მათი ქონება სხვა მფლობელის ხელში გადადიოდა, რომელიც ხშირად რომელიმე ჩინოვნიკის ნათესავი ან უახლოესი მეგობარი იყო. ბიზნესზე ზეწოლის პროცესში აშკარად და დაუფარავად იკვეთებოდა სახელმწიფო სტრუქტურების უკანონო ჩარევა.
ეკონომიკური კვლევის ცენტრმა ფონდ “ღია საზოგადოება _ საქართველოს” მხარდაჭერით ელიტური კორუფციის და ბიზნესზე სახელმწიფო ზეწოლის შესახებ ანგარიში მოამზადა.
ანგარიშის ავტორები თვლიან, რომ 2003-2012 წლებში, საქართველოში განხორციელებული რეფორმების მიუხედავად ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად ელიტური კორუფცია დარჩა. ანგარიში მოიცავს 2011-2012 წლების სასამართლო სტატისტიკის ანალიზს, ასევე, 2008-2012 წლების კონკრეტულ სასამართლო შემთხვევებს.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოდან გამოთხოვილი გადაწყვეტილებების უმეტესობა დაშიფრულია და არ იძლევა პირის იდენტიფიკაციის საშუალებას, ორგანიზაციამ მაინც შეძლო ზოგადი ტენდენციის ჩამოყალიბება. ბიზნესზე ზეწოლის მთელ რიგ შემთხვევებში პირდაპირ იკვეთება სახელმწიფოს ინტერესი და მონაწილეობა, მაშინ, როდესაც სხვა შემთხვევებში, ეს მხოლოდ მინიშნებით ჩანს ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოს მიკერძოებულობის მიხედვით. ანგარიშის ავტორები საუბრობენ შერჩევით სამართალზე როგორც ელიტური კორუფციის ერთ-ერთ სახეზე, და ამის მაგალითად ტელეკომპანიების _ “რუსთავი 2”-ის, “იმედის” და “კავკასიის” მაგალითი მოჰყავთ, როდესაც საგადასახადო ორგანოებმა მრავალმილიონიანი დავალიანებები ჩამოაწერეს პროსახელისუფლებო არხებს, მაშინ როდესაც ტელეკომპანია “კავკასია” 30 ათასი ლარის გადაუხდელობის გამო დააყადაღეს.
2008-2012 წლებში, ბიზნესზე ზეწოლის ისეთი უკიდურესი ფორმა ყალიბდება, როგორიცაა ბიზნესმენის დაპატიმრება და მისი სრული “გაკულაკება”. ბიზნესმენებს ძირითადად ეკონომიკური ხასიათის დანაშაულისთვის ასამართლებდნენ, თუმცა, ისინი, ვინც საპროცესო გარიგებას არ თანხმდებოდა, ან ჯაშუშებად აცხადებდნენ ან ნარკორეალიზატორებად.
ანგარიშის ავტორებმა განსაკუთრებით გაამახვილეს ყურადღება სასამართლოს როლზე, რაც არა მხოლოდ უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებებით გამოიხატა. მთელ რიგ შემთხვევებში, სახეზეა სასამართლოს მიერ საქმეების დაჩქარებული წესით განხილვა, რათა მხარეს პროცესისთვის მომზადება ვერ მოესწრო. ასევე, მოდავე მხარისთვის გადაწყვეტილების დაგვიანებით გადაცემა, რითაც მას გასაჩივრების საშუალება მოესპო.
ბიზნესზე ზეწოლის სქემაში კიდევ ერთი სახელმწიფო უწყების როლი იკვეთება _ ესაა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო რეესტრი, რომელიც წართმეული ქონების გადარეგისტრირებას უქმე დღეებში და არასამუშაო საათებში ახდენდა.
ბიზნესში მოწილის თავსმოხვევა პროკურატურის სახელით და კონკრეტული ადვოკატის ჩართვით _ ესეც ბიზნესზე ზეწოლის კარგად აპრობირებული მეთოდია.
ბიზნეს დავებში, სადაც სახელმწიფოს მაღალი ინტერესი ჰქონდა, მუდმივად ფიგურირებს ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი. ეკონომიკური კვლევის ცენტრმა მასთან დაკავშირება სცადა, თუმცა, ყავლაშვილმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
ბიზნესზე ზეწოლის კიდევ ერთ აპრობირებულ მეთოდს მასზე ყადაღის დადება წარმოადგენდა, ყადაღის ახსნა კი ხელოვნურად ჭიანურდებოდა, რასაც თავისთავად გაკოტრებამდე მიჰყავდა ბიზნესი.
მნიშვნელოვანი დარღვევები იკვეთება საგადასახადო დავებთან დაკავშირებითაც _ საგადასახადო ორგანოებმა, ფაქტობრივად, უარყვეს 2004 წელს გამოცხადებული საგადასახადო ამნისტია და სწორედ იმ საქმეების გადახედვა დაიწყეს, რისი დეკლარირებაც ამნისტიით წახალისებულმა ბიზნესმენებმა თავად მოახდინეს.
განსაკუთრებით შთამბეჭდავია სასამართლოს ჩართულობა ელიტური კორუფციის სქემაში. პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ, გასულ წელს, დაახლოებით 2,5- ჯერ მეტი გადაწყვეტილება გამოვიდა ადმინისტრაციული ორგანოს სასარგებლოდ.
2011-2012 წლების სასამართლო სტატისტიკის მიხედვით, საგადასახადო დავების 81% ადმინისტრაციული ორგანოების სასარგებლოდ გადაწყდა. ეს თავისთავად აისახება მომჩივანთა სასამართლოსადმი ნდობაზე და ნაწილობრივ შემდგომ ინსტანციებში მიმართვიანობაზე.
სააპელაციო სასამართლოებში 2012 წლის განმავლობაში შეტანილი სარჩელების სტატისტიკა მოწმობს რომ რაც უფრო მაღალი ღირებულებისაა დავა, მით ნაკლები სარჩელია შეტანილი მეორე ინსტანციაში.
ანგარიშის ავტორებმა შეისწავლეს საინიციატივო უფლებადამცველთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი 147-კაციანი დევნილ ბიზნესმენთა სია. ყველა შემთხვევაში იკვეთება ტენდენცია, რომ სამართლებრივი დევნის დაწყებამდე ყველა მათგანი ფლობდა მსხვილ ბიზნესს, დღეისთვის კი მათი ბიზნესი ან გასხვისებულია ან გაკოტრებული. ერთი და იმავე დანაშაულისთვის გასამართლებული ორი ბიზნესმენიდან ერთს 1-2 წელი აქვს მისჯილი, მეორე კი 17 წლიან სასჯელს იხდის.
ბიზნესდავებზე მომუშავე ადვოკატების აზრით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ბიზნესმენთა უმრავლესობა ღიად არ საუბრობს პრობლემაზე. მათ ურჩევნიათ ბიზნესი სახელმწიფოსთან გარიგების გზით შეინარჩუნონ. ვინც ამ გარიგებაში შესვლა არ ისურვა, ქვეყნიდან წასვლა მოუწია, თუმცა, ბიზნესი ამ შემთხვევაშიც დაკარგა.
როგორც წესი, ბიზნესმენები დღესაც, ხელისუფლები შეცვლის შემდეგაც ერიდებიან საკუთარი პოზიციების ღიად დაფიქსირებას, რაც მსგავსი საქმეების გამოძიებას საკმაოდ ართულებს.