ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ჯერ კიდევ ზაფხულში წარადგინა საკრებულოს 2013 წლის ბიუჯეტი. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ არსებული ბიუჯეტის პროექტი დაიწუნა და კორექტივების შესატანად საკრებულოს უკანვე დაუბრუნა.
თავდაპირველად, ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო ტრანსფერი 5 მილიონ 250 ათასი ლარი და ადგილობრივი შემოსავლები _ 800 ათასი ლარის ოდენობით. მთლიანად 2013 წლის ბიუჯეტი 6 მილიონ 216 ათას ლარს შეადგენს.
ხელისუფლების ცვლილების შედეგად, მართალია, ტრანსფერი იგივე დარჩა, მაგრამ წინა მთავრობის დროს ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით გადმორიცხულ 650 ათას ლარს, რომელსაც გამგეობა საკუთარი სურვილით და შეხედულებით ხარჯავდა, ადგილობრივი მთავრობა ვეღარ მიიღებს. საზოგადოებისათვის ბუნდოვანებითაა მოცული, რაში იხარჯებოდა ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული რეგიონული ხელისუფლებისათვის გადარიცხული მნიშვნელოვანი თანხები, რომელსაც, 2013 წლის იანვრიდან, ლანჩხუთის გამგეობა ვეღარ მიიღებს.
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი როლანდ ლაშხია განმარტავს, რომ ყველა გათვლით, 2013 წლის ბოლოს ადგილობრივი შემოსავლები 1 მილიონიდან 1 მილიონ 100 ათას ლარს მიაღწევს.
როგორც საკრებულოში აცხადებენ, ბიუჯეტი უნდა იყოს პროგრამული. ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერმა სამსახურმა 2013 წლიდან საკრებულოს უნდა წარუდგინოს ხარჯვის გეგმა და მოსალოდნელი შედეგები.
სწორედ ამ ფაქტორის არარსებობა გახდა 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის დაწუნების მიზეზი.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე პაატა ფირცხალაიშვილი აცხადებს, რომ 2012 წლის 9 თვის ბიუჯეტი 100 პროცენტით შესრულდა, რაშიც დიდი როლი გადმორიცხულმა ტრანსფერებმა ითამაშა.