ევროპაში “კავკასიის იმარათის” წარმომადგენელი და დოკუ უმაროვის უახლოესი მეგობარი ჩატაევი ჩეჩნეთში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და ხელიც იქ დაკარგა. ჩატაევის რუსეთში ექსტრადიცია რამდენიმე ქვეყანამ სცადა, თუმცა უფლებადამცველების აქტიურმა ჩარევამ ეს პროცესი ჩაშალა.
ახმედ ჩატაევი ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთადერთი ცოცხალი მოწმეა, რომელთანაც გამოძიებას უამრავი კითხვა აქვს; ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უმნიშვნელოვანეს მოწმეზე საკუთარი ნებით თქვას უარი.
“გურია ნიუსი” კავკასიის ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარეს ზაალ კასრელიშვილს დაუკავშირდა. კასრელიშვილი ფიქრობს, რომ ჩატაევის რუსეთში ექსტრადირება ჩვენი ქვეყნის პრესტიჟისთვის დამღუპველი იქნება.
“სააკაშვილის ხელისუფლებამ, ლაფანყურის სპეცოპერაციასთან ერთად, ჩატაევის საკითხიც ძალიან სერიოზულ პრობლემად დაგვიტოვა. ჩატაევის გადაცემა არც კავკასიელებში აღიქმება კარგ აქტად და არც ევროპელ უფლებადამცველებში. თუკი ბულგარეთმა არ გადასცა, თუკი უკრაინამ არ გადასცა და შვედეთმა არ გადასცა რუსეთს, ჩვენ რომ გადავცეთ, მერწმუნეთ, ამას არ მოჰყვება კარგი რეზონანსი,” _ აცხადებს კასრელიშვილი “გურია ნიუსთან” საუბარში.
მძიმედ დაჭრილი ჩატაევი სამართალდამცველებს ლაფანყურის სპეცოპერაციიდან მეათე დღეს ჩაბარდა. მას საბრძოლო მასალის უკანონო შენახვა-ტარებაში დასდეს ბრალი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ახმედ ჩატაევის საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე განსასჯელის ინტერესებს უკვე სამი ადვოკატი იცავდა, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის წარმომადგენელი ნინო ანდრიაშვილი. ანდრიაშვილმა რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა, მათ შორის კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის მოწმის სახით დაკითხვა და 10-ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, განსასჯელის პატიმრობიდან გათავისუფლება. მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ დაცვას პირველი შუამდგომლობა დაუკმაყოფილა (შესაბამისად, მომდევნო სხდომებზე ჟურნალისტი მოწმის სახით დაიკითხება); თუმცა, ამავდროულად გააფრთხილა, რომ სხვა შემთხვევაში, პრესით გავრცელებულ ინფორმაციას, ვიდეო ან აუდიო ჩანაწერის წარმოდგენის გარეშე, სასამართლო მტკიცებულებად ვერ მიიღებდა. რაც შეეხება პატიმრის გათავისუფლებას, მოსამართლის განმარტებით, დაცვის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის და დუისში მისი ცოლ-შვილის არსებობის შესახებ, ახალ გარემოებებს არ წარმოადგენდა. მოსამართლე ჯორბენაძემ განაცხადა, რომ ჩატაევის ხასიათისა და მისი საერთაშორისო კავშირების გათვალისწინებით, არსებობს დიდი ალბათობა, რომ იგი გამოძიებას დაემალება.
ახმედ ჩატაევს ავსტრიაში ლტოლვილის სტატუსი აქვს. საქმის მასალების მიხედვით, მან 2012 წელს რამდენჯერმე გადმოლახა საქართველოს საზღვარი _ მარტში, ივნისში, ივლისსა და აგვისტოში. აღსანიშნავია, რომ ჩვენი რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, პანკისელი ქისტების და ჩეჩნების ჯგუფი ავსტრიიდან საქართველოში სწორედ მარტში ჩამოვიდა; რაღაც პერიოდის შემდეგ, მათ ქვეყანა დატოვეს და აგვისტოს დასაწყისისთვის დაბრუნდნენ უკან. ამ ჯგუფთან ერთად ჩამოფრინდა ჩატაევი თუ ცალკე, ამის დადგენა გამოძიების პრეროგატივაა.
დღევანდელ პროცესზე, დაცვის მხარემ ბრალდების მიერ წარმოდგენილი რამდენიმე მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა მოითხოვა. მოსამართლის განმარტებით, დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა არგუმენტები კონკრეტულად რა დარღვევებს ჰქონდა ადგილი მტკიცებულებების მოპოვების დროს და შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
აღსანიშნავია, რომ პროცესს პანკისიდან ჩამოსულებიც დაესწრნენ, მათ შორის, ჩატაევის დუისელი მეუღლე და ნათესავები. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ პატიმარს დღეს გაათავისუფლებდნენ.
მოსამართლის განჩინებას, რომლითაც ჩატაევს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარი ეთქვა, სასამართლო დარბაზში მყოფი მექა ხანგოშვილის აღშფოთება მოყვა.
“ამ გადაწყვეტილებით თქვენი მზე ჩაესვენა კავკასიაში,” – უთხრა მან მოსამართლეს და დარბაზი ხმაურით დატოვა.
16 სექტემბერს, მექა ხანგოშვილის მამამ, რომელიც დუისში პეტრე ცისკარიშვილისა და ქისტების შეხვედრას ესწრებოდა, განაცხადა, რომ “ლაფანყურში მომხდარი ტრაგედია მხოლოდ ხელისუფლების ბრალი არ იყო და შედეგზე პასუხისმგებელი ის ორი პიროვნებაც იყო, რომლებსაც ნერვებმა უმტყუნა და ხელისუფლების ულტიმატუმს არ დათანხმდა”.
ზაალ კასრელიშვილი მიიჩნევს, რომ ჩატაევის ციხიდან გათავისუფლება შეიძლება მისთვისვე იყოს საზიანო.
“მე ვფიქრობ, რომ თვითონ ჩატაევისთვისაც სჯობია დარჩეს იქ, სადაც ამჟამად არის; იქ უფრო უსაფრთხო გარემოა მისთვის. ძალიან დიდი ალბათობაა, რომ მისი გათავისუფლების შემდეგ, მასზე ნადირობა დაიწყება. მე რომ ახალი ხელისუფლების ადგილას ვიყო, ჩატაევს რუსეთს კი არ გადავცემდი, არამედ ადგილზე მეყოლებოდა იქამდე, სანამ ლაფანყურის ფსევდოოპერაციას საბოლოო ვერდიქტს არ გამოვუტანდი,” _ ამბობს კასრელიშვილი.