სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის სახელზე, სამინისტროსა და შესაბამის რესურსცენტრებში, 2013 წლის 14 იანვრის ჩათვლით, 830 განცხადებაა შესული. 28 იანვრის მონაცემით 309 განცხადება განიხილეს.
კომისიაში გურიიდან სულ 21 განცხადება შევიდა. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულის სტატუსზე პრეტენზია ოზურგეთის 10 საჯარო სკოლის დირექტორს და 4 თანამშრომელს ჰქონდა, ჩოხატაურიდან 3 დირექტორს და რესურსცენტრის 2 თანამშრომელს, ხოლო ლანჩხუთში 1 დირექტორს და 1 თანამშრომელს.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, რამდენიმე პიროვნებამ სასურველი სტატუსი ვერ მიიღო. მათ შორის არის ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი, ეთერ წილოსანი, რომელსაც არჩევნების შემდეგ “გაახსენდა”, რომ პოლიტიკური დევნილი იყო _ ოღონდ არა სკოლის დირექტორობის დროს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი მარგველაშვილისთვის გაგზავნილ საჩივარში წილოსანი აღნიშნავდა, რომ ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორობიდან ის პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. ამას წილოსანი ჩვენთან საუბარშიც ადასტურებდა, თუმცა კომენტარს არ აკეთებდა ერთ მნიშვნელოვან დეტალზე _ წილოსანი რესურსცენტრიდან არავის გაუთავისუფლებია. 2011 წლის 5 ნოემბერს, მან და იმდროინდელმა პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა მანანა ჯინჭარაძემ (ეს უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნებზე “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი იყო ჩოხატაურში, ხოლო წილოსანი _ დაბის #1 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე), რომელიც ახლა საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელია, თანამდებობები გაცვალეს. იმ დროს, წილოსანს ამ ცვლილებებზე კომენტარები არ გაუკეთებია. სკოლის დირექტორი სიტყვაუხვობით არც მაშინ გამოირჩეოდა, როცა “ნაციონალების” წინასაარჩევნო ფარულ შეხვედრებს პედაგოგებთან ერთად ესწრებოდა, თუმცა, ამ ყველაფერს ხელი არ შეუშლია, რომ თავი პოლიტიკურ დევნილად მიეჩნია.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, თიკო ფეიქრიშვილის თქმით, ამ ეტაპზე, ცნობილი არ არის, თუ რამდენი განცხადება დაკმაყოფილდა გურიიდან:
_ ძალიან ბევრი განცხადებაა შემოსული და შესაბამისად, ყველა განცხადება განხილული არ არის. ამიტომ, ამ ეტაპზე არ შემიძლია გითხრათ გურიიდან შემოსული განცხადებებიდან რამდენს ეთქვა უარი უკანონოდ განთავისუფლებულის სტატუსზე და რამდენი დაკმაყოფილდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ფეიქრიშვილმა.