რა გეგმები აქვს კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის მიერ წარდგენილ ახალ მინისტრთა კაბინეტს, ამასთან დაკავშირებით “გურია ნიუსი” ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს, ნოდარ ხადურს ესაუბრა.
_ ბატონო ნოდარ, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის მინისტრთა ახალი კაბინეტი არ გეგმავს კომუნალური გადასახადების ფასების დაწევას. არ აპირებს ნაგვის და დენის გადასახადის ერთმანეთისგან განცალკევებას.
_ გადასახადები აუცილებლად განცალკევდება. მედიის მხრიდან ბატონი დავით ონოფრიშვილის განცხადების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა. იგი საუბრობდა გადასახადებზე, რომელიც საგადასახადო კოდექსით არის გათვალსიწნებული და არა ენერგოტარიფებზე. თავისთავად ცხადია, გაზზე და ელექტროენერგიაზე დაიწევს ფასები. აუცილებლად გამოეყოფა ნაგვის გადასახადი დენის გადასახადს. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია.
არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთეს ჟურნალისტებმა. ტერმინი გადასახადი, ჩვენთვის ფინანსისტებისთვის ნიშნავს იმას, რომ ეს არის დაწერილი დამატებითი ღირებულების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი, მოგების, აქციზის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში დენის და გაზის ფული. აუცილებლად გაიაფდება დენიც, გაზიც და ნაგვის გადასახადიც მოშორდება ერთმანეთს.
_ საქართველოში გაძვირდა პური. ამბობენ, რომ ეს ბიზნესი მონოპოლიზირებულია და ამის გამო ხდება ფასების ზრდა.
_ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ეს არის იმპორტის არადივერსიფიცირება. ანუ, ბევრი ადგილიდან უნდა შემოდიოდეს. მონოპოლიზირებული რომ არის, ამ თემას ჩვენ მივხედავთ. კანონმდებლობა ძალიან სერიოზულად შეიცვლება. დაიხვეწება და პირობას გაძლევთ, პურიც გაიაფდება და ბევრი სხვა რაღაც…
_ თბილისის მერმა განაცხადა, რომ ნაგვის ფიქსირებული გადასახადი თითო ოჯახზე უნდა იყოს 7 ლარი. თქვენ ამ საკითხთან დაკავშირებით გქონდათ მერიასთან კონსულტაციები?
_ ვნახოთ. მოგვიტანონ გაანგარიშება. მე არ მქონია შეხვედრა. შეიძლება ჩვენი მაჟორიტარები, ან საკრებულოს წევრები შეხვდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ტარიფი უნდა იყოს სამართლიანი და ეფექტიანი.
_ ბატონო ნოდარ, მედია საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოში შესაძლოა სათამაშო ბიზნესი დაიხუროს, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით?
_ ყველაფერს აქვს ორი მხარე. სახელმწიფო ხომ არ არის ბიზნესი, რომელიც მხოლოდ მოგებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. სახელმწიფოს აქვს თავისი ფუნქციები. ამ ფუნქციების შესასრულებლად რა არის საჭირო, როგორ არის საჭირო, ამას ყველაფერს დათვლა და გაანგარიშება სჭირდება, რა შემოსავალი შეიძლება მივიღოთ კაზინოებისაგან, რამდენად არის ეს შემოსავალი იმის ალტერნატივა, რასაც ის აფუჭებს ან აკეთებს. ყველა პლიუსი და მინუსი უნდა ავწონ-დავწონოთ და ისე მივიღოთ გადაწყვეტილება.
_ ფინანსთა სამინისტროში გეგმავთ კადრების შემცირებას?
_ არცერთი პროფესიონალი სამსახურს არ დატოვებს, მაგრამ თუ იქ არიან არაპროფესიონალები და ზარმაცები, ამისთვის არსებობს სხვა მექანიზმები. მზად ვარ, თითოეულ თანამშრომელთან ვითანამშრომლო. მე ვიცნობ ფინანსთა სამინისტროს ძალიან ბევრ თანამშრომელს. მათთან ერთად მიმუშავია. ვიცნობ ამ სამინისტროს. თავისთავად იქნება საკადრო ცვლილებები, თუმცა ეს არ შეეხება ძირითად მასას.
_ ფინანსთა სამინისტროში თუ დაგხვდათ საქმეები, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს (კითხვის დასმა არ დაგვასრულებინა.ავტ)
_ ყველა ასეთი საქმე გადაეცემა პროკურატურას. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ასეთებიც იქნება ფინანსთა სამინისტროში. თუნდაც ის ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც ტელევიზიებისთვის გადასახადების ჩამოწერას შეეხება. აუცილებლად შევისწავლით ამ საკითხს.