ქალბატონმა “გურია ნიუსის” აბაშის ოფისში წერილი მოიტანა და თან ითხოვა, როგორმე ხმა მიმაწვდენინეთ მთავარ პროკურორისთვისო.
“გურია ნიუსი” წერილს უცვლელად გთავაზობთ.
“ვიცი, ყველა შევაწუხე, ჟურნალისტების დიდი მადლობელი ვარ _ არა ერთი სიუჟეტი გაკეთდა ტელევიზიებით თუ გაზეთებით. მაგრამ დღეს რომ ჩემი გასაჭირი არ გითხრათ, ვერ მოვისვენებ. სოფელში თქვეს, პოლიციიდან გათავისუფლებული თანამშრომლები ისევ აღადგინესო და ეს რომ გავიგე, თითქოს მეორეჯერ მომიკლეს შვილი. ველოდები სამართლის აღდგენას, მაგრამ არ დაადგა ჩვენი საჩივრის ხელახალ განხილვას საშველი.
2007 წლის 25 სექტემბერს, საღამოს 18.45 წუთზე გავიდა ჩემი შვილი ცხენის მოსაყვანად. საძოვრის კართან რომ მივიდა, იქ პოლიციელები ყოფილან ჩასაფრებული, რაღაც სპეცოპერაციას ატარებდნენ თურმე. ცხენთან რომ მივიდა, პოლიციას დაუძახია, შეჩერდიო. ეს არ შეჩერებულა და სროლა აუტეხიათ. ზურგში უსვრიათ. სამი ტყვია აქვს მოხვედრილი, საქმეში კი ორი ნასროლი აქვთ დაფიქსირებული, მესამე ნატყვიარი ჩვენს მიერ მოყვანილმა ექსპერტმა აღმოაჩინა. ის ორი გამავალი ჭრილობაა, მესამე – შემავალი. ტყვია მუცლის ღრუში უნდა გაჩერებულიყო და სწორედ ეს ტყვიაა გამქრალი გვამის გაკვეთის შემდეგ, რათა არ დადგენილიყო, ვისი იარაღით არის მოკლული ჩემი შვილი. გამოუძახიათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, გაურეცხიათ იქვე ონკანზე მოკლული და ქუთაისში წაუსვენებიათ.
მეორე დღეს გვაცნობეს, რომ ზვიადი დაჭრილი იყო და ქუთაისის საავადმყოფოში იმყოფებოდა. ტანსაცმელი წავიღე სახლიდან, საჭირო ნივთები და ადგილზე მისულებმა პროზექტურაში მივაგენით. გამწარებული წამოვედით მე და ჩემი მეორე ვაჟი აბაშის პოლიციაში. არავინ მომაქცია ყურადღება და ფანჯარას ქვა ვესროლე. მაშინ კი გამოცვივდნენ და შეგვათრიეს განყოფილებაში. პოლიციელი ოტია გაბელაია მაგინებდა და იძახდა, ესენიც ჩავხოცოთ და თავიდან მოვიშოროთო. ჩემი შვილი საშინლად სცემეს და საღამომდე პოლიციაში დაგვტოვეს. ჩემი გარდაცვლილი შვილის ჩამოსვენებას არ დავსწრებივარ. მერე ნათესავები მოვიდნენ და ჩხუბის და წივილ–კივილის შემდეგ გამოგვიშვეს. ფანჯრის გაბზარვისათვის 200-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა შეგვიფარდეს. ჯარიმის გადახდის თავი სად მქონდა, არც გამხსენებია ისეთ დღეში ვიყავით. მერე კი ჯარიმა გაორმაგდა და უკვე 400 ლარი გახდა.
ჩემი შვილის მკვლელობის საქმეში სახალხო დამცველის აპარატის ჩართვის შემდეგ იმ ოთხი პოლიციელის ვინაობა დადგინდა, რომლებიც სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ. ესენი არიან: დავით დარცმელიძე, სერგო მიქაძე, ლაშა სიგუა და გურამ ხინტკირია. მას მერე ყველგან მათ გვარებს ვიმეორებ, ყველას დახმარებას ვთხოვ. ჩემი შვილის მკვლელი დავით დარცმელიძე დღეს პარლამენტის წევრია და სინდისი არ აწუხებს. გურამ ხინტკირია ისევ აბაშის პოლიციაში მუშაობს. მიქაძე და სიგუა კი გაათავისუფლეს, მაგრამ არა ამ საკითხზე. ოტია გაბელაიაც მოიხსნა სამსახურიდან და ცოტა გულზე მომეშვა, თუმცა, კაცი, რომელმაც შვილმკვდარ დედას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, დღეს ისევ დააბრუნეს სამსახურში. მარტო მე კი არა, გაიკითხეთ, რამდენი ადამიანი ჰყავს გამწარებული. იმედი მქონდა, ახალი მთავრობის და ჯერ კიდევ არ დამიკარგავს რწმენა, რომ მკვლელები დაისჯებიან. ქალაქში ვეღარ ჩავდივარ, პოლიციის შენობას რომ შევხედავ, არ ვიცი მერამდენედ ვკვდები.
ახლა კიდევ საკრებულოს იურისტად ნინო კუპრეიშვილი დაინიშნა. ის ადრე პროკურორი იყო სენაკის სასამართლოში. სწორედ ნინომ მითხრა, შენი შვილი შეცდომით შემოაკვდათო, მაგრამ საბოლოოდ საქმე სხვანაირად წაიყვანა, დაზარალებულადაც არ მცნო, საქმეში რომ არ ჩაგვეხედა და მასალები არ მაჩვენა. გამგებლის არჩევნები რომ იყო, თქვეს, დარცმელიძეც იქნებაო. მივედი, მინდოდა თვალებში ჩამეხედა მისთვის, მაგრამ ვიღაცამ დაურეკა და საკრებულოში არ მოვიდა. პარლამენტში წავალ, თბილისში ჩავალ და მაინც ვნახავ, როდემდე დამემალება? უკანონოს რას ვითხოვ? ვაცხადებ, რომ ჩემს შვილს პოლიციის უფროსმა დავით დარცმელიძემ ესროლა და საქმის ხელახალ გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას ვითხოვ.
გთხოვთ, ხმა მიმაწვდენინეთ არჩილ კბილაშვილისთვის! იმდენ საქმეს მოჰფინეს ნათელი და იქნებ მეც მომხედონ”.
როგორც ჩვენ გავარკვიეთ, ნოდიების ოჯახს საჩივარი რამდენიმე თვის წინ შეუტანია მთავარ პროკურორთან. იმის გასარკვევად, თუ რა ეტაპზეა ამჟამად საქმე. ვეცადეთ, ოჯახის ადვოკატს დავკავშირებოდით, თუმცა, ვერ მოვახერხეთ.
“გურია ნიუსი” უახლოეს მომავალში ამ თემას დეტალურად გააშუქებს, მანამდე კი, თუ კი ქალბატონი ლალის მიერ დასახელებულ პირებს სურთ საკუთარი მოსაზრება გამოთქვან ამ საკითხზე, “გურია ნიუსი” ამის საშუალებას აუცილებლად მისცემს.