_ ვინ არ იყო ოზურგეთში ჩამოსული, კულტურის მინისტრიდან დაწყებული ადგილობრივი მთავრობით დამთავრებული, მაგრამ ჯერჯეორბით არაფერი არ ხდება. ეს ისტორიული აბანოა, მთელი რეგიონის და საქართველოს ისტორიაა, მოფრთხილება უნდა, _ გვითხრეს ოზურგეთლებმა.
სააგენტოს ნებართვებისა და მიმდინარე პროექტების კოორდინაციის სამსახურის არქეოლოგიის მიმართულების კოორდინატორის, ზურა გიორგაძის ინფორმაციით, 2013 წელს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სააგენტო გეგმავს აღნიშნული ძეგლის (ისტორიული აბანო) კონსერვაციას. მუშავდება პროექტი, რის საფუძველზედაც ა.წ. ზაფხულში მოხდება ძეგლის კონსერვაცია, მასზე იმუშავებენ არქეოლოგები, არქიტექტორები და სხვა კომპეტენტური პირები.
ოზურგეთის ისტორიული აბანო მდებარეობს ქ. ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე, მუნიციპალიტეტის მუზეუმისა და იუსტიციის შენობების გვერდით. იგი 2011 წელს, ხელმეორედ იქნა დადასტურებული (ზემოაღნიშნული ძეგლი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ მოედანზე 1957 წელს, არქეოლოგ ნინო ხოშტარიასა და სხვათა მიერ იქნა მიკვლეული (ხოშტარია ნ., თავაძე გ., ძველ აბანოთა ნაშთები ქ. მახარაძეში, `ლენინის დროშა~, 24.09.1957). თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო არქეოლოგიური გათხრები არ გაგრძელებულა).
ზურა გიორგაძის თქმით, ობიექტის ვიზუალურად შესწავლის შედეგად, 2012 წელს შეიქმნა გათხრების გეგმა-პროექტი. ექსპედიციას ხელმძღვანელობდა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, არქეოლოგი ვაჟა სადრაძე. არქეოლოგიური გათხრები ითვალისწინებდა ძველი აბანოს ნაშთის დადასტურებას, მისი განყოფილებების ფუნქცია-დანიშნულების, მშენებლობის ტექნოლოგიის, ნაგებობის ცალკეული დეტალების და სხვა საკითხების შესწავლას.
შემუშავებული გეგმა-პროექტის თანახმად, აბანოს გეგმარების დაზუსტებლად, მოიხსნა ასფალტისა და ქვაღორღის ფენა. ფენების ჭრილების საფუძველზე გაირკვა ობიექტის გავრცელების სავარაუდო არეალი, აიგეგმა პროექტით გათვალისწინებული (20,5 X 8,5 მ.) გასათხრელი ფართობი და 2012 წელს განხორციელდა არქეოლოგიური სამუშაოები (საფუძველი _ ნებართვა # 09|12|373 11.04.2012).
გათხრების პროცესში აბანოს ტერიტორიაზე გამოვლინდა: თიხის ჭურჭლისა და ქვევრის ნატეხები, ეროზირებული მინის ძირშეზნექილი სანელსაცხებლის ნაწილი, თუჯის დაზიანებული სამფეხა ჯამი, ხისტარიანი რკინის კავი, რამდენიმე თურქული ჩიბუხის ფრაგმენტი და სხვ. შესწავლილი ტერიტორია, ზემოჩამოთვლილი არტეფაქტების საფუძველზე, მკვლევართა დასკვნით (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, არქეოლოგი ვ. სადრაძე), შუასაუკუნეებში ფართოდ ყოფილა ათვისებული. უშუალოდ აბანო, არსებული ინფორმაციის საფუძველზე, წინასწარულად გვიან შუასაუკუნეებით თარიღდება. ძეგლი უნდა ეკუთვნოდეს გურიის სამთავროს ერთ-ერთ მთავარს.