“ჩვენ სკეპტიკურად ვიყავით განწყობილი ამ სიაზე მომუშავე ადამიანების ობიექტურობისა და მათ მიერ გამოყენებული სტანდარტების მიმართ. ამ პროცესს გაემიჯნა ორი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”. მუშაობის პროცესში “საია”-ს თავმჯდომარესთან და სამუშაო ჯგუფის წევრებთან რეკავდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან პატიმრები და ითხოვდნენ მათ სიაში ჩასმას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვერ ვენდობით ამ სიას,” _ აღნიშნა დავით საყვარელიძემ.
მისი განცხადებით, უმცირესობა ამ პროცესს ემიჯნება. საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი გაბაშვილის განცხადებით, საპარლამენტო კომიტეტში აღნიშნული საკითხის განხილვის დროს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებთან, რომლებიც პოლიტიკური პატიმრების სიასთან დაკავშირებით შეკითხვებს სვამდნენ, კომისიის წევრები არეკინებდნენ პატიმრებს და პატიმრების პატრონებს და აშინებდნენ.
პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა კომენტარი გააკეთა უმცირესობის წევრების განცხადებებზე: “მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს და პარლამენტარებს. თუ ვინმემ თავი იგრძნო დაშინებულად და თუ საქმემ ასეთი სახე მიიღო, პირადად მაცნობეთ ამ ფაქტების შესახებ. დაშინებით და ზეწოლით არც ციხეში უნდა აღმოჩნდეს ვინმე და არც ციხიდან უნდა გამოვიდეს,”_ აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.