პოლიტიკური პარტია “აღორძინების” ბლანკზე დაბეჭდილი შესაბამისი განცხადება უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს რამდენიმე დღის წინ გადაეცა. განცხადებაში სულ სამი ადამიანის _ სერგო და მამუკა გოგიტიძის და აბაშიძის ყოფილი დაცვის სამსახურის უფროსის დავით ხალვაშის , “ქელფეთას” სახელი ფიგურირებს.
“ჯერჯერობით, ამ განცხადების გარდა, არაფერი შემოუტანიათ ჩვენთან. ამიტომ, სანამ პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებული მასალები არ გვექნება, ვერაფერს ვიტყვით. მათ რამდენჯერმე განვუმარტეთ, რომ საჭიროა დევნასთან დაკავშირებული მასალების წარმოდგენა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ერთი და იგივე შინაარსის განცხადება უკვე რამდენჯერმე შემოიტანეს ჩვენთან,” _ აღნიშნავს “გურია ნიუსთან” საუბარში ნანა კაკაბაძე.
დღეისთვის სერგო გოგიტიძე საქართველოში ოფიციალურ ძებნილად ითვლება. იგი თავს რუსეთს აფარებს. წლების წინ, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მისი საქმე დაუსწრებლად განიხილა და სხვადასხვა დანაშაულობებში დამნაშავედ ცნო.
სერგო გოგიტიძე 1994-1997 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, იყო უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე და მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება აჭარის პროკურატურის მიერ გამოძიებული საქმე სერგო გოგიტიძის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების თაობაზე.
სასამართლო განაჩენის მიხედვით, გოგიტიძე დამნაშავეა სამსახურებრივი უფლებამოსილების ანგარებით ბოროტად გამოყენებაში, რაც გამოიხატა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის _ დავით ასანიძის გატაცებასა და მის მძევლად ხელში ჩაგდებაში. სასამართლომ ასევე დადგენილად ცნო განსასჯელის ბრალეულობა დაზარალებულების _ ამირან შამილაძისა და მიხეილ ტაკიძის ანგარებით უკანონო დაპატიმრებასა და მათგან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვაში. ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ მაღალჩინოსანს ხულიგნობისთვისაც დაედო მსჯავრი, რაც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი აქტივისტის ცემაში გამოიხატა თავად გოგიტიძისა და მისი თანმხლები ნიღბიანი პირების მიერ.
ყველა ამ ბრალდების დამტკიცების მიუხედავად, სასამართლომ სერგო გოგიტიძე დაზარალებულების _ შამილაძისა და ტაკიძის უკანონო დაპატიმრებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის დანიშნული სასჯელების მოხდისგან გაათავისუფლა. ამის საფუძველი გახდა კანონის მოთხოვნა, კერძოდ, დანაშაულების ჩადენის მომენტისთვის მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 49-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლა. ჩადენილი სხვა დანაშაულობებისთვის კი სერგო გოგიტიძეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ასევე განიხილა დაზარალებულების სამოქალაქო სარჩელები და მსჯავრდებულს საპატიმრო სასჯელთან ერთად ქრთამად აღებული თანხების _ ამირან შამილაძისათვის 170 000 დოლარის, მიხეილ ტაკიძისათვის _ 50 000 დოლარის გადახდა, დავით ასანიძისთვის დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის _ 20 000 დოლარის ანაზღაურება დაეკისრა.
2005 წელს, სასამართლომ გოგიტიძეს უძრავი ქონებაც, მათ შორის სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი ქობულეთის პრესტიჟულ უბანში, ჩამოართვა და მხოლოდ ერთი ბინა დაუტოვა.
რაც შეეხება ასლან აბაშიძის დაცვის სამსახურის ყოფილ უფროს, დავით ხალვაშს _”ქელფეთას”, დღეისათვის ისიც ძებნაშია და მას ფულის გამოძალვასა და “ვარდების რევოლუციის” დროს აქციის მონაწილეების დარბევაში ედება ბრალი.