ამ სოფლების მცხოვრებლებს უამრავი პრობლემა აქვთ, მაგრამ ნომერ პირველ პრობლემად მაინც საბავშვო ბაღის უქონლობას ასახელებენ.
ნანა ჩაგანავა: “ჩვენი ბავშვები ყველაფერს მოკლებულნი არიან. უკვე წლებია საბავშვო ბაღის გარეშე ვართ დარჩენილები. გვპირდებიან, მალე იქნებაო, მაგრამ ამ “მალეს” არ დაადგა საშველი. რძალი მოვიყვანეთ სამტრედიიდან და ახლა აქ არ ჩერდება, ბავშვს განათლებას ვერ ვაღებინებო და დედასთან მიდის. რა ვქნა, როგორ ვუთხრა, არ წახვიდეო?! ასეა უმეტესობა _ როგორც კი წამოიზრდებიან ბავშვები, რძლები სახლში არ გვიჩერდებიან, თავიანთი შვილების უკეთესი მომავლისთვის ტოვებენ სოფლებს. ჩვენი სოფელი რომ დაჩაგრული და მიტოვებულია, იქიდანაც ჩანს, რომ ერთი აფთიაქი არაა სამ სოფელში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა მოიყვანეს და როგორც კი სააკაშვილი აირჩიეს, მეორე დღესვე გააქროლეს ეს მანქანა ისევ. ჩვენი პატრონი და გამკითხავი არავინაა. ამ არჩევნებზე ჩვენთან ისევ ნაციონალებმა გაიმარჯვეს, მაგრამ ახალი მთავრობის იმედი გვაქვს. იქნებ, იმიტომ მაინც მოგვაქციოს ყურადღება, რომ მომავალ არჩევნებზე ხალხმა აზრი შეიცვალოს. წინასაარჩევნოდ ათასი დაპირება მოგვცა ახლანდელმა მაჟორიტარმა, მაგრამ არჩევის მერე თვალით არ გვინახავს”.
მზია ჭუბაბრია: “მე საბავშვო ბაღის გამგე ვიყავი ადრე. ბაღის შენობაში დევნილები შეასახლეს, მაგრამ ისეთი საშინელი პირობები იყო, ვერ გაჩერდნენ და გადავიდნენ. იმის მერე ბაღს ფუნქციონირება არ გაუგრძელებია. იმას ვერ იტყვიან, ბავშვების რაოდენობა მცირეა და ამიტომ არ იხსნებაო. მოთხოვნაც დავაყენეთ, ბავშვებიც არიან, მაგრამ არავინ ყურადღება არ მოგვაქცია. მივმართეთ ადგილობრივ გამგეობას, სოფლის რწმუნებულს, პასუხი კი არსაიდან არ ჩანს. სამი სოფელია და ერთში მაინც რომ გვქონდეს საბავშვო ბაღი, გაიჭირვებს მშობელი და მოიყვანს. სკოლამდელი აღზრდა ხომ აუცილებელია ბავშვებისთვის და რატომ უნდა იყვნენ დაჩაგრული ჩვენი შვილები? სხვაგან ვერსად ნახავთ სოფელს, საბავშვო ბაღი რომ არ იყოს. ის კი არადა, ზოგიერთი უკვე მეორეჯერ გაარემონტეს, ჩვენ კი შენობა არ გვაქვს, თორემ გარემონტებას და თუნდაც ინვენტარიზაციას, მშობლების დახმარებითაც მოვახერხებდით”.
ნანა კოტრიკაძე: “იყო შემოთავაზება – კერძო საბავშვო ბაღი გახსენითო, მაგრამ ამას რომ კატასტროფულად დიდი თანხები უნდოდა, იმას კი აღარ გვეუბნებოდნენ, საიდან უნდა მოიტანეთო. ეს სახელმწიფომ უნდა გააკეთოს, კერძო ბაღის გახსნისთვის საჭირო ფული სოფელში არავის აქვს. ახლა ზამთარია, მაგრამ წარმოიდგინეთ შემოდგომაზე და გაზაფხულზე როგორ უჭირთ მშობლებს _ ბავშვს მიხედონ თუ მინდორში გავიდნენ სამუშაოდ? ბაღი რომ იყოს, დატოვებდნენ ბავშვს და წყნარად იმუშავებდნენ. ჩვენ რომ მთავრობისგან მიტოვებულები ვართ, ამას რად უნდა ლაპარაკი? პირუტყვის ქურდობისგან შეწუხებული მოსახლეობა უწყლობას, უშუქობას და უგაზობასაც ვუჩივით, მაგრამ რა გინდა _ ილაპარაკე და იყავი. მე ადრე ნაციონალების მხარდამჭერი ვიყავი, ბევრჯერაც გამიკეთებია ისე, რომ მათ არჩევნებში გაემარჯვათ, მაგრამ ვნახე, რომ ჩვენს თხოვნაზე ყურიც არ გააპარტყუნეს, კრიმინალური მდგომარეობით არ დაინტერესდნენ და ერთი განცხადებაც არ წაიკითხეს. ის კი არა, ვანო მერაბიშვილს პირადად გადავეცი პირუტყვის ქურდობასთან დაკავშირებული სოფლის განცხადება და მეგონა, სააკაშვილი რომ გაიგებს, ყველაფერს ეშველება,-მეთქი, მაგრამ… ამ არჩევნებში ჩვენთან “ქართულმა ოცნებამ” ვერ გაიმარჯვა _ ეს ცალკე თემაა, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი მთელი სოფლის სახელით _ თუ ახალი მთავრობა ყურადღებას მოგაქცევს და ამ სამ სოფელში რაიმეს გაკეთებას დააპირებს, ეს პირველი საბავშვო ბაღი უნდა იყოს. აი, მაშინ ბოდიშსაც მოვიხდით და პირველები ჩვენ ვიქნებით, ვინც ოცნების ასრულებას მთელ ქვეყანას მოვდებთ.”
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა აბაშის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სამსახურის უფროსს დარეჯან ელიაძეს: “კეთილარის საბავშვო ბაღში ადრე დევნილები შესახლდნენ. ამჟამად არც კეთილარში, არც ნორიოში და არც წყემში არ გვაქვს საბავშვო ბაღები. ჩვენ ვიცით, რომ ეს პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას მოსახლეობაში და სამომავლოდ გვაქვს დაგეგმილი კეთილარის ცენტრში შენობის აგება, მაგრამ როდის იქნება ეს, ჯერ ვერ გეტყვით”, _ გვითხრა ელიაძემ.