“კუბლაშვილს ეჩვენება, რომ მას ვებრძვი. მინდა დავამშვიდო და მივცე მაგალითი _ მან კარგად იცის, რომ არსებობს ნოტარიუსთა პალატა, რომელსაც კურირებს იუსტიციის სამინისტრო. ნოტარიუსთა პალატა, ისევე როგორც მოსამართლეთა კონფერენცია, თვითმმართველობაზე აგებული ორგანოა, მაგრამ დღეს არსებული ცუდი კანონით პალატა ირჩევს თავჯდომარეს, რომელსაც იუსტიციის მინისტრი წარადგენს. ნოტარიუსთა პალატის შემთხვევაში მე ვთმობ ჩემს უფლებას და მათ ვაძლევ საშუალებას, თვითონ წარადგინონ თავმჯდომარეობის კანდიდატი. მომბაძოს კოტე კუბლაშვილმა და დათმოს ის უფლებამოსილება, რაც ჩვეულებრივ მოსამართლეს თავისუფლად სუნთქვის საშუალებას არ აძლევს,” _ განაცხადა თეა წულუკიანმა “რუსთავი 2”-ის ეთერში.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევა ღია კენჭისყრით ხდებოდა და კუბლაშვილი არამარტო წარადგენდა მისთვის სასურველ კანდიდატებს, არამედ პირადადაც ამოწმებდა, რომელმა მოსამართლემ დაუჭირა მას მხარი და რომელმა _ არა.
“რომელი მოსამართლე გაბედავს, რომ თავისი თავისუფალი აზრი დააფიქსიროს? ჩვენ კენჭისყრას ჩავატარებთ ფარულად და თითოულ მოსამართლეს ექნება საშუალება, დააყენოს თავისი კანდიდატურა ან კოლეგა, რომ გახდეს იუტიციის საბჭოს წევრი. ჩვენ დავადგინეთ არჩევნების წესი, რომელიც ხელს უწყობს იმას რომ კონფერენცია საარჩევნო ტექნოლოგიების საშუალებით მივიდეს კონსესუსამდე, თუ ვინ იქნება კანდიდატი და შემდეგ ეყრება კენჭი,” _ განაცხადა თეა წულუკიანმა მართლმსაჯულების რეფორმის პროექტზე საუბრისას.