შეხვედრას თავად მინისტრიც დაესწრო, რომელმაც განაცხადა, რომ შრომის კანონმდებლობის შეცვლის დავალება პრემიერ-მინიტრ ბიძინა ივანიშვილისაგან პირველივე შეხვედრაზე მიიღო.
“რეალურად დღეს საქართველოს არა აქვს ტექსტი, რომელსაც შეიძლება შრომის კოდექსი ეწოდოს. ამიტომაც, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა არა კაბინეტებში, როგორც ეს ადრე ხდებოდა, არამედ, გვქონდა კონსულტაციები სხვადასხვა ორგანიზაციებთან, პროფკავშირებთან, დამსაქმებლებთან. ამ კოდექსში დაბალანსებულია დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებები, რაშიც დაგვეხმარა შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია. მთავარი ამ პროექტში არის ის, რომ დამსაქმებელს არ შეეძლება დასაქმებულის ერთი ხელის მოსმით გაშვება სამსახურიდან, ეს არის ყველაზე დიდი სიახლე,” _ განაცხადა თეა წულუკიანმა.
შრომის ახალ კოდექსთან დაკავშირებით, მცირე შენიშვნები აქვს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილს, თუმცა, მთლიანობაში, ის ფიქრობს, რომ პროფკავშირების ძირითადი მოთხოვნები პროექტში გათვალისწინებულია.
“პროექტის მიხედვით, ასევე შრომითი ურთიერთობის ზეპირი შეთანხმებები წერილობით ხასიათს შეიძენს. უფრო მაღალი ხარისხით იქნება დაცული დროებით დასაქმებულთა ინტერესები და აგრეთვე, მე, როგორც ქალ მინისტრს მინდა, რომ ქალთა უფლებები უფრო მეტად იყოს დაცული. ჩვენ ვითვალისწინებთ ბიზნესსამყაროს წუხილს, რომ საქართველოს არ უნდა ჰქონდეს მოუქნელი შრომის კანონმდებლობა, მაგრამ შრომის კოდექსი უნდა იყოს ისეთი, დასაქმებულის უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული. ზეპირი ფორმები შეიძენენ წერილობით და უფრო დეტალურ ხასიათს. დროებით დასაქმებულთა ინტერესები იქნება მაღალი ხარისხით დაცული. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იფიქროს დამსაქმებელმა, რომ შრომის კოდექსი მასზე იქნება მორგებული,” _ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
აღნიშნული პროექტით, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნის რამდენიმე საპატიო მიზეზი არსებობს: შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რაც განაპირობებს წარმოებისთვის აუცილებელი სამუშაო ძალის შემცირებას, ხელშეკრულების ვადის გასვლა, დასაქმებულის გარდაცვალება, დასაქმებულის მიერ თანამდებობის, სამუშაოს დატოვება საკუთარი ინიციატივით, დასაქმებულის არაკომპეტენურობა, დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა ან სისტემატური დარღვევა. დამსაქმებელი ვალდებულია, ხელშეკრულების შეწყვეტა დასაქმებულს 30 დღით ადრე შეატყობინოს . იმ შემთხვევაში კი, თუ ამას ვერ მოახერხებს, ის დასაქმებულს 1 თვის ხელფასს უხდის. დამსაქმებელი ვალდებულია, დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო დავის განხილვის დროს, მტკიცების ტვირთი მას დაეკისრება და არა სამსახურიდან გათავისუფლებულს.
ახალი კანონმდებლობით, გაუქმდა ისეთი ტერმინი როგორიცაა შრომითი ხელშეკრულების “მოშლა”, რადგან იუსტიციის მინისტრის მოადგილის სანდრო ბარამიძის განმარტებით, ეს სიტყვა ყველას გვესმოდა როგორც “შეწყვეტა” და კოდექსშიც ასე ჩაიწერება.
პროექტის მიხედვით, დაუშვებელია დისკრიმინაცია და დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად მიჩნეულია დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება რომელიმე პროფესიული კავშირის წევრობის გამო.
პროექტის ავტორები განსაზღვრავენ იმ პირთა წრეს, რომელთა სამსახურიდან დათხოვნა დაუშვებელია, და მათ შორის პარლამენტარ კობა დავითაშვილის დაჟინებული მოთხოვნით მოხვდნენ ნაფიცი მსაჯულები. არც ერთ დამსაქმებელს არ ექნება უფლება სამსახურიდან გაათავისუფლოს დასაქმებული, თუ ის ნაფიცი მსაჯულის ფუნქციას ასრულებს.
ახალი კანონმდებლობით შემოტანილია ახალი ინსტიტუტი _ კოლექტიური დათხოვნა, რაც სულ მცირე, 10 კაცის სამსახურიდან ერთდროულად დათხოვნას გულისხმობს. ამ შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია წინასწარი შეტყობინება გააკეთოს 45-90 დღით ადრე და ეს ვადები დამოკიდებულია საწარმოს მოცულობასა და დათხოვნილთა რაოდენობაზე.
იუსტიციის მინისტრის თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება დაკავშირებულია ზეგანაკვეთურ შრომასთან, რაც, როგორც წესი, ჩვენს ქვეყანაში არასოდეს ანაზღაურდება.
დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 41 საათს. სამუშაო დროში არ იგულისხმება შესვენების და დასვენების დრო.
ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა სამუშაოს შესრულება 41 საათზე ზემოთ, მაგრამ სამინისტრომ გაითვალისწინა დამსაქმებელთა ინტერესები და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება დააკისრა 48 საათს ზევით შესრულებულ სამუშაოზე.
48 საათს ზევით შესრულებულ სამუშაოზე დამსაქმებელი დასაქმებულს უხდის ხელფასის საშუალო საათობრივი განაკვეთის არანაკლებ 1.25-ის ოდენობით.
ახალი კოდექსით გაზრდილია შრომისუუნარობის ვადა; ადრე, შრომისუუნაროდ იწოდებოდა დასაქმებული, თუ მისი გაცდენა ზედიზედ აღემატებოდა 30 კალენდარულ დღეს; ახალი პროექტით კი, შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 60 კალენდარულ დღეს ან 6 თვის განმავლობაში გაცდენები აჭარბებს 90 დღეს.
კანონპროექტის ავტორებმა ჩვენში გაფიცვებთან დამკვიდრებული ტრადიციის მოშლაც განიზრახეს და ცალსახად განაცხადეს, რომ გაფიცვის დაწყება დამსაქმებელთან მოლაპარაკების დაწყებამდე, არაგონივრულია.
“ჩვენში იყო პრაქტიკა, რომ სანამ დაიწყებოდა მოლაპარაკებები, გამაფრთხილებელი გაფიცვები იმართებოდა. როგორ ჩვენმა უცხოელმა კოლეგებმა აგვიხსნეს, ეს სრულიად არაგონივრული მიდგომაა, რადგან გაფიცვა უნდა შემოინახო იმ დროისთვის, როცა ვერ მიაღწევ მოლაპარაკებას; ამიტომ, დაწესებულია 21-დღიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც გაფიცვა მიზანშეწონილი არ იქნება.
საქართველოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი “გურია ნიუსთან” საუბარში აცხადებს, რომ ახალი შრომის კოდექსი ბევრ პრობლემას შექმნის ბიზნესისთვის ისედაც პრობლემატურ სივრცეში.
“რა თქმა უნდა, თუ სამსახურიდან გაუშვებ ისეთ ადამიანს, რომელიც რომელიმე პროფკავშირის წევრია, ის აუცილებლად გიჩივლებს, ჩათვლის, რომ სწორედ ამ ნიშნით მოხდა მისი გაშვება. მეორეც არ მესმის მე, როგორც დამსაქმებელს, რატომ არ მაქვს იმის უფლება, რომ სამსახურიდან გავუშვა ის, ვინც აღარ მჭირდება?! რა თქმა უნდა, გადავუხდი კომპენსაციას, მაგრამ დასაბუთების ტვირთი რატომ მეკისრება?! ეს კოდექსი ჩემს უფლებებს არღვევს. როდესაც ოჯახში სიყვარული კვდება და ცოლ-ქმარი შორდება, ისინი, უბრალოდ, შორდებიან ერთმანეთს და დამსაქმებელი დასაქმებულს როგორ ვერ უნდა დაშორდეს, არ მესმის!” _ განაცხადა ფადი ასლიმ “გურია ნიუსთან” საუბარში.