აფციაურის განცხადებით, “ეს ადამიანი არა მარტო არცხვენს საკუთარ პროფესიას, არამედ ის საშიშია საზოგადოებისთვის.” აფციაურის აღნიშნული განცხადება გიორგი ყავლაშვილის “ობიექტივისთვის” მიცემულ ინტერვიუს მოჰყვა.
ადვოკატ აფციაურის განცხადებას მისივე კოლეგა ლევან ალაფიშვილი გამოეხმაურა. ფეისბუქზე გავრცელებულ განცხადებაში ალაფიშვილი ადვოკატთა ასოციაციას აპოლიტიკურ ორგანიზაციად დარჩენას ურჩევს.
“დღევანდელ პოლიტიკურად დამუხტულ საზოგადოებაში ბევრი ცდილობს საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვედრას. არის სფეროები, სადაც ეს სახიფათოა,” _ წერს ლევან ალაფიშვილი და ადვოკატთა ასოციაციას მოუწოდებს, არ გახდეს პოლიტიკური პროცესების მონაწილე და ანგარიშწორების ინსტრუმენტი.
“ადვოკატთა ასოციაცია უნდა დარჩეს ადვოკატთა პროფესიულ გაერთიანებად, რომლის უმთავრესი მისია უნდა იყოს ადამიანის უფლებებზე, პროფესიაზე და ერთმანეთზე ზრუნვა, პროფესიულ შეცდომებზე მითითება და ამ გზით სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა. განსაკუთრებულად ვუსვამ ხაზს, რომ განსახილველი შემთხვევა, რომელშიც გიორგი ყავლაშვილი ფიგურირებს, როგორც კომპანიის დირექტორი და არა როგორც ადვოკატი, რომელიც საადვოკატო საქმიანობას ახორციელებდა, ვერ გახდება ადვოკატთა გაერთიანების მსჯელობის საგანი,” _ ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების ავტორი აღნიშნავს, რომ ვერ გაიზიარებს ლალი აფციაურის პოზიციას რადგან ის პოლიტიკური გაერთიანება “თავისუფალი საქართველოს” წევრია და ადვოკატთა ასოციაციის სხვა წევრთან, შალვა ხაჭაპურიძესთან ერთად კენჭს იყრიდა თეთრიწყაროს რაიონში.
“ამ ფონზე ეთიკის კომისიისადმი საჯაროდ მიმართვა, მაშინ როდესაც არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს წერილობითი, მედიის გარეშე კომუნიკაცია ეთიკის კომისიასთან, პოლიტიკოსის (როგორც პარტიის საარჩევნო სიაშია მითითებული ქალბატონი ლალი პარტიის წევრი გახლავთ) საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოქცევის მცდელობაა. თუმცა ამავე დროს რჩება შთაბეჭდილება, რომ არის მცდელობა ადვოკატთა მრავალრიცხოვანი გაერთიანება გამოყენებულ იქნეს ანგარიშსწორების ინსტრუმენტად, პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად, რაც დაუშვებელია,” _ ნათქვამია განცხადებაში.
ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მიხედვით ადვოკატს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ საადვოკატო საქმიანობისას ჩადენილი გადაცდომისათვის.ხოლო ის შემთხვევა, რომელზეც ლალი აფციაური საუბრობს, ალაფიშვილის აზრით ვერ გახდება ეთიკის კომისიის მსჯელობის საგანი.