საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, 57 ათასამდე ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახის პირველი წევრი 30 ლარის ნაცვლად 60 ლარს, ხოლო ყოველი მომდევნო წევრი 24 ლარის ნაცვლად – 48 ლარს მიიღებს. ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ სოციალური დახმარების გაორმაგებით, დამატებითი ხარჯი 70 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
ამ საკითხზე ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას ისაუბრა. მისი განცხადებით, მომავალი წლის პირველი თებერვლიდან ყველა საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ჯანმრთელობა დაზღვეული არ აქვს, დაზღვევის საბაზისო პაკეტს მიიღებს. სახელმწიფო დაზღვევით შესაძლებელი იქნება ოჯახის ექიმთან ულიმიტო ვიზიტი, ასევე გადაუდებელ შემთხვევებში სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების მიღება. პროგრამა ივლისამდე გახორციელდება, რისთვისაც 2013 წლის ბიუჯეტში 68 მილიონი ლარია გათვალისწინებული. პირველი ივლისიდან საბაზისო პაკეტს საყოველთაო დაზღვევა ჩაანაცვლებს. ოჯახის ექიმთან შეუზღუდავი ვიზიტის პარალელურად, საყოველთაო დაზღვევა ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას ითვალისწინებს, როგორც გადაუდებელ, ისე გეგმიურ შემთხვევებში. ჯამში, მომავალ წელს, სამინისტრო მოქალაქეების ჯანმრთელობის დაზღვევისთვის 505 მლნ ლარს დახარჯავს. გასულ წელს კი, ამ მიზნით ბიუჯეტში 174 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული. მომავალ წელს ბიუჯეტში სოციალური ხარჯები 630 მლნ ლარით იზრდება. საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პარლამენტმა 80 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. საპარლამენტო უმცირესობა ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცების პროცესს არ ესწრებოდა. 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 8 748.5 მლნ ლარს შეადგენს. დამტკიცებული ბიუჯეტით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 535 მლნ ლარამდე იზრდება. ჯამში, უწყების ფინანსური რესურსი 2 მილიარდ 345 მილიონ ლარს შეადგენს, რაც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების 26.8%-ია.