“მე მყავს ხუთი მრჩეველი, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს ინიშნებოდა “დამსახურების” მიხედვით. მათ არანაირი ფუნქცია არ ჰქონდათ. საჭიროა მათი რაოდენობის შემცირება. ასევე, ვფიქრობ, არც ამდენი მოადგილეა საჭირო”, _ განაცხადა ხაბაძემ.
მთავრობის თავმჯდომარის მსგავსად, მოადგილეებისა და მრჩევლების რაოდენობის შემცირებას გეგმავს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი გიორგი თავართქილაძე. მას ამ ეტაპზე 4 მოადგილე და 6 მრჩეველი ჰყავს: “მე ვფიქრობ, რომ მათი რაოდენობა უნდა შემცირდეს. არ არის საჭირო ამდენი კადრი, რომელთაც არანაირი საქმე არ აქვს. მათი განთავისუფლებით ყოველწლიურად ხელფასებისათვის განკუთვნილი თანხა დაიზოგება, თუმცა, ეს ისე უნდა მოხდეს, რომ სამინისტროს მუშაობაში პრობლემა არ შეექმნას,” _ ამბობს აჭარის ფინანსთა მინისტრი.
ახალი მთავრობის განცხადებით წინა ხელისუფლება მთავრობასა და სამინისტროებში კადრების რაოდენობას ხელოვნურად ზრდიდა. მთავრობის განცხადებით, მსგავსი საკადრო შემცირებები სხვა სამინისტროებშიც იგეგმება.