მმართველი პარტიის ერთი ნაწილი უკვე ფიქრობს, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტის გაჩერებით შეცდომა დაუშვეს, რის შედეგებსაც უკვე იმკიან.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისიის უგულებელყოფა ევროპაზე უარის თქმის ტოლფასია.
“როდესაც კონსტიტუციის ცვლილებებზე ან სასამართლო სისტემაში შესატანი ცვლილებების გახორციელებაზეა საუბარი, ყველა ცივილიზებული სახელმწიფო, ევროპის საბჭოს ყველა წევრი სახელმწიფო იწვევს ვენეციის კომისიას და ელოდება მათ დასკვნას. რატომ? იმიტომ რომ ვენეციის კომისია ყველას მიერ აღიარებულია და ჩვენ გვაქვს ვალდებულება, მოვუსმინოთ. ეს, ბუნებრივია, არის რეკომენდაცია, იმიტომ, რომ ძალდატანებით ევროპაში არაფერი არ ხდება. ისინი გვთავაზობენ ძალიან კვალიფიციურ ექსპერტიზას შესატანი ცვლილებების შესახებ. 1995 წლიდან, კონსტიტუციის შემუშავების მომენტიდან დაწყებული მათ რეკომენდაციას ყველა ხელისუფლება ითვალისწინებდა. დღეს თუ ვინმე გადაწყვეტს, არა, აღარ გავითვალისიწინებ და არ დაველოდები ვენეციის კომისიის დასკვნასო, მაშინ საერთოდ დავანებოთ თავი ევროპულ ღირებულებებს. ევროპულ სასამართლოსაც ხომ არ გავანებოთ თავი და მათი გადაწყვეტილებებიც დავაყენოთ ეჭვქვეშ? აქამდეც შეიძლება მივიდეთ ასეთი მიდგომით,” _ აცხადებს “გურია ნიუსთან” კოტე კუბლაშვილი.
მერაბ ტურავა ერთ-ერთი ე.წ. მეამბოხე მოსამართლეა, რომელსაც კოტე კუბლაშვილმა უზენაესი სასამართლო იძულებით დაატოვებინა. ტურავა ამბობს, რომ 2007 წელს კუბლაშვილმა მის მიერ ვენეციის კომისიის დასკვნის უგულებელყოფით თავად თქვა უარი ევროპულ კურსზე:
“2007 წელს ვენეციის კომისიის დასკვნაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლის მიმართ ადგილი ჰქონდა კანონის უხეშ დარღვევას და უკანონოდ მოხდა ჩვენი გაშვება სასამართლო ხელისუფლებიდან. ამ ავტორიტეტული კომისიის დასკვნას და მოსაზრებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისთვის მაშინ არაფრის ფასი არ ჰქონდა. არც მისგან და არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. კანონში საერთო სასამართლოების შესახებ რაღაც უმნიშვნელო ცვლილებები შეიტანეს, მაგრამ ამით ჩვენი უფლებების დარღვევის ფაქტი არ უღიარებიათ,” _ განაცხადა ტურავამ “გურია ნიუსთან”.,