ამის შესახებ ბერიძემ, დღეს, ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“არასამთავრობო ორგანიზაციები ამ შეხვედრებისადმი (იგულისხმება უმაღლესი საბჭოსა და არასამთავრობოების ტრადიციული შეხვედრები, რომელიც ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭომ დაამკვიდრა) იჩენენ უკვე ნაკლებ ყურადღებას. მხედველობაში მაქვს, რომ თუ წინა პირველსა და მეორე შეხვედრაზე წარმოდგენილი არანაკლებ 10 სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, ძირითადად, მათი ხელმძღვანელების სახით და ეს იყო სხვადასხვა მიმართულების არასამთავრობოები, მაგალითად ექპერტები, საარჩევნო მიმართულებით მომუშავეები, იურისტები, ეკონომისტები და ა.შ. ამ შეხვედრაზე მხოლოდ ორი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი – “დემოკრატიის ინსტიტუტი“ და “სამართლიანი არჩევნები“. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ მზად ვართ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისათვის. იმ დღეს უფრო მეტი მასმედიის წარმომადგენელი იყო, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაცია. არა სიტყვიერი პოლემიკა, არა სიტყვიერი ბრალდებები, ხშირად თითიდან გამოწოვილი, არამედ – თანამშრომლობა. წინა შეხვედრაზე, რომ დაასახელეს, ჩვენი ვებგვერდი ყოფილიყო ყველასათვის და ეს გავაკეთეთ, ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, იდება ვებზე და ანონსირება ხდება,” _ ამბობს ბერიძე.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე არასამთავრობოების მუშაობის თავისეულ ხედვასაც გვანდობს და ამბობს, რომ ისინი უფრო მეტად აქტიურები უნდა იყვნენ.
“არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ზოგადად აინტერესებს უმაღლესი საბჭოს მუშაობა, ვფიქრობ, უნდა დაინტერესდეს ამ კომისიაში მოსვლით, კომისიის წევრებთან გასაუბრებით, კანონპროექტი უნდა წაიღოს, დაამუშაოს და მოიტანოს ალბათ, და უნდა გვითხრას, მე კი არ უნდა მითხრას, კომისიის წევრებს უნდა უთხრას, მაგალითად, მე-5 პუნქტში რომ გიწერიათ ესა და ეს კანონის შეუსაბამოაო. უი, ჩვენ ვეტყვით, რა კარგია რომ გვითხარი! ეს არის თანამშრომლობა. მოვუწოდე მაშინაც და ყოველთვის მოვუწოდებ აქტიურად იყონ ჩართულები, ჩვენ გამჭვირვალე ვართ, ჩვენ არაფერს არ ვმალავთ,” – დასძენს ავთანდილ ბერიძე.
ავთანდილ ბერიძე უმაღლესი საბჭოს დაძაბულ სამუშაო რეჟიმზე და შრომის ანაზღაურებაზეც საუბრობს.
“ჩვენ არდადეგებზე არ წავსულვართ, ჩვენ არ დაგვისვენია, ჩვენ ვმუშაობთ შაბათსაც და კვირასაც და არავის არ ვამადლი. სხვანაირად არ გამიგოთ, ჩვენ ამაში გვიხდიან მაღალ ხელფასს. შესაბამისად ვმუშაობთ. ვამართლებთ, ვფიქრობ, იმ ხელფასს. საქმე არის მოგროვებული. შეიძლება ერთი წლის მერე არ დაგვირჩეს ამდენი საქმე, მაგრამ ამ ეტაპზე ბევრი საქმეა. ბევრი კანონია გასასწორებელი, ბევრი დასაწერი. ვფიქრობ, რომ ვმუშაობთ,” – ამბობს რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი.