“პოლიტიკოსი, რომლის მიერ დამყარებული რეჟიმის პირობებში ქვეყანაში იყო ასეულობით პოლიტიკური პატიმარი; პოლიტიკოსი, რომლის მიერ ციხეებში დანერგილმა წამების სისტემამ მრავალი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა; პოლიტიკოსი, რომლის პოლიტიკას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ საპარლამენტო არჩევნებში უნდობლობა გამოუცხადა, უნდა გადადგეს თანამდებობიდან. ვინაიდან მიხეილ სააკაშვილს თვითონ არ გააჩნია ასეთი გადაწყვეტილების მიღების ძალა, მივმართავთ პარლამენტს, რათა მან დაიწყოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა”, _ ნათქვამია პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირთა მიმართვაში.
გარდა ამისა, პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირები მოითხოვენ ოკუპაციის მუზეუმს გადაერქვას სახელი და მას საქართველოს ოკუპაციისა და პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მუზეუმი ეწოდოს. ამასთან, მოეხსნას გრიფი “საიდუმლო” ყველა მათგანის საქმეს და 13 იანვარი გამოცხადდეს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა დღედ.
“ვინაიდან სააკაშვილის ანტიდემოკრატიული რეჟიმის პირობებში დანერგილი პოლიტიკური რეპრესიების სისტემა თავისი ფორმითა და შინაარსით ჰგავდა საქართველოს ბოლშევიკური რეჟიმის დანაშაულებრივ მმართველობას, მოვითხოვთ, რომ საქართველოს ოკუპაციის მუზეუმს გადაერქვას სახელი და დაერქვას საქართველოს ოკუპაციისა და პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მუზეუმი, სადაც ბოლშევიკური რეპრესიების მსხვერპლთა გვერდით თავისი ადგილი ექნება დათმობილი სააკაშვილის პოლიტიკური რეპრესიების ფორმებისა და მეთოდების წარმოჩენას. გარდა ამისა, ჩვენ ვითხოვთ ჩვენი ბრალდების საქმეზე ჩატარდეს ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება, ხოლო სასამართლოს განჩინებით გასაიდუმლოებულ საქმეებს მოეხსნას გრიფით საიდუმლო. ასევე, მივიჩნევთ, რომ 13 იანვარი უნდა გამოცხადდეს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა დღედ”, _ აღნიშნულია პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირების მიმართვაში.