_ ბატონო უჩა, მთავრობის შეცვლის შემდეგ, კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან რეგიონებში კანონიერად არჩეული თვითმმართველი ორგანოს წარმოადგენლებზე ზეწოლა გახშირდა. თქვენი აზრით ეს ნორმალური პროცესია?
_თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევა არ უნდა ხდებოდეს. ეს დაუშვებელია. სამწუხაროდ, არჩევნების შემდეგ, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებში რეალურად გაჩნდა ცრუ მოლოდინი იმისა, რომ შეცვლილიყო სისტემა. ქვეყანაში მხოლოდ საპარლამენტო არჩევნები იყო შესაბამისი შედეგით, რაც არ ეხებოდა ადგილობრივ თვითმმართველობას. როგორც ჩანს, მათ ამის შესახებ არავინ განუმარტა. როგორც ჩემთვის ცნობილია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის მომავალ წელს. ის ადამიანები თანამდებობაზე კანონის ფარგლებში რჩებიან. ზოგს ნამდვილად აქვს სურვილი დატოვოს თანამდებობა, რადგან პოლიტიკური ძალა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო ხელისუფლებაში ოპოზიციაშია გადასული, მაგრამ, როდესაც საუბარია ზეწოლის ფაქტებზე, სახალხო დამცველის აპარატი ცდილობს ნებისმიერი ფაქტი შევისწავლოთ. ჩვენს წარმოადგენლებს ვაგზავნით ადგილზე, მაგრამ თითზე ჩამოსათვლელი ფაქტებიდან საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებული მოქალაქეები მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ, არ აქვთ სურვილი ხმამაღალი განცხადება გააკეთონ და ახსნა-განმარტებას არ გვაძლევენ. ეს დამაბრკოლებელი ფაქტორია, ამის შემდეგ, ვეღარ ვიწყებთ რეაგირებას. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვსწავლობთ ყველა განცხადებას, რომელსაც საჯარო მოხელე ან ადგილობრივი თვითმმართველობის ნებისმიერი წარმოადგენელი მედია საშუალებებით აკეთებს. რამდენიმე საქმე შესწავლის პროცესშია.
_ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის თვითმმართველ ორგანოში კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლები მათთვის სასურველი კანდიდატის დანიშვნას ითხოვენ და საპროტესტო აქციას მართავენ. რაიონიდან დედაქალაქში გასაპროტესტებლად ჩამოსვლა ნიშნავს თუ არა იმას, რომ მთავრობა რეგიონებში სიტუაციას ვერ აკონტროლებს და ინტერესდება თუ არა ასეთი ფაქტებით სახალხო დამცველის აპარატი?
_ ფაქტია, თვითმმართველობის უმრავლესობაში სიწყნარეა. რამდენიმე ადგილია, სადაც დაპირისპირება და აქციები ხმაურით მიმდინარეობს. ჩემი აზრით, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პირდაპირი ან ირიბი ზეწოლა რომ ყოფილიყო, შეეძლოთ ადრე მოეგვარებინათ ეს საკითხი. ვფიქრობ, ეს ყველაფერი თვითდინებაზეა მიშვებული. ფაქტობრივად, სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ადგილზე ხდება კონკრეტული საკითხების გარკვევა. კიდევ ერთელ ვიმეორებ, პრობლემა გვიჩნდება ჩვენც, რადგან კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით უმეტესობა არ საუბრობს. არის რამდენიმე ფაქტი, რომელსაც ვერავინ უარყოფს, რადგან არსებობს კონკრეტული შეჭრის ვიდეო კადრები. ყველა მხარეს უნდა მოუსმინო, თუმცა როდესაც მსგავსი ჩანაწერები არ არის, რთულია… ჩვენ ყველაფერს ვსწავლობთ.
_ რა არის მიზეზი იმისა, რომ ახლო მეგობრებს და ნათესავებს თანამდებობებზე ნიშნავენ?
_ ქვეყანაში ღირებულებების პრობლემაა. ეს არის მთავარი პრობლემა. თუ ადრე ახლობლის დანიშვნა და ნეპოტიზმი ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ზოგი ფიქრობს რომ იგივე შეიძლება გაკეთდეს. წინა ხელისუფალს თუ ეპატიებოდა, ფიქრობს, რომ მასაც ეპატიება.
თითოეულმა ადამიანმა უნდა გაითავისოს, არაფერს მოიტანს იგივე მეთოდები, იგივე ნაბიჯების გადადგმა, ჩვენ იგივე წრეში ვტრიალებთ. თუ არ მოხდა ღირებულებების გადაფასება, რომელიც უნდა იყოს წარმმართველი და მთავარი, ყოველთვის ამ წრეში ვიტრიალებთ. პროფესიონალიზმი, გამოცდილება – ეს არის პრინციპი, რომელსაც პატივს სცემენ დასავლეთის თანამედროვე ქვეყნებში. საქართველოში დასავლური სტანდარტების მაღალ საფეხურზე გადასვლის სურვილი არ არის… ყველამ ვიცით, ადრე როგორ ხდებოდა. კონკრეტულ შემთხვევებში შეიძლება იგივე განმეორდეს.