რა გეგმები აქვს და როგორ აპირებს იგი საავადმყოფოების ოპტიმიზაციისა და რესტრუქტურიზაციის შედეგად კერძო სადაზღვევო კომპანიების ხელში გადასული სამედიცინო სფეროს რეფორმირებას, ამასთან დაკავშირებით “გურია ნიუსი” დავით სერგეენკოს ესაუბრა.
_ ბატონო დავით, რა ბედი ელის იმ ექიმებს, რომლებიც კერძო სადაზღვევო კომპანია “ალდაგი ბისიაის” მიერ გახორციელებული საავადმყოფოების რესტრუქტურიზაციის შედეგად სამსახურის გარეშე დარჩნენ?
_ ზოგადად, დამქირავებელი და დაქირავებული ურთიერთობას თავად არეგულირებენ, თუმცა ამის ფუნდამენტი არის შრომის კანონში, რომლის რედაქტირება დაქირავებულის სასარგებლოდ ჩვენი პრიორიტეტი იქნება. დამქირავებელი არ უნდა იყოს აბსოლუტურად შეუზღუდავი, თუმცა ეს ორმხრივი ურთიერთობა არის და უმეტესობა რეგულირდება დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის მოლაპარაკებით, მაგრამ შემზღუდავი ფაქტორი უნდა იყოს შრომის კოდექსი, რომელიც აუცილებლად გადაიხედება.
_ ფაქტობრივად, საავადმყოფოები კერძო სადაზღვევო კომპანიების ხელშია. როგორ დაარეგულირებს სახელმწიფო კერძო კომპანიასთან ურთიერთობას?
_ ეს დარეგულირებადია. ზოგადი შეფასება რომ ავიღოთ, საქართველოში ექიმების რაოდენობა და მათზე მოთხოვნილება დაახლოებით თანაბარია, 1/1-ზეა. მიუხედავად ამისა, არასწორი გადანაწილებაა. დიდ ქალაქებში, რაიონულ ცენტრებში ბევრად მეტი ექიმია, სამაგიეროდ სხვაგან, 50 კილომეტრის რადიუსში არ არის. ამით იმის თქმა მინდა, რომ სწორი მოლაპარაკებისა და ორგანიზაციის შემთხვევაში, არავინ არ უნდა დარჩეს დაუსაქმებელი. პირიქით, მათი მუშაობა უფრო ეფექტური უნდა იყოს.