მოეხსნას გრიფი “საიდუმლო” ცნობილი სისხლის სამართლის საქმეებს; საქართველოს პარლამენტის მიერ პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიენიჭოთ იმ პირებს, რომლებიც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ცნობილები იყვნენ ამ სტატუსის მატარებლად, მაგრამ პატიმრობიდან გათავისუფლდნენ ამნისტიის კანონის მიღებამდე; დროულად იქნეს შემუშავებული საკანონმდებლო აქტი, რომელიც ხელს შეუწყობს პოლიტპატიმრების სრულ რეაბილიტაციას და მათი ღირსების აღდგენას; თბილისის N1 საპყრობილის შენობა, რომლის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო წინა ხელისუფლებამ, შენარჩუნებულ იქნას არსებული სახით და მასში განთავსდეს წამების მუზეუმი; 8 თებერვალს, საქართველოს პარლამენტში დაგეგმილია პრეზიდენტის გამოსვლა, რაც არ უნდა იქნას დაშვებული.
ყოფილი პოლიტპატიმრები მიმართავენ პროკურატურას, შეუჩეროს უფლებამოსილება პოლიტპატიმრების საქმეებში მონაწილე პროკურორებს და ასევე, დადგეს მოსამართლეთა პასუხისმგებლობის საკითხიც. ისინი, ასევე, ითხოვენ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გარკვეული დროის დათმობას მათი საქმეების განხილვისათვის. ყოფილი პოლიტპატიმრები პარლამენტს სთხოვენ, დაიწყოს პროცედურა სააკაშვილის ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში წარსადგენად.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია აცხადებს, რომ მათი მოთხოვნა სამართლიანია და ე. წ. “ჯაშუშურ საქმეებს” გრიფი ნაწილობრივ უნდა მოეხსნას. რაც შეეხება თინა ხიდაშელს, ის ფიქრობს, რომ არსებული კანონი სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებზე გრიფის მოხსნას არ ითვალისწინებს.
“არსებობს კანონი, რომელიც ამ პროცედურას არეგულირებს. ამას კონკრეტულ საქმეებთან არანაირი კავშირი არ აქვს, ეს არის ზოგადი წესი, რომელიც არსებობს გარკვეული სისხლის სამართლის საქმეებზე და უნდა დავიცვათ,” – აცხადებს თინა ხიდაშელი.
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ ყველა საქმე უნდა გასაჯაროვდეს, რათა საზოგადოება ერთხელ და სამუდამოდ დარწმუნდეს, რა ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს და როგორ იკერებოდა ე. წ. “ჯაშუშური საქმეები”.