ამის შესახებ უწყების პირველმა პირმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. “ძალიან მალე დიდი ჰესების მშენებლობა აუცილებელიც კი იქნება, რადგან ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. წელს, შარშანდელთან შედარებით მოხმარება 9 პროცენტითაა გაიზარდილი”.
რაც შეეხება მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობას. ამ მიმართულებით მუშაობა წინა ხელისუფლებამ დაიწყო. “15 ჰესის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. 30 ჰესზე მემორანდუმია გაფორმებული. ეს პროცესი ხელისუფლებაში ჩვენს მოსვლამდე დაიწყო. მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობა აუცილებლად გაგრძელდება. საუბარია დიდი ჰესები უნდა აშენდეს თუ არა? დღევანდელი გადმოსახედიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ 2–3 წლის შემდეგ საქართველოს ექნება აუცილებლობა ელექტროენერგიის ახალი რესურსი გამონახოს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ დიდი ჰესების მშენებლობა აუცილებელი იქნება… ყველა დიდი ჰესის მშენებლობა გარემოს დაცვის სტანდარტების მაქსიმალური გათვალისწინებით უნდა მოხდეს,” – ამბობს კახა კალაძე.
შეკითხვაზე, აშენდება თუ არა ხუდონჰესი? მინისტრი გვპასუხობს: “ვერ გეტყვით. ჯერ გადაწყვეტილი არ არის. გვინდა, რომ ეს საკითხი განვიხილოთ. მწვანეებს ჰქონდათ ბევრი კითხვა ამ საკითხის თაობაზე. მხოლოდ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო გადაწყვეტილებას არ მიიღებს… როგორც აღვნიშნე, ყველა იმ კომპანიამ, რომელსაც დიდი ჰესის მშენებლობა აქვს დასახული, ეს, გარემოს დაცვის სტანდარტების მიხედვით უნდა გააკეთოს. უნდა იყოს გამოკვლეული, რა ზიანი შეიძლება გამოიწვიოს მშენებლობამ ეკოლოგიური, სეისმოლოგიური თვალსაზრისით და ა.შ.”