ყრილობაზე არჩეულ იქნა მთავარი კომიტეტის განახლებული შემადგენლობა, რომელიც ყრილობებს შორის პერიოდში პარტიის საქმიანობას უხელმძღვანელებს.
ყრილობამ მიიღო გადაწყვეტილება 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აღებული ტაიმ–აუტის შეწყვეტის და აქტიური პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების შესახებ.
ყრილობაზე გაიმართა პოლიტიკური დებატები, რომლის საფუძველზეც მიღებულ იქნა პოლიტიკური დოკუმენტი: “ჩვენ ვთვლით, რომ პოლიტიკურ პარტიათა შორის კონკურენციის არარსებობის პირობებში ჩატარებული ბოლო არჩევნების შემდეგ მრავალპარტიული დემოკრატიის დამკვიდრებისთვის საკმარისი არ იქნება მმართველ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიების კონკურენცია, რადგან ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი მოითხოვს არა მხოლოდ კონკურენციას, არამედ ოპონირებას, რაც კოალიციის პირობებში წარმოუდგენლად მიგვაჩნია, ხოლო ნაციონალური მოძრაობა ვერ იქნება სრულფასოვანი ოპონენტი. ამიტომ, ვიქნებით იმ პროცესის ინიციატორი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში პოლიტიკური სისტემის ძირეულ რეფორმირებას, გამორიცხავს ერთპარტიული დიქტატურის პერსპექტივებს და შექმნის მყარ საფუძველს კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად”, – ნათქვამია რეზოლუციაში.
რეზოლუციის თანახმად, “ახალ მემარჯვენეებს” საქართველოს სახელმწიფოსთვის უალტერნატივოდ მიაჩნიათ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის დინამიური პროცესი და ამ პროცესისთვის მყარი გარანტიების შექმნა.
“ჩვენთვის და საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის არც ისე ნათელია როგორ მოხერხდება რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის პირობებში ამ ქვეყანასთან ურთიერთობის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ ხაზად გამოცხადებაც და ნატოში საქართველოს გაწევრიანების მყარი გარანტიების შექმნაც, აღმოსავლური პარტნიორობის განვითარება და ევროპული ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობის მიღწევა”, – ნათქვამია რეზოლუციაში.
“ახალი მემარჯვენეების” განცხადებით მათი საქმიანობის მთავარი მიმართულება კვლავ იქნება ბიზნესისთვის უსაფრთხო და პროგნოზირებადი გარემოს შექმნა, ქართული სოფლის აღორძინება და მისი გადაქცევა მიმზიდველ ადგილად ქვეყნის მოსახლეობისთვის.
” ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ხელისუფლებასთან, რათა მართლაც მოხდეს ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია ამ ტიპის დანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობის გაუქმების გზით, საგადასახადო კოდექსის ორგანულ კანონად გადაქცევით მივაღწიოთ ბიზნესისთვის უსაფრთხო და პროგნოზირებადი გარემოს შექმნას, მონოპოლიების ერთხელ და სამუდამოდ მოსპობას და საბაზრო ეკონომიკის მთავარი პრინციპების _ კანონის წინაშე თანაბრობის და კონკურენტული გარემოს დამკვიდრებას”, – ნათქვამია რეზოლუციაში.