საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მესტიაში ნოტარიუსის დანიშვნის აუცილებლობაზე სვანეთში სტუმრობისას ისაუბრა.
თეა წულუკიანის განცხადებით, სვანეთში დღემდე არ არის ნოტარიუსი, რაც ადგილობრივებს სანოტარო მომსახურების მისაღებად სხვა რაიონში გამგზავრებას აიძულებს.
“მესტიას ათი წელია, ნოტარიუსი არ ჰყავს. ჩვენ წელს დავისახეთ მიზნად ყველა იმ რაიონში, სადაც ამ დრომდე ნოტარიუსი არ არის, აუცილებლად წარვგზავნოთ. შესაძლოა, დაგვჭირდეს გარკვეული შეღავათების დაწესება მაღალმთიანი და ნაკლებადშემოსავლიანი რაიონებისთვის, რათა ნოტარიუსებს გავუჩინოთ აქ მუშაობის სურვილი და მოტივაცია”, _ განაცხადა წულუკიანმა.
ნოტარიუსების პრობლემის გარდა, მინისტრმა მესტიაში აღმასრულებლის არსებობის საჭიროებაზე, პროკურორის ოფისის გაძლიერების აუცილებლობასა და იმ სხვა ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში რაიონის ხელშეწყობისთვის გაატარებს.
“თუ ხალხი აქედან იმის გამო წავიდა, რომ ელემენტარული პრობლემების მოგვარება და ადგილზე ყველა აუცილებელი მომსახურების გაწევა ვერ შევძელით, ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას სერიოზული პრობლემები შეექმნება. სვანეთი უნდა შევინარჩუნოთ ძლიერი და ამისთვის იუსტიციის სამინისტრო ყველა იმ აუცილებელ ღონისძიებას გაატარებს, რომელიც მის კომპეტენციაში შედის”, _ განაცხადა წულუკიანმა.
დღესვე იუსტიციის მინისტრი მესტიის იუსტიციის სახლს პარლამენტის წევრ ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად ეწვია. თეა წულუკიანი დაინტერესდა, რა მომსახურებებს სთავაზობს მესტიის იუსტიციის სახლი მოქალაქეებს, რა სერვისების მიღებაა შეუძლებელი და რატომ.
მესტიის იუსტიციის სახლი პირველია საქართველოს რაიონებში მოქმედი სახლებიდან, რომელსაც თეა წულუკიანი ეწვია. მინისტრი ყველა იუსტიციის სახლის შემოვლას და მათი მუშაობის ადგილზე გაცნობას გეგმავს.