საქართველოს მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ოზურგეთში მცხოვრებმა მოქალაქეებმა : თ. დავითაძემ, ზ.მალაზონიამ, მ.მეგენეიშვილმა, რ. ხინთიბიძემ. ფ. კვაჭაძემ რ. არობელიძემ, დ. დათუნაშვილმა, ხ. ციბაძემ, ლ. მალაზონიამ, ი.სვანიძემ, ლ. ხიზანიშვილმა ც.ცერცვაძემ და ე.ჭეიშვილმა განცხადებით მიმართეს:
“2009 წლის 17 აგვისტოს ოზურგეთში, გურიის ქ. # 35-ში მდებარე აგრარულ ბაზარში გაჩნდა ხანძარი. სხვა ობიექტებთან ერთად, დაიწვა აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე არსებული საკანი, სადაც ინდ.მეწარმეები ვინახავდით სავაჭრო საქონელს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2009 წლის 17 აგვისტოს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის #056090356 საქმეზე, რომელიც ფაქტიურად, დღემდე გრძელდება. ჩატარდა მხოლოდ ექსპერტიზა, არანაირი სხვა საგამოძიებო ქმედება არ გახორციელებულა, არც დღეს მიმდინარეობს, უბრალოდ, საქმე არ არის დახურული და მოკლედ რომ ვთქვათ, „გამოძიება მიმდინარეობს“.
მოვაჭრეებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზარალი განიცადეს, წინასწარი მონაცემებით ის 400 000 ლარს შეადგენდა. მოვაჭრეებმა არაერთხელ მიმართეს პროკურატურას თხოვნით, რომ საქმის გამოძიება დასრულებულიყო და დამნაშავეებს პასუხი ეგოთ კანონის წინაშე, რომ მათთვის მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების საკითხიც გადაჭრილიყო. ოზურგეთის რაიონული პროკურატურა ჩვეული „გულისხმიერებით“ ავალებდა ხოლმე შსს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოს, რომ განეხილათ მოქალაქეთა განცხადება, გამოეკვლიათ განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და საქმეზე ეწარმოებინათ სრულყოფილი, ყოველმხრივი და ობიექტური წინსაწარი გამოძიება. ეს დავალება დოკუმენტურად არ არსებობდა ფურცელზე. ხოლო ფაქტიურად გამოძიების დასრულება არავისთვის არ იყო ხელსაყრელი. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები თავიანთი პასუხებით აჩერებდნენ მოქალაქეებს და ეს რა თქმა უნდა, დიდხანს გრძელდებოდა. ჩვენ ვერ ვიტყოდით ყოველივე ამას, რომ არა დღეს შექმნილი სამართლიანი გარემოება, რომელიც საშუალებას გვაძლევს ხმა ავიმაღლოთ ყოველგვარი უკანონობის წინააღმდეგ და ხმამაღლა განვაცხადოთ ის, რასაც რამდენიმე თვის წინ ვერ შევძლებდით, ვერ შევძლებდით არა იმიტომ, რომ ჭეშმარიტებას ვერ ვხედავდით, არამედ იმიტომ, რომ არავინ მოგვისმენდა, _ აღნიშნავენ მოვაჭრეები და აცხადებენ, რომ აგრარულ ბაზარში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, 2009 წელს ბევრი ინფორმაცია დაიწერა გაზეთებში. მხარის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი თანაგრძნობას უცხადებდა დაზარალებულ მოქალაქეებს და პირად პასუხისმგებლობას კისრულობდა გამოძიების კონტროლზე. არ გამოვრიცხავთ, რომ პირადად მან მართლაც „აიყვანა“ კონტროლზე გამოძიება, რადგან შედეგი სახეზეა. ვერ დავიჯერებთ, რომ ბაზრის დაწვამ პრობლემების წინაშე დააყენა ოზურგეთის რაიონული ხელმძღვანელობა, რადგან მათ ისეთი ტემპით დაიწყეს ბაზრის დახურვის გადაწყვეტილების მიღება, რომ ადვილი მისახვედრი იყო „ეხმარებოდნენ“ ახალი სავაჭრო ცენტრის ხელმძღავნელს.
აგრარულ ბაზარში ოზურგეთის მაღალჩინოსნები საკმაო ფართებს ფლობდნენ. როგორ ნაწილდებოდა ბაზრის შემოსავლები და ვისი ინტერესი იყო პრიორიტეტული, ეს იყო ხანძრის გაჩენის მიზეზის დადგენის დროს გამოსაძიებელი საკითხი, მაგრამ იმის გასარკვევად თუ ვინ იყო ბაზრის დაწვით დაინტერესებული, არც კი გაუმახვილებია ყურადღება გამოძიებას, მით უფრო, რომ იყო ინფორმაცია, ხანძრის დროს, 40 წუთის განმავლობაში ელექტრონერგიის გათიშვა არ მოხერხდა. გამოძიებას უნდა გაერკვია, დაუშვეს თუ არა ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამშრომლებმა შეცდომა, ჰქონდა თუ არა ამას კავშირი ბაზრის დაწვასთან.
ტერიტორიის დაწვის შემდეგ, უმალვე გამოჩნდა აგრარულ ბაზარში ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალიას უახლოესი მეგობრის, გაგა მკურნალიძის მამა ავთანდილ მკურნალიძე. ბაზრის მაშინდელი დირექტორი ბახვა მახარაძე აღფრთოვანებული შეხვდა მის გამოჩენას. რატომ „გადააბარა“ თანამდებობა და გაჩერების სანაცვლოდ რატომ მიუზომეს მას ბაზრის ტერიტორიაზე იჯარით 37 კვ.მ ფართი, რომელსაც დღესაც ფლობს და სარგებლობს, არავინ იცის. კარგი იქნებოდა, გამოძიებას გაერკვია, რა გარიგება დაიდო ოზურგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ავთანდილ მკურნალიძეს შორის, მით უფრო, რომ ისინი დღესაც ურთიერთშეხმატკბილებულნი აგრძელებენ საქმიანობას. არავის უზრუნია იმ მოქალაქეების ბედზე, რომლებმაც ზარალი განიცადეს და რომლებიც, ამდენი წლის მანძილზე, ელოდებიან გამოძიებისგან პასუხს.“
აღნიშნულ საქმეზე მოქალაქეებს იცავენ ადვოკატები ნანა დოლიძე და მარინე ბერაძე.
ნანა დოლიძე, ადვოკატი : _რამდენიმე დღის წინ, შეხვედრა გვქონდა შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელთან თეიმურაზ კიკვაძესთან, რომელმაც მოგვაწოდა პასუხი იმ წერილზე, რომლითაც პროკურორს მივმართეთ. პასუხი, რა თქმა უნდა, დაბნეული და მწირი ჩანდა. ეტყობოდა, ადრესატს როგორ უჭირდა გამოძიების მსვლელობის შესახებ პასუხის გაცემა. ერთადერთი დეტალი, რომელმაც საშუალება მოგვცა, კითხვა დაგვესვა, იყო ის, რომ თურმე კომპლექსურ სახანძრო ექსპერტიზას დაუდგენია, რომ ხანძარი დაკავშირებულია ელექტრო-ტექნიკურ მიზეზებთან, კერძოდ, გარდამავალი წინაღობის არსებობასთან და მისგან გამოწვეულ მოკლე ჩართვებთან. ძლიერმა თერმულმა მოქმედებამ გამოიწვია ბალონების გასკდომა და შემნახველ საკანში, თურმე, ამიტომ აღინიშნებოდა თერმული ზემოქმედების ძლიერი კვალი. გამომძიებელმა ჩვენს კითხვაზე, საქმე რატომ არ სრულდება და როდემდე ფიქრობენ ასეთ მდგომარეობაში საქმის გაჩერებას, გვიპასუხა, _ „ვინ დამესაჯაო“. ჩვენ მას შევახსენებდით, რომ ჯერ გარკვეულიყო ბაზრის ადმინისტრაციასა და დაცვის სამსახურს შორის, 2009 წლის 01 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსში, სადაც მინიშნებულია, რომ „შეძლებისაგვარად უსაფრთხო მდგომარეობაში ხანძარსაწინააღმდეგო ზომების მიღების შემდეგ, ობიექტი მიღება-ჩაბარების აქტით უნდა ჩაებარებინა ბაზრის ადმინისტრაციას დაცვისათვის. უნდა მოეძია, არსებობდა თუ არა ასეთი მიღება-ჩაბარების აქტი. ჩვენ კი, ბაზრის ადმინისტრაციამ გვიპასუხა, რომ ასეთი დოკუმენტი არ არსებობდა და დამნაშავე ამ კვალითაც უნდა მოეძებნა, გაერკვია, დაცვამ რატომ გაუღო კარები დაგვიანებით სახანძროს, ელექტროენერგია რატომ გამოირთო 40 წუთის დაგვიანებით, მოესმინა მოქალაქეების განცხადებაში მიითითებულ იმ ფაქტზე, დაცვის ორი თანამშრომელი მთვრალი რომ იყო. გამოძიებას ყურადღება უნდა მიექცია მოქალაქეთა იმ განცხადებაზე, სადაც ისინი ამბობენ, რომ ხანძრის დროს შემნახველ საკანთან მისულნი, ვიდრე საკანზე ხანძარი არ იყო გადმოსული, ევედრებოდნენ დაცვის თანამშრომლებს საკნის კარები შეემტვრიათ, რომ საქონელი გადაერჩინათ, მაგრამ მათ ეს არ გაიგონეს. დაცვამ უარი განაცხადა ამაზე, რადგან ეს მათ „ფუნქციებში თურმე არ შედიოდა“, არ უნდა გაეთვალისწინებინათ მოვაჭრეების ვედრება და ის ფაქტი, რომ 400 000 ლარის საქონელი დაიწვებოდა? მათ ხომ ადამიანებს საშუალება არ მისცეს, საკუთარი საქონელი გადაერჩინათ. დაცვის სამსახურის უმოქმედობამ გამოიწვია ყოველივე. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვებია და ის კომპეტენტურ ჩარევას და საქმეზე ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს…
ოზურგეთის რაიონული პროკურატურა დღემდე დუმს და საქმის გამოძიებით არ ინტერესდება, გამოძიებას არ აწარმოებენ. ყოვლად დაუშვებელია, დღეს ისევ ძველმა შემადგენლობამ გამოიძიოს გამოუძიებელი საქმეები, გთხოვთ დახმარებას…“
როგორც ადვოკატი ნანა დოლიძე აღნიშნავს, შინაგან საქმეთა სამინისტროდან პასუხიც მიიღეს, რომ აღნიშნული საქმე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორს ლევან გზირიშვილს გადმოეგზავნა.
ირინა სვანიძე დაზარალებული: ამ საქმეს პატრონობენ, ყველანაირად მიდის იქითკენ, რომ ჩვენ დავრჩეთ ცარიელნი. თემურ ტრაპაიძემ, რომელსაც საწყობი ებარა, სადაც საქონელს ვაბარებდით და მან ცალკე შეიტანა სარჩელი სასამართლოში, ახლა ისევ გამოიტანა უკან, გვაქვს ინფორმაცია, რომ მასზე ზეწოლა მოახდინეს, დაპირდნენ სამსახურსაც.
ვითხოვთ, ჩვენი საქმე წარიმართოს სამართლიანად. ჩვენ არ გვინდა ვინმეზე ხელის დაფარება. ვითხოვთ ზარალის ანაზღაურებას. საქონელი იყო დამწვარი, ნახევარი გატანილი, გაქურდული, რადგან გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჯერ გაქურდეს და მერე დაწვეს.
ხელშეკრულებაში, რომელიც დადებული ჰქონდა ბაზრის ადმინისტრაციასთან თემურ ტრაპაიძეს, ეწერა, რომ ზარალის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო სტიქიის და უბედურების დროს, ეს ხელშეკურულება არის გაუქმებული. ახლა კი წარმოადგინა ახალი ყალბი ხელშეკრულება ბაზრის დირექციამ, სადაც არის ყალბი ხელწერა, თემურ ტრაპაიძე აცხადებს, რომ ეს მისი ხელწერა არ არის. ეს ხელშეკრულება იყო ჩვენი „კოზირი“, ბახვა მახარაძემ კი წამოგვძახა ადვოკატთან ერთად, რომ თქვენ მაგ კოზირს ხელში არ მოგცემდითო. ეს არის ბახვას სიტყვები, ძალიან გთხოვთ, ეს სიტყვები გააშუქეთ, აქ იყო მედია საშუალებები, მაგრამ ჩვენი სიტყვები არავის გამოუქვეყნებია. ახლა დაპირდნენ თემურ ტრაპაიძეს სამსახურში დანიშვნას, ისევ აღადგენენ, იმიტომ, რომ სარჩელი გამოიტანა უკან. ჩვენ დაზარალებული ხალხი კი ასე უპატრონოდ ვართ, ჩვენ ხომ არ გვეტყვიან სიმართლეს, რა მოხდა თემურ ტრაპაიძეს რა გაუკეთეს, მაგრამ ვიცით, რომ მასზე არის ზეწოლა, ვინ ახდენს ზეწოლას ეს უნდა იყოს გამოკვლეული, ვისი ზეწოლით გამოიტანა მან სარჩელი?
რუსიკო ხინთიბიძე: ჯერ ცეცხლი გაჩნდა სახორცეში, სანამ ის ცეცხლი აქეთ გადმოვიდოდა, ამ კარების გაღება შეიძლებოდა, საქონელიც გადარჩებოდა. კარი არ გააღეს.
ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დაწვეს განზრახ. ყველა თავზე იშორებს, გვეუბნებიან, თქვენ ვერანაირად ვერ დაგვიმტკიცებთ, რამდენი ლარის საქონელი იყოო.
ლია ხიზანიშვილი: იმ ამბის მერე გაჭირვებულები ვართ, ამდენი წელია, ვალებს ვიხდით, წყალში ვყრით, საშინლად ვწვალობთ და აბა, არ ვითხოვთ გამოძიებას?
ბახვა ამბობდა მაშინ, რომ ბაზარი რომ იწვოდა, დავრეკე ელქსელებშიო და 40 წუთის განმავლობაში შუქი არ გათიშესო, სახანძრო კი ვერ მივიდა ალმოდებულ საკანთან, ელქსელები იქეთ იშვერს ხელს, როგორც კი დაგვირეკეს, მაშინვე გავთიშეთო. დაცვას ეძინა, მთვრალები იყვნენ. მათთვის არავის პასუხი არ მოუთხოვია. 1000 ლარად აქვთ გაქირავებული ის ადგილები ახლა მეპატრონეებს, რომლის უშუალო მეპატრონე მკურნალიძეა, დაწერეთ ყველაფერი, რასაც გეუბნებით, კარგად იცით ეგ ამბავიც. დაიწყოს გამოძიება და მოიძიონ ყველაფერი, რამდენად კანონიერად აქვთ დაკავებული ფართები, გამოიძიონ ვინ და როგორ გაასხვისა სახელმწიფო ქონება და ფული გააკეთეს, ეს ყველაფერი კი ჩვენს ხარჯზე, ჩვენ დაგვწვეს და თვითონ მაღაზიები გააკეთეს, სხვის სახელზე აქვთ გადაფორმებული, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, საკანი, სახორცეები, ყევლაფერი მათია, სხვის სახელზეა და სასამართლოს ვთხოვთ, აგვინაზღაუროს ჩვენი ზარალი. მაგრამ საიდან გამოიძიებენ, რომ ისევ მეორდება მსგავსი დაშინების ფაქტები, _ ამბობენ მოვაჭრეები „გურია ნიუსთან“ და აღნიშნავენ, რომ მსგავსი ფაქტია ის, თემურ ტრაპაიძეს სარჩელი რომ უკან გამოატანინეს.
ნანა დოლიძე ადვოკატი: ზარალი დღემდე არ აუნაზღაურებია ვინმეს, მით უმეტეს 2009 წლიდან დღემდე, გამოძიება მიმდინარეობს, დღეს დაზრალებული მოვაჭრეები იძულებულნი გახდნენ, ისევ მიემართათ სასამართლოსთვის ზარალის ანაზღაურებისთვის, სარჩელს ხელს 13 მოვაჭრე აწერს. ძალიან მალე დაინიშნება სასამართლო
_2012 წლის 28 ნოემბერს მოვამზადეთ სარჩელი და შევიტანეთ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, საქმის გამომძიებელმა თეიმურაზ კიკვაძემ წერილობით მომწერა, რომ გამოძიება არ დასრულებულა და დღემდე მიმდინარეობს. ეს არის ირონიული და არასერიოზული პასუხი, 2009 წლის 17 აგვისტოდან მოყოლებული დღემდე, გამოძიება კიდევ მიმდინარეობს ეს არის ამ ადამიანების დაცინვა. მე მაქვს ყველა ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის, თეიმურზ კიკვაძის მიერ მოწერილი ოფიციალური პასუხი, სადაც გარკვევით წერია:
_„აგრარულ ბაზარში ხანძარი დაკავშირებულია ელექტრო- ტექნიკურ მიზეზებთან, კერძოდ კი გარდამავალი წინაღობის არსებობასთან და მისგან გამოწვეულ მოკლე ჩართვებთან. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღესაც მიმდინარეობს გამოძიება.
ეს რას ნიშნავს, ანუ შიგნით ბაზარში არ იყო მოწესრიგებული ხანძარსაწინააღმდეგო პროცესები, ადგილი ჰქონდა ელექტრო- ტექნიკურ მიზეზებს, ანუ პასუხისმგებლობა ხანძართან დაკავშირებით ეკისრება ბაზრის ადმინისტრაციას.
ხელშეკრულება, რომელიც 2009 წლის 1აპრილს გაფორმდა ბაზრის ადმინსტრაციასა და დაცვის სამსახურს შორის, სადაც გარკვევით წერია, რომ დამკვეთის ვალდებულება, ანუ ბაზრის ადმინისტრაციის არის ის, რომ ის კისრულობს ვალდებულებას, შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება, შეძლებისდაგვარად უსაფრთხო მდგომარეობაში ხანძარსაწინააღმდეგო ზომების მიღების შემდეგ, მიღება_ჩაბარების აქტით ჩააბაროს ობიექტი შემსრულებელს და ამისთვის ის უხდის 200 ლარს.
ხანძარი გამოიწვია ელექტრო- ტექნიკურმა მიზეზებმა, კერძოდ, გარდამავალი წინაღობის არსებობამ და მისგან გამოწვეულმა მოკლე ჩართვებმა.
ბახვა მახარაძე, ბაზრის მაშინდელ დირექტორი, იღებდა ვალდებულებას, რომ მოიკვლევდა და მოიძიებდა და შეამოწმებდა ბაზრის ტერიტორიაზე ელექტროგაყვანილობას. შეადგენდა მიღება- ჩაბარების აქტს და გადასცემდა ობიექტს დასაცავად დაცვას. თუმცა, ეს ასე არ უქნია.
მიღება- ჩაბარების აქტი კი ბუნებაში არ არსებობს. არც კი კეთდებოდა. ეს ყველაფერი ხდებოდა სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე. ანუ ამ პირობას ადმინისტრაცია კანონიერად არ აკეთებდა, _ აცხადებს ნანა დოლიძე და აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა ბაზრის ადმინისტრაციასთან ერთად, დაცვის სამსახურსაც ეკისრება.
მოვაჭრეები, რომლებიც ხანძრის დროს მივიდნენ საკანთან, თავისი თვალით ნახეს, როგორ ეძინათ დაცვის თანამშრომლებს, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ძლივს გააღვიძეს, ფეხზე ვერ დგებოდნენ, სთხოვდნენ მათ, რომ კარები გაეღოთ, ეს კიდევ ცალკე თემაა, რომლითაც გამოძიება უნდა დაინტერესდეს.
_ ვისი ინტერესი უნდა ყოფილიყო ეს და რატომ?
_ აქ ჩნდება ძალიან ბევრი კითხვითი ნიშანი. თუ რატომ, ამას გამოძიება დაადგენს. მხარის გუბერნატორმა, რომელიც მაშინ აცხდებდა რომ პირად კონტროლზე ჰყავდა გამოძიება აყვანილი და პირობა დაუდო ამ ადამიანებს, რომ მათ დაეხმარებოდა, საბოლოოდ არაფერი გააკეთა.
ჩვენ ვერ დავადასტურებთ ოფიციალურად, კონკრეტულად ვინ რა რაოდენობის საქონელს ფლობდა.იმიტომ რომ საკანში არ ხდებოდა აღრიცხვა, გვყავს ერთ-ერთი მოწმე, რომელიც პასუხისმგებელი იყო საკანზე, სადაც ინახებოდა საქონელი, ეს არის თემურ ტრაპაიძე. გულდასაწყვეტი ის არის, რომ ხანძრის გაჩენიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა ხელისუფლებამ, რომ 2 სექტემბრიდან საერთოდ დაიხურება ბაზარიო. ეს ის პერიოდია, როცა ახალ ბაზარში უნდა გადასულიყო მოვაჭრეები. ეს ის თემებია, რომელზედაც კარგად, ობიექტურად, სრულყოფილად, სამართლიანი კუთხით წარმართულმა გამოძიებამ უნდა გამოიძიოს. ამ საქმის გამოძიებით არავინ არ იყო დაინტერესებული და დაწვით _ კი, როგორც ეტყობა. ძალიან სწრაფი ტემპით მივიღეთ პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტროდან. უკვე იმედი გვაქვს, გამოძიება გაგრძელდება და დამნაშავეები დაისჯებიან, -აცხადებს აღნიშნული საქმის ადვოკატი ნანა დოლიძე.
თემურ ტრაპაიძე: მე ვარ ერთ-ერთი მოწმე, მე უნდა დავადასტურო, რომ ამ ადამიანებს ჰქონდათ ნამდვილად შემნახველ საკანში საქონელი იმ ღამით და თან _დიდი რაოდენობით.
_ თქვენ შეიტანეთ სარჩელი სასამართლოში, ვის წინააღმდეგ და რას ითხოვდით?
_მე სარჩელი შევიტანე ბაზრის ადმინისტრაციის წინააღმდეგ, რადგან უკანონოდ გამათავისუფლეს და ვითხოვდი სამსახურში დაბრუნებას. ის ხელშეკრულება, რომელიც არსებობდა, იყო დარღვეული, მე დამპირდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მაშინ, რომ თუ მაგ ადგილას რაიმე ახალი აშენდება, ჩვენ დაგაბრუნებთ სამსახურშიო. უცებ ააშენა იმ ადგილზე ავთანდილ მკურნალიძემ ობიექტი და ჩემს ადგილას სხვამ დაიწყო სამსახური. ის იჯარით აღებული ფართი, რომელიც სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადასცეს, მათ შორის მოხვდა ეს საკნის ტერიტორიაც. ფაქტიურად ამ ადგილის განმკარგველი და მეპატრონეც გახდა ავთანდილ მკურნალიძე, რომელმაც თავისი ხალხი მოიყვანა და დაასაქმა. ახლა ვითხოვდი, რომ უკანონოდ გათავისუფლებული უკან დამაბრუნონ.
_როგორც გავიგეთ სარჩელი უკან გამოიტანეთ. . .
_ კი.
_ რატომ?
_ახლავე გეტყვით. მოპასუხე იყო ავთანდილ მკურნალიძე, ბაზრის ადმინიტრაცია და გამგეობა. ამჟამად იმ ფართის მეპატრონე არის ავთანდილ მკურნალიძე, რომელიც დამპირდა, რომ 1 თებერვლიდან აღგადგენ ისევ სამსახურშიო. ამიტომ გამოვიტანე სარჩელი. ჩემთვის მთავარი დასაქმებაა.
_ბატონო თემურ, ადასტურებთ თუ არა ინფორმაციას, რომ ხელშეკრულებაზე, რომელიც თქვენს და ბახვა მახარაძეს შორის არის გაფომებული, მთქვენი ხელწერა არაა, ანუ გაყალბებულია?
_ კი, ეს ნამდვილად ასეა. ხელშეკრულებაზე ჩემი ხელწერაა არაა.
ნანა დოლიძე, ადვოკატი: ხელშეკრულება, რომელიც არსებობდა თემურ ტრაპაიძეს და ბაზრის ადმინისტრაციას შორის, შეცვლილია და ხელი თემურს მოწერილი არ აქვს, ხელწერა გაყალბებულია. ეს კიდევ ვიღაცის ინტერესია. ეს არის ახალი დეტალი და ჩვენ ამას აჭარის პროკურორთან წარვადგენთ.
ბაზრის ადმინისტრაციის მაშინდელი დირექტორი ბახვა მახარაძე „გურია ნიუსთან“ აღნიშნავს, რომ ის ამჟამად ბათუმში იმყოფება და ამ თემაზე ტელეფონით კომენტარს ვერ გააკეთებს.
_ძალიან გთხოვთ, მე მექცევიან ძალიან არაკორექტულად, მე მაბრალებენ აბსურდულ რაღაცეებს, თითქოს მე გავაჩინე ცეცხლი, მე არ გამოვრთე დენი 40 წუთის განმავლობაში, მე არ გავაღე საკანი და არ მივუშვი მოვაჭრეები საკანთან, კარგით რა, ასე არ შეიძლება. ეს არის გამოძიების საქმე, რომელიც გამოიძიებს და დაადგენს ვინ არის დამნაშავე. თავს დამნაშავედ არ ვცნობ და მზად ვარ, ვითანამშრომლო გამოძიებასთან, ასევე თქვენთან, თქვენი მეშვეობით საზოგადოებას ყველა კითხვაზე გავცემ პასუხს და თან დასაბუთებულად, _ გვითხრა ბახვა მახარაძემ.
ბაზრის დაცვის მაშინდელი უფროსი როლანდ სალუქვაძე „გურია ნიუსთან“ აცხადებს, რომ მზად არის, გამოძიებასთან ითანამშრომლოს, თუ ამის აუცილებლობა გახდება საჭირო.
_ბატონო როლანდ, როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, ხანძრის დროს თქვენი თანამშრომლები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. . .
_ არ არის ეს მართალი, არ ვადასტურებ.
_ მოვაჭრეები ასევე აცხადებენ, რომ დაცვის წევრებმა მათ ხანძრის დროს საკანი არ გაუღეს, მით უფრო რომ მათი საქონელის გადარჩენა შეიძლებოდა. . .
_ამის უფლება მათ არ ჰქონდათ, საკნის გაღების უფლება მხოლოდ პოლიციას ჰქონდა.
_ბატონო როლანდ, როგორც საქმის ადვოკატები და მოვაჭრეები აცხადებენ, ამ საქმესთან უშუალოდ პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრებათ როგორც ბაზრის ადმინისტრაციას, ასევე თქვენ, როგორც დაცვის უფროსს. . .
არანაირი პასუხისმგებლობა არ მეკისრება მე, მე თავს დამნაშავედ არ ვცნობ და მზად ვარ თუ აუცილებლობა იქნება, გამოძიებასთანაც ვითანამშრომლო, _ გვითხრა როლანდ საუქვაძემ.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ოზურგეთის სერვისცენტრის მენეჯერი გია ნაკაიძე „გურია ნიუსთან“ აღნიშნავს, რომ გამორიცხულია ხანძრის მომენტში, 40 წუთის განმავლობაში არ გამორთულიყო ელექტროენერგია.
_ამ ყველაფრის გადამოწმება და მოძიება შეიძლება. ვინ დარეკა, რა დროს შემოვიდა შეტყობინება და როდის მოხდა რეაგირება, ანუ როდის გამოირთო შუქი. ასე ზეპირად ვერ გეტყვით, თუ გამოძიებისთვის გახდება საინტერესო, ყველაფრის გამოძიება შეიძლება.
_ბატონო გია, მოვაჭრეები ხანძრის ერთ-ერთ ხელისშემწყობ ფაქტორად ასახელებენ იმას, რომ არ მოხდა ელექტროენერგიის დროული გათიშვა, რამაც ხელი შეუწყო ხანძრის გაძლიერებას. . .
_არ არის ეს მართალი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოძიება დაადგენს ყველაფერს, _აცხადებს გია ნაკაიძე.
“გურია ნიუსი” შეეცადა, კომენტარი თავად ავთო მკურნალიძისგან მიეღო, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებული ნომერი გამორთული იყო.
„გურია ნიუსის“ არქივში კი ინახება ავთანდილ მკურნალიძის კომენტარი, იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კანონიერად ფლობს ფართს აგრარულ ბაზარში.
_ ეს არის სახელმწიფო ქონება. მე მაქვს აღებული 172 კვადრატული მეტრი ფართი და მეტი არაფერი. არც ერთ მოვაჭრესთან შეხება და კავშირი არ მაქვს. ნუ აკეთებ ჩანაწერს, მე ვიცი, რასაც ვაკეთებ. ავიღე იჯარით ფართი, რომელიც დამწვარი იყო, სურათებსაც წარმოგიდგენთ, და აღვადგინე. მიწა სახელმწიფოსია და არაფერი კავშირი არ მაქვს არც ერთ მოვაჭრესთან. პატარა მაღაზიები ყველა იჯარით არის გაცემული. ვინც თქვენთან იყო მოსული, მათ რაღაც მიზანი ამოძრავებთ. თუ ვინმეს რაიმე აინტერესებს, მოვიდეს თქვენთან ერთად, ნახეთ ფაქტი ადგილზე და ისე დაწერეთ, თუ რაიმე დასაწერია, _ ასე მოგვმართა მაშინ მკურნალიძემ.