ტექნოლოგიური სისტემით და ა.შ. დაწყებული გვქონდა საქმე, მაგრამ, ვიღაცა მოიყვანეს, გადააფორმ-გადმოაფორმეს და წაიღეს.
რამდენიმე დღეში ჩამოვალთ და ვაპირებთ მთლიან განახლებას. თვეების წინათ ამას ვაპირებდით, თანამედროვე ტელევიზიისთვის ვიწყებდით მუშაობას და არა მიცვალებულების დეპეშების საკითხავად. ასეთი იმიტომ არის ჩემი ტონი, რომ ამ ყველაფერმა წაიღო ჩემი ნერვები. აი, ეს იგეგმება, რომ გაკეთდეს ყველაფერი საუკეთესო. შეგიძლიათ დაწეროთ და ყველას უთხრათ, ყველაზე საუკეთესო რეგიონული ტელევიზია გაკეთდება და ამის პასუხისმგებელი ვიქნები მე.
_ დარჩება თუ არა ის ჟურნალისტები და კადრები, რომლებიც მუშაობენ ტელეკომპანია “გურიაში“?
_ ვინც გაივლის ტესტირებას, დარჩება და ვინც არ გაივლის ტესტირებას, წავა. მოხდება კადრების გადამზადება, რათა ტელევიზიაში იყვნენ პროფესიონალები.
_ ბატონო ელდარ, როგორ დაიბრუნეთ ეს ტელევიზია?
_ როგორ წაიღეს, ისე დააბრუნეს. მე, საერთოდ წარმოადგენა არ მქონდა, ისე ჩაატარეს პროცედურები. ეს ვიცი, რომ ტელევიზიაში იგეგმება ახალი გადაცემების გაკეთება და მალე ჩამოვალ გურიაში.
_ ბატონო ელდარ, ტელევიზიაში პოლიტიკური გადაცემები იქნება?
_ რა პოლიტიკური? ორი გურული სადაც დგას, იქ უკვე პოლიტიკაა, მაგრამ ტელეკომპანიაში იქნება თოქ-შოუები, გადაცემები, საინფორმაციო გადაცემა, ყველაფერი იქნება. რატომ დაგიჩემებიათ ეს პოლიტიკა? იქნება პოლიტიკა, დავაკონკრეტებ საინფორმაციო გადაცემა, თოქ-შოუები და რაც ტელევიზიაში უნდა გავიდეს. _ გვითხრა ელდარ მდინარაძემ.
ტელეკომპანია “გურიასთან“ დაკავშირებით განცხადებას ვანო ჩხარტიშვილის პრესსპიკერი გიორგი გიორგაძეც ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ 2011 წლის დეკემბერში, უზენაესი სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილების შედეგად, მათი მხარე, ტელეკომპანია “გურიას” ჩამოაშორეს.
_ ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ქვეყანაში დაიწყო წართმეული საკუთრების ნებაყოფლობითი დაბრუნების პროცესი. იმედს გამოვთქვამთ, რომ ტელეკომპანია “გურიის” პრეცენდენტს მაგალითად აიღებენ ტელეკომპანია “მზის” დღევანდელი მეპატრონეები და სახელისუფლებო ბერკეტების გამოყენებით მიტაცებულ ტელეკომპანია ”მზესაც” ასევე ნებაყოფლობით დაუბრუნებენ მის კანონიერ მესაკუთრეს. სხვა შემთხვევაში, მრავალგზის საჯაროდ გვაქვს გაცხადებული, რომ ტელეკომპანია “მზის” დასაბრუნებლად ყველა კანონიერ ბერკეტს ბოლომდე გამოვიყენებთ და გავაგრძელებთ პროცესებს როგორც საერთაშორისო სასამართლოებში, ისე ქართულ სასამართლოებში, რომელთა ობიექტურობის იმედიც 1 ოქტომბრის შემდეგ ყველას გაგვიჩნდა,_ ნათქვამია გიორგი გიორგაძის გავრცელებულ განცხადებაში.