_ ერთი თვის წინ ის უნივერსიტეტში სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე დაინიშნა, რამდენიმე დღის წინ კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ახლადდაფუძნებულ ინსტიტუტს ჩაუდგა სათავეში. ყოფილი რექტორის დაწინაურებას ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან მეგობრობას უკავშირებენ. სოციალურ ქსელებში საზოგადოების მხრიდან ამ ფაქტს უკვე მოჰყვა უარყოფითი გამოხმაურება:
“მარტო ის რად ღირს, ხადურისა და ნარმანიას ხელდასხმით ხუბუა კვლავ ჯავახიშვილის სრული პროფესორია!
კონკურსსმიღმა დარჩენილი უნივერსიტეტის დამაქცევარი და თანხების მიმთვისებელი ხუბუა, მშენებლობის ნახევარი მასალა საკუთარ აგარაკზე რომ მიჰქონდა, ჩუმად და მიჩქმალულად კვლავ სრული პროფესორია.
იმავე ხუბუას გაუხსნეს მიმართულება, სადაც თავად არის სრული პროფესორი, და ჰყავს 4 ასისტენტ-პროფესორი, აქედან 2 _ მისი ყოფილი მდივნები, ძამუკაშვილი და ჯანაშვილია.
ხომ საკვირველია, სრული და 4 ასისტენტი, არც ერთი ასოცირებული!!!
მაგას კიდევ ის დაემატა, რომ 3 დღის წინ იგი საჯარო სამართლის ინსტიტუტის დირექტორიც გახდა იმავე ჯავახიშვილში, ხადურისა და ნარმანიას ხელდასხმით.
მალე ალბათ რექტორადაც დააბრუნებენ და ვიაროთ ასე წრეზე.
აი, ეს ყოფილა ოცნება. ყველა ნაძირალა, ვინც რაიმე ფორმით მისასვლელ გზებს მოძებნის “ოცნების” ხალხთან, კვალავ იბოგინებს ძველებურად.
ნეტავ, კიღურაძეს როგორ მოსწონს ეს, ან იმავე ქანთარიას და ქავთარაძეს რად აქვთ ჩაგუბებული პირში წყალია? აკი ქართული აკადემიის წევრები ვართო, მაშინ მაგრა გაჰკიოდნენ! გამოდის, აუშენებია ხუბუას ქვეყანა და რას ერჩოდით?! ახლა ყველა მოყუჩდა თავისთვის და რაში აინტერესებთ რა ხდება?” _ წერს ერთ-ერთი ანონიმი.
“გურია ნიუსი” ამ ინფორმაციის გადამოწმებას შეეცადა _ ირკვევა, რომ 2013 წლის 21 იანვარს, “სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე, კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2011 წლის 7 სექტემბრის დადგენილებაში დამატებების შეტანის შემდეგ გია ხუბუა მართლაც დაინიშნა სრული პროფესორის თანამდებობაზე.
12 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი დაფუძნდა. ინსტიტუტის დაფუძნების ერთ-ერთი ინიციატორი საქართველოს ფინანსთა სამინისტროა. “გურია ნიუსმა” გაარკვია, რომ გია ხუბუა მართლაც დაინიშნა ინსტიტუტის აკადემიური დირექტორის თანამდებობაზე. ინსტიტუტს გამგეობა მართავს, რომლის ერთ-ერთი წევრი ფინანსთა სამინისტროა.
“გურია ნიუსმა” კომენტარი ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს სთხოვა. ხადური ხუბუას დაწინაურებასთან კავშირს უარყოფს: “გია ხუბუა დღესაც გერმანიაში მუშაობს და ამ შემთხვევაში წარმოადგენს იმ გერმანულ ინსტიტუტს, რომელიც ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის ერთერთი დამფუძნებელია. გია ხუბუასთვის რეკომენდაცია მე არ გამიწევია,” _ აცხადებს ფინანსთა მინისტრი.
უფლებადამცველი ლია მუხაშავრია, რომელიც რამდენიმე წლის წინ უნივერსიტეტის პროფესორების ინტერესებს იცავდა, აცხადებს, რომ გია ხუბუას ადგილი ციხეშია: “გია ხუბუამ თავისი განკარგულებით დაანგრია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო. უნივერსიტეტის სამეცნიერო ნაწილის გაუქმების შემდეგ მან ამ ნაწილის დაფინანსების საბიუჯეტო სახსრები გამოიყენა სრულიად არამიზნობრივად ანუ გაფლანგა. უნივერსიტეტს ბიუჯეტის მუხლით ორი ნაწილი ჰქონდა: ერთი _ საგანმანათლებლო საქმიანობის დაფინანსება და მეორე _ სამეცნიერო. შუა წელიწადში, ივნისის ბოლოს, ნახევარი წლის საბიუჯეტო სახსრები განკარგეს აბსოლუტურად არამიზნობრივად, რაც რა თქმა უნდა, არის სისხლის სამართლის დანაშაული. გია ხუბუა მაშინ გადარჩა პასუხისმგებლობას. ის უნდა იჯდეს ციხეში, აბსოლუტურად პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე,” _ აცხადებს ლია მუხაშავრია “გურია ნიუსთან”.
უნიკალური წიგნების საზღვარგარეთ გაყიდვის გარდა, გია ხუბუას სახელი კიდევ ერთ სკანდალს უკავშირდება _ მან უნივერსიტეტის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში იმ სამშენებლო კომპანიას გაამარჯვებინა, რომელმაც რექტორს აგარაკის ასაშენებლად უსასყიდლოდ გადასცა სამშენებლო მასალები. გია ხუბუამ ორივე ბრალდება უარყო, თუმცა, 2010 წლის 13 აგვისტოს მაინც დატოვა თანამდებობა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხუბუამ გადადგომის სანაცვლოდ დაუსჯელობის გარანტია მიიღო.