ვიზიტის ფარგლებში მაია ფანჯიკიძემ უკვე გამართა შეხვედრები ლიტვის პრემიერ-მინისტრთან ალგირდას ბუტკევიჩუსთან, ლიტვის პარლამენტის თავმჯდომარესთან ვიდას გედვილასთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ლინას ლინკევიჩუსთან.
შეხვედრებზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს. ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზე; ორი ქვეყნის საგარეო მინისტრებმა ხელი მოაწერეს ლიტვა-საქართველოს შორის გაფორმებული ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ქარტიის წლიურ სამოქმედო გეგმას 2013 წლისთვის.
_ „ ლიტვისთვის საქართველო მრავალი წელია მნიშვნელოვანი პარტნიორია. ამ ქვეყანას მართლაც რომ დიდ ყურადღებას და რესურსებს ვუთმობთ, ჩვენი სტრატეგიის ნაწილია დავეხმაროთ საქართველოს იმ სფეროებში, რომლებიც, თავად საქართველოს მიაჩნია მნიშვნელოვნად ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ეს კურსი ადრეც ხორციელდებოდა და მომავალშიც გაგრძელდება, მიზნის საბოლოოდ მიღწევამდე. კარგია, რომ ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, ჩვენ შევიმუშავეთ რეგულარული თანამშრომლობის ჩარჩო, ხელი მოვაწერეთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგარციის სამოქმედო გეგმას, შექმნილია სამუშაო ჯგუფები როგორც მინისტრების, ისე დეპარტამენტის დირექტორების დონეზე. ჩვენ ინტენსიურად და რეგულარულად გავაგრძელებთ აღნიშნულ საკითხებზე მუშაობას.“- განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტანას ლინკევიჩიუსმა.
_ „შედგა ჩემი პირველი შეხვედრა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეს იყო ძალიან მეგობრული თანამშრომლობის სულისკვეთებით აღსავსე შეხვედრა ჩვენს შორის. იგი, ისევე როგორც მე, ახალი დანიშნულია თანამდებობაზე და საკუთარი მოვალეობის შესრულებას 13 დეკემბერს შეუდგა. დღეს მისი მოწვევით ვიმყოფებოდი თრაკაის „თოვლიან შეხვედრაზე“ რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ლიტვის საგარეო პოლიტიკისთვის“ – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.
დღესვე მაია ფანჯიკიძე სიტყვით გამოვიდა ე.წ. “თოვლიან შეხვედრაზე”(“Snow meeting”), რომელიც მეექვსე წელია ტრადიციულად იმართება. შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრი სპეციალური სტუმრის სტატუსით იმყოფება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირების, ასევე საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტთა ყოველწლიურ არაფორმალურ განხილვებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრო.
მაია ფანჯიკიძემ ევროპელ კოლეგებთან საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე და სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების შესახებ ისაუბრა.