გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას დავალებით და ორგანიზებით, ამავე დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირები აგროვებდნენ ინფორმაციას სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ მამაკაცებზე, ფარულად და უკანონოდ იღებდნენ მათი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალას, რის შემდეგაც, კომპრომეტაციის მუქარით, აშანტაჟებდნენ მათ და სპეციალურ სამსახურებთან ფარულ თანამშრომლობას აიძულებდნენ.
უკანონოდ გადმობირებული კონფიდენტები, თავის მხრივ, ურთიერთობას ამყარებდნენ სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ საზოგადოებისათვის ცნობად მამაკაცებთან, ისე რომ ამ უკანასკნელებმა არ იცოდნენ კონსპირაციის შესახებ. კონფიდენტებს მიჰყავდათ ისინი სახელმწიფოს ოპერატიული სახსრებით დაქირავებულ ბინებში, რომლებიც წინასწარ იყო აღჭურვილი უკანონო ფარული სათვალთავლო აუდიო-ვიდეო აპარატურით.
ამ დროისათვის დადგენილია სამი ასეთი ბინა. აღნიშნულ ბინებში სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნების მიერ იძულებით გადმობირებული კონფიდენტები ამყარებდნენ სექსუალურ კავშირს წინასწარ შერჩეულ პირებთან, რის შემდეგაც ფარული ჩანაწერები, გადაეცემოდა უშუალოდ მეგის ქარდავას.
მოგვიანებით, იმ მიზნით რომ არ მომხდარიყო გადაღებული ვიდეომასალის გასაჯაროება, ფაქტიური შანტაჟის პირობებში, კონსპირაციის მსხვერპლი მამაკაცი თანხმდებოდა იმაზე, რომ გამოემჟღავნებინა თავისი ლოიალური დამოკიდებულება არსებული პოლიტიკური რეჟიმის მიმართ და მონაწილეობა მიეღო ყოფილი ხელისუფლების პოპულარიზაციის მიზნით მოწყობილ სხვადასხვა ღონისძიებებში. გარადა ამისა მაკომპრომეტირებელი მასალის გამოყენება ხდებოდა ფულის გამოძალვის მიზნითაც.
პროკურატურის მიერ ამ ეტაპზე მოპოვებულია რამდენიმე ასეთი უკანონო ჩანაწერი, თუმცა გამოძიების მონაცემებით, რამოდენიმე ათეული მსგავსი მაკომპრომიტირებელი ფარული ჩანაწერი არსებობს. გამოძიების მიერ უკვე დადგენილ ფაქტებთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის სამი პირი.
გამოძიებამ ისინი დააკავა და მიმართა თბილისი საქალაქო სასამართლოს მათი დაპატიმრების შუამდგომლობით, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდათ გირაო 20 000 ლარის ოდენობით.
ბრალდების მხარის კანონიერი თხოვნისა და სასამართლოს დაპირებისა, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ, ბრალდების მხარეს არ გადაეცა სრული განჩინება. აღნიშნული განჩინება ბრალდების მხარეს, მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, არ გადაეცა მომდევნო დღეებშიც. ვინაიდან იწურებოდა განჩინების გასაჩივრებისათვს განკუთვნილი 48 საათიანი ვადა, ბრალდების მხარე იძულები შეიქმნა თბილისის საქალაქალო სასამართლოში, ვადის ამოწურვამდე ორი საათით ადრე, შეეტანა სააპელაციო საჩივარი ისე, რომ მას არ ჰქონდა გადაცემული განჩინებისა და სასამართლო სხდომის ასლები და მისთვს უცნობი იყო თუ რა დებულებები დაედო საფუძვლად სასამართლოს გადაწყვეტილებას. განჩინება ბრალდების მხარეს გადაეცა დაგვიანებით, მაშინ როდესაც უკვე გასული იყო გასაჩივრებისათვს განკუთვნილი 48 საათიანი ვადა.
აგრეთვე სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის სხვა საფუძვლების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ შეტანილი საჩივარი დღემდე განხილული არ არის, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოდან საჩივარი და მასალები თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიას გადაეგზავნა საჩივრის შეტანიდან მხოლოდ მეათე დღეს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, იგი ვალდებული იყო საჩივარი და მასალების საჩივრის შეტანის შემდეგ დაუყოვნებლივ გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის. სასამართლოს მხრიდან საქმის განხილვის უსაფუძვლოდ გაჭიანურებისა და მოსამართლის მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებასთან დაკავშირებით, თბილისის პროკურატურის მიერ მომზადებულია საჩივარი საქართველოს იუსტიის უმაღლეს საბჭოში შესატანად.
კანონის თანახმად, ოპერატიული-სამძებრო საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც არ ეხება პირის დანაშაულებრივ საქმიანობას, მაგრამ შეიცავს მის მაკომპრომეტირებელ ცნობებს, არ შეიძლება გახმაურდეს ან გამოყენებული იქნეს რაიმე ნიშნით ამ პირის წინააღმდეგ ( კანონი ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ, მუხლი 6, ნაწილი 4 ).
ამავე კანონის თანახმად ოპერატიული-სამძებრო საქმიანობის განხორციელების პროცესში შეიძლება გამოყენებულ იქნეს საიდუმლო თანამშრომელი (კონფიდენტი), რომელიც მხოლოდ ნებაყოფლობით, კონტრაქტის საფუძველზე უნდა იქნეს ჩაბმული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების მომზადებასა და ჩატარებაში.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.