მისი თქმით, 20 სასიკვდილო განაჩენიდან 11 წულუკიანმა მას შემდეგ გამოიტანა, რაც პარლამენტმა 1996 წელს სიკვდილით დასჯის გაუქმებაზე დაიწყო მუშაობა.
“გურია ნიუსი” უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე მინდია უგრეხელიძეს დაუკავშირდა. ის სასამართლოს სწორედ იმ წლებში ხელმძღვანელობდა, როდესაც, ბოკუჩავას თქმით, წულუკიანს სასიკვდილო განაჩენები გამოჰქონდა: “ავთო წულუკიანს დავახასიათებ, როგორც უაღრესად დადებით პიროვნებას. სხვათა შორის, ყველაზე რთულ საქმეებს სწორედ მას აძლევდნენ განსახილველად, ვინაიდან ავთო იყო ძალიან დაბალანსებული კაცი, გონიერი ადამიანი და სასურველ მოსამართლედ ითვლებოდა იმ თვალსაზრისით, რომ ის რომელიმე მხარის სასარგებლოდ არ გადაიხრებოდა. ერთი წუთით ვერ შევიტან ეჭვს ავთანდილ წულუკიანის სინდისიერებასა და ჰუმანურობაში. ეს უმწიფარი ბავშვი _ დეპუტატი ბოკუჩავა, ეტყობა, აზრზე არ არის, რაზე ლაპარაკობს”.
მინდია უგრეხელიძის თქმით, მორატორიუმის პირობებში სიკვდილით დასჯის განაჩენის გამოტანა, რაზეც ბოკუჩავა საუბრობს, ემსახურებოდა პრევენციას. ამ დროს ყველამ წინასწარ იცოდა, მათ შორის, მოსამართლე წულუკიანმაც, რომ სიკვდილმისჯილი მაინც არ დაიხვრიტებოდა: “მორატორიუმი არასდროს უკან არ ბრუნდება. თუ სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი გამოცხადდა, სასჯელის უმაღლესი ზომის აღდგენა არასოდეს ხდება. ამავე დროს, გაითვალისწინეთ, რომ ეს იყო უმძიმესი პერიოდი _ “მხედრიონი”, სამოქალაქო ომი, შეიარაღებული თავდასხმები. სწორედ ამიტომ იყო აუცილებელი გამაფრთხილებელი ღონისძიებები, რაც ადამიანებს დაუკარგავდა დანაშაულის ჩადენის ხალისს. მეტსაც გეტყვით _ როდესაც სიკვდილით დასჯის გაუქმებაზე დაიწყო საუბარი, ილია ჭავჭავაძის ქვეყანაში, რამდენიმე ცნობილი მწერალი გამოვიდა ამის წინააღმდეგ და ითხოვდა უმაღლესი სასჯელის დატოვებას.”
მორატორიუმის გარდა, მინდია უგრეხელიძის თქმით, უზენაეს სასამართლოს სასიკვდილო განაჩენის შეცვლის სხვა ბერკეტიც ჰქონდა, რასაც ის ხშირად იყენებდა: “იმ შემთხვევაში, თუ დახვრეტის განაჩენს მორატორიუმი არ შეეხებოდა, უზენაესი სასამართლო იძლეოდა დასკვნას შეწყალების კომისიისთვის. ეს იყო ჰუმანიზმის აქტი და როგორც წესი, უზენაესი სასამართლო შეწყალების მომხრე იყო. ასე რომ, მშვიდი და წყნარია ავთო წულუკიანის სინდისი. ის, რაც ამჟამად ხდება, სხვა არაფერია, თუ არა პიარ-კამპანია თეა წულუკიანის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ თეას ხელთ დღეს არის ძალიან დიდი უფლებამოსილება და მავანნი, რომლებიც დამფრთხალნი არიან, არ დამიჭიროსო, ქმნიან “ზონდერპიარბრიგადებს.”
მინდია უგრეხელიძის თქმით, ავთანდილ წულუკიანის მიერ გასამართლებულთა სია ბოკუჩავას დიდი ალბათობით უზენაესი სასამართლოს არქივიდან მიაწოდეს: “ამაზრზენია, თუ როგორ იქცევა დღეს ჩვენი უზენაესი სასამართლო და მისი ხელმძღვანელობა. ეს არის სამარცხვინო. იმის ნაცვლად, რომ შეეცადონ, ნელ-ნელა უკან დაიხიონ და სამართლიანობის კალაპოტში ჩადგნენ, გადადიან შეტევაზე და ავიწყდებათ, რომ ეს მდგომარეობა დიდ ხანს არ გასტანს. ერთ-ერთ ქვეყანაში, იუსტიციის მინისტრმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ საქმე იმის გამო აღძრა, რომ მისი განცხადებები სახელს უტეხდა მართლმსაჯულებას. ვატყობ, ეს ჩვენთანაც გახდება საჭირო. კოტე კუბლაშვილი არ იყო ცუდი სტუდენტი, არ იყო ცუდი იურისტი, მე მახსოვს ჰანოვერშიც კი ჩავაკითხე, რომ მენახა, შესანიშნავად მუშაობდა, მაგრამ იგი ნებაყოფლობით გახდა პოლიტიკური ძალების მონა. არ შეიძლება ისე ცხოვრება, როგორც ის ცხოვრობს.”