ყაჩაღობა “პერიეზდზე’”
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 1993 წლის ხუთ თებერვალს, საჯავახოსა და ვაზისუბნის “პერიეზდებს’’ შორის, ქალაქ ლანჩხუთის მცხოვრებს ვლადიმერ უჩაევს, რომელიც საკუთარი “გაზ 24-10” მარკის ავტომანქანით ქალაქ სამტრედიაში მიდიოდა, დღის საათებში თავს დაესხნენ ავტომატური იარაღით შეიარაღებული ყაჩაღები. უჩაევსა და მის თანმხლებ პირებს ბოროტმოქმედებმა ფული და ძვირფასი ნივთები წაართვეს. ყაჩაღებს არც ვლადიმერის მანქანის გაყოლებაც დავიწყებიათ…
მას შემდეგ დაირღვა უჩაევების ოჯახის სიმშვიდე. მოგეხსენებათ, დანაკარგი პატრონისათვის ყოველთვის მტკივნეულია. განსაკუთრებით კი ისეთისთვის, რომელსაც იგი ალალი შრომით აქვს შეძენილი.
გახსნამ ვერ ახსნა…
წლების შემდეგ, ქვეყანაში კრიმინოგენური სიტუაციის გაუმჯობესების შედეგად, მოხერხდა გზებზე მოთარეშე რამდენიმე შეიარაღებული ჯგუფის აყვანა. იმ პერიოდში, სამტრედიაში დააკავეს ერთი ასეთი ჯგუფის წევრი თემურ ბოცვაძე, მეტსახელად “ჩორტიკა’’. ბოცვაძეს, რომელიც ბრალდებების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩიოდა, ვლადიმერ უჩაევზე თავდასხმის ბრალიც წაუყენეს.
საგულისხმოა, რომ “ჩორტიკამ“ მის მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული შესაშური გულწრფელობით აღიარა, მაგრამ უჩაევის ეპიზოდთან მიმართებაში მონაწილეობა კატეგორიულად უარყო.
საინტერესოდ გამოიყურება შემდეგი გარემოება: თემურ ბოცვაძის დაკავების შესახებ, უჩაევის ოჯახი საქმის კურსში არავის ჩაუყენებია. მეტიც, სასამართლო სხდომაზე, ის როგორც დაზარალებული, მიწვეული არ ყოფილა, მაშინ, როცა ამ უკანასკნელს უჩაევის მანქანის გატაცების ფაქტი ჰქონდა ბრალად წაყენებული.
ვლადიმერ უჩაევი, იმ დღეს, სამტრედიის პროკურატურაში მორიგი საჩივრის შესატანად იმყოფებოდა და იქედან თავი პირდაპირ სასამართლო პროცესზე ამოყო. სასამართლო სხდომაზე კი, გამოძიებაში “ნაჩალიჩევმა” ყველა ხარვეზმა ერთბაშად იჩინა თავი. თემურ ბოცვაძემ მანქანის წართმევა არა მარტო სასტიკად იუარა, არამედ, დაზარალებულს უთხრა: მე არ ვარ შენი მანქანის წამყვანი, მოვა დრო და ყველაფერი გამოჩნდებაო… ასე რომ, გამოძიების დროს გაკეთებული აღიარება ბრალდებულმა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, სასამართლოზე უარყო. საქმის ამგვარმა “გახსნამ’’ ვერაფერიც ვერ ახსნა. რაც მთავარი იყო, ვლადიმერ უჩაევმა სასამართლო ფარსი არ ირწმუნა და გადაწყვეტილება ყველა ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა.
არაფრისმთქმელი პასუხები
ამის შემდეგ, უჩაევების ოჯახი ზემოდან რეგულარულად იღებდა “დამამშვიდებელი’” შინაარსის პასუხებს, რომელიც მხოლოდ დროის გაყვანის პოლიტიკას ემსახურებოდა. გენერალური პროკურატურიდან გამოგზავნილ ერთ-ერთ ასეთ წერილში, რომელიც 1997 წლის 30 იანვრით არის დათარიღებული, აღნიშნულია: “რაც შეეხება თ. ბოცვაძესთან ერთად თქვენი ავტომანქანის ყაჩაღური გზით გატაცებაში მონაწილე ამჟამად მიმავალში მყოფ რ.ვაშაკიძეს და გამოძიებით დაუდგენელ 4 ბოროტმოქმედს, მათ მიმართ გამოყოფილია სისხლის სამართლის საქმე…”
კვალი
მანამდე, დაზარალებულის დაჟინებული მოთხოვნით და აქტიურობით, აბაშის ტერიტორიაზე, სადაც იყო ეჭვი, რომ ნაყჩაღარი მანქანა გაიყიდა, უშედეგოდ შემოწმდა 219 ავტომობილი. სამი წლის შემდეგ, ვლადიმერ უჩაევმა კვალს მიაგნო.
1996 წლის თებერვალში, იმერეთის სამხარეო პროკურატურამ, უჩაევს ამოსაცნობად წარუდგინა სამხარეო პოლიციის მიერ დალუქული უნომრო ძარისა და ძრავის “გაზ-24-10“-ის მარკის საეჭვო წარმომავლობის მანქანა. როგორც მოსალოდნელი იყო, მანქანის სახის შესაცვლელად ყაჩაღებს დრო არ დაუკარგავთ. მიუხედავად ამისა, დაზარალებულმა მასში რიგი ნიშნებით, საბურავის დისკოს ხუფზე მიდუღებული ლითონის ჩხირებით, რომელიც თვითონ მეპატრონის მიერ იყო დამზადებული და საბარგულში აღმოჩენილი გამხმარი ნაძვის წიწვებით (უჩაევი მეყვავილეა და ტრანსპორტს პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარე იყენებდა), საკუთარი ავტომანქანა ამოიცნო. რატომღაც დასახელებული გარემოებები იმერეთის მხარის სამართალდამცავებმა იდენტიფიკაციისთვის საჭიროდ არ მიიჩნიეს.
დაზარალებულმა საჩივრით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საიდანაც ერთხელ კიდევ “დაამშვიდეს’’ – იმერეთის სამხარეო პროკურატურაში მიმდინარეობს შემოწმება თქვენთვის ამოსაცნობად წარდგენილი სადაოდ მიჩნეული “გაზ-24-10“-ის ავტომანქანის წარმოშობის, გასხვისების, უნომრო ძარისა და ძრავის გაფორმებისა და რეგისტრაციის კანონიერების შესახებ… რომლის შედეგების მიხედვით გაირკვევა ავტომანქანის კუთვნილების საკითხი… იმერეთის პროკურატურას დაევალა უმოკლეს დროში მასალების შემოწმება… რომლის შედეგებზეც გეცნობებათ დამატებით’’.
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ვლადიმერ უჩაევისთვის კი უმოკლეს დროში არავის არაფერი უცნობებია. თუმცა სამართალდამცავები არწმუნებდნენ დაზარალებულს, რომ ყველაფერს აკეთებდნენ. ამ დროს, შსს საინფორმაციო სამმართველოში ვლადიმერ უჩაევის დაყაჩაღებული ავტომანქანის შესახებ მონაცემები საერთოდ არ ყოფილა გადაგზავნილი!!! ხსენებული ინფორმაცია ჟურნალისტური გამოძიების პერიოდში მოვიპოვეთ: “თქვენი შეკითხვის პასუხად განცობებთ, რომ “გაზ-24-10” მარკის ავტომანქანა, რომლის ტექნიკური მონაცემებია: ძრავი -602071, ძარა -1133204, შასი – 80950, სახ.ნომერი – გ4696გვ და რომელიც ეკუთვნის ვ.ე. უჩაევს, შსს ინფორმატიზაციის სამმართველოში გატარებულთა სიაში არ ირიცხება.’’ მიმართვა 2000 წლის სამი ივნისით იყო დათარიღებული.
შაშიაშვილი “მზიან სამტრედიაზე”
იმ პერიოდში, ფაქტობრივად, სამტრედიას ვაშაკიძეები მართავდნენ. პოლიცია და პროკურატურა მათ თითქმის “ჯიბეში ჰყავდათ ჩასმული“. ამის დასტურად შემდეგი ფაქტებიც გამოდგება: 1993 წლის გაზაფხულზე, დაზარალებულ უჩაევს სამტრედიაში ვახლდით და საშუალება გვქონდა პოლიციის ყოფილი უფროსის, აწ გარდაცვლილი ზურაბ ნიკოლეიშვილის კომენტარი მოგვესმინა – სანამ ვაშაკიძეების პარპაში არ ალაგმულა, არც შენი ყაჩაღობის საქმეს ეშველება და არც სხვის უბედურებას, _ თქვა ნიკოლეიშვილმა.
სხვათა შორის, ამ ფაქტს არც იმერეთის მაშინდელი გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი უარყოფდა. ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლისას, ბატონმა თემურმა ასეთი განცხადება გააკეთა – ან სამტრედია გაიყვანეთ იმერეთის შემადგენლობიდან ან მე გადამაყენეთ პრეზიდენტის რწმუნებულის თანამდებობიდან!
როგორც ჩანს მუდამ “მზიან სამტრედიაში” ბნელოდა და ყველა ერიდებოდა ყაჩაღობის საქმეში გამოკვეთილ “მაღალ ღობეს” – რეზო ვაშაკიძეს.
ვინ “გულაობდა” ნაყაჩაღარი ავტომანქანით
წლების წინ, სადაო ავტომანქანა მინდობილობით ჰყავდა გაფორმებული შსს საგაზო პოლიციის ინსპექტორს, აფხაზეთიდან ლტოლვილს, ვინმე ბათუ ნიკურაძეს. როგორც წყარო გვეუბნება, მისთვის ცნობილი ყოფილა მანქანის საეჭვო წარმომავლობის ამბავი. თუმცა, ამას საგზაო ინსპექტორისთვის ხელი ნამდვილად არ შეუშლია. მაშინ, როდესაც დაზარალებული ამაში მისი კანონიერი ინტერესების უგულებელყოფას ხედავდა და ღიად ადანაშაულებდა სამართალდამცველებს “კოლეგიალობის’’ პოლიტიკის გატარებაში. არადა, ვლადიმერ უჩაევს დასაეჭვებლად საკმაოდ სერიოზული მიზეზი ჰქონდა: მას ავტომანქანა 1993 წლის 5 თებერვალს წაართვეს, ხოლო მანქანა, რომელზედაც უჩაევი პრეტენზიას აცხადებდა, იმავე წლის 19 თებერვლიდან ჩნდება არენაზე. ბოლო მონაცემებით, აღნიშნული ტრანსპორტი ეკუთვნოდა სამტრედიაში, ბარათაშვილის ქუჩის მეორე შესახვევის #11-ში მცხოვრებ ასმათ გრიგოლის ასულ ადეიშვილს, რომელმაც ის 1995 წლის 8 თებერვალს შეიძინა შალვა ჯემალის ძე ტონიასგან. თავად ტონიამ 1994 წლის 11 მაისს ავტომანქანა სამტრედიელი გია ფრანგიშვილისგან იყიდა. ამ უკანასკნელმა იგი 1993 წლის 19 თებერვალს შეიძინა წყალტუბოს ზონის კოპიტნარის დასახლების 55/17-ში მცხოვრებ ვინმე იური აფანასიევისგან. შალვა ტონიას მიერ, 1995 წლის თებერვალში გაკეთებული განცხადების საფუძველზე მანქანაზე დაკანონდა უნომრო ძარა. ამ დროს უნომრო ძარის დაკანონების რაიმე დოკუმენტი მოპოვებული არ არის. გარდა ამისა, დაუდგენელია, როგორ აღმოჩნდა აფანასიევის ხელში უნომრო ძარისა და ძრავის ავტომანქანა?! ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურ გამოძიებას აღნიშნული საკითხების გასარკვევად არაფერი აქვს გაკეთებული. იმ პერიოდში, იმერეთის მხარის სამართალდამცველების მიერ მოხდა ყაჩაღობაში ეჭვმიტანილის, ყოფილი “მხედრიონელის“, სამტრედიელი გია ფრანგიშვილის დაკავება. ჩვენი ინფორმაციით, სასამართლოს სხდომაზე ფრანგიშვილმა აღიარა უჩაევის ავტომანქანის დაყაჩაღების ფაქტი, რაზეც შემდგომში გამოძიება არ ჩატარებულა…
ადეიშვილის ლოდინში…
მართალია დაზარალებული თვლიდა, რომ ბათუ ნიკურაძეს ზურგს კოლეგები უმაგრებდნენ და იმიტომ ვერ იბრუნებდა მანქანას, მაგრამ შემდეგ აზრი შეიცვალა. ვლადიმერ უჩაევს ერთ-ერთი სამტრედიელი სამართალდამცველი დაუკავშირდა, რომელმაც შემდეგი რამ უთხრა – შენი ავტომანქანა ზურაბ ადეიშვილის ახლო ნათესავის _ ასმათ ადეიშვილის სახელზეა. შეიძლება ნიკურაძემ, რომელიც ადეიშვილის მაზლია, სწორედ ამიტომაც გააფორმა მის სახელზე მანქანა. საუბრის ბოლოს კი, ძალოვანი უწყების თანამშრომელს უჩაევისთვის “გული გაუკეთებია”, სანამ ზურაბ ადეიშვილი მის ადგილზეა, შენს საქმეს არაფერი ეშველება, ტყუილად ნუ ირჯები და საჩივრებს ნუ წერო!
დაზარალებული იმედოვნებს, რომ ოცწლიან ისტორიას ახლა მაინც ექნება დასასრული და ფაქტს სამართლებრივი შეფასება მიეცემა.
ლალი ლომაძე