როგორც დეპუტატებმა “გურია ნიუსს” უთხრეს, ზვიად კვაჭანტირაძემ მათ დიმიტრი კვერღელიძის კანდიდატურა პოლიტსაბჭოს სახელით გააცნო: “ეს არის არა მარტო ჩემი, არამედ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებელია გამგეობის დასაბალანსებლად, გაითვალისწინეთ და გადააყენეთ ალეკო მამეშვილი“, – უთქვამს კვაჭანტირაძეს.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, 37 დეპუტატიდან, კვაჭანტირაძესთან შესახვედრად მხოლოდ 7 დეპუტატი მივიდა. როგორც გავიგეთ, უფრო მეტს სურდა მისვლა, მაგრამ როცა გაიგეს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი უნდა დამდგარიყო, თავი შეიკავეს. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ავთანდილ მექვაბიშვილი, ლელა ნაცვალაძე, მერაბ მჟავია, გია ხუჭუა, თამაზ სალუქვაძე, ავთო ნემსაძე და თავად დიმიტრი კვერღელიძე.
_ კი, გვქონდა შეხვედრა. ვისაუბრეთ, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები არ იყო, იყო სამუშაოს კუთხით, ვესწრებოდით 7 დეპუტატი. გვქონდა საუბარი საკრებულოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით. ზვიადმა გვითხრა, რომ დიმიტრი კვერღელიძის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე არჩევა პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებააო, _ თქვა “გურია ნიუსთან” საუბარში რამდენიმე დეპუტატმა, რომლებიც ამ შეხვედრას ესწრებოდნენ.
აღნიშნული ფაქტი “გურია ნიუსთან” დიმიტრი კვერღელიძემ და თავად ზვიად კვაჭანტირაძემ დაადასტურა.
_ ჩემზე იყო, რა თქმა უნდა, საუბარი. მე მხარს მიჭერენ საკრებულოც მთლიანი შემადგენლობით და ბატონი ზვიად კვაჭანტირაძეც. ხელისუფლების უალტერნატივო კანდიდატურაა დიმიტრი კვერღელიძე. სხვა ალტერნატივა არ არსებობს, _ გვითხრა თავად კვერღელიძემ.
_ საერთოდ, მოვიკითხე ამბავი, მაინტერესებდა მათი აზრი. უპირველესად დაინტერესებული ვიყავი, რა აზრის არიან დაგეგმილ თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით. მათ ჰქონდათ ამის თაობაზე შეხვედრები ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან და ეს მაინტერესებდა.
_ ბატონო ზვიად, როგორც ვიცი, 37 დეპუტატიდან შეხვედრას ესწრებოდა მხოლოდ 7 დეპუტატი; დანარჩენები, ჩვენი ინფორმაციით, როცა გაიგეს, შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარის საკითხი უნდა დამდგარიყო, არ მოვიდნენ.
_ დაგეთანხმებით, იყო სულ 7-8 კაცი, მაგრამ ეს ხომ არ იყო საკრებულოს სხდომა? იყო არასამუშაო დღე, ყველა სადღაც გასვენებაში და ქორწილებში იმყოფებოდნენ, ვინც შეძლო მოსვლა, მოვიდა.
_ბატონო ზვიად, შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი ოფიციალურად დააყენეთ?
_ აღვნიშნეთ, რომ “ბუქსაობს” საკრებულო, იგი გახდა უმოქმედო, არ ჩანს ინიციატივები და არის უფუნქციოდ, ძალიან მიძინებულ მდგომარეობაში. მდგომარეობას სერიოზული გაჯანსაღება სჭირდება. სხვათა შორის, ყველა დამეთანხმა, ვინც იქ იყო, _ გვითხრა ზვიად კვაჭანტირაძემ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელმა თამაზ ტრაპაიძემ:
_ საინტერესოა, კონკრეტულად რა პრეტენზიები აქვს მაჟორიტარ დეპუტატს/? კონკრეტულად რას ვერ აკეთებს საკრებულოს თავმჯდომარე? რა ფუნქცია ვერ შეასრულა? რა საქმე ვერ გააკეთა? ეს უნდა თქვას დეპუტატმა. ისე გამორიცხულია, კანონით არ აქვს პოლიტსაბჭოს დებულება, ჩაერიოს ადგილობრივი თვითმმართველობის საკადრო პოლიტიკაში. პოლიტსაბჭოს შეუძლია ჰქონდეს გარკვეული მოსაზრებები გარკვეულ ფაქტებთან დაკავშირებით, დეპუტატს აქვს უფლება საკანონმდებოლო დონეზე სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობაც მიიღოს თვითმმართველობის საკითხებშიც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთპიროვნულად დააყენოს საკითხი, რომ გადააყენეთ ეს პიროვნება და მეორე აირჩიეთო, კონკრეტულად ამ მითითებით, ამის უფლება მაჟორიტარ დეპუტატებს ნამდვილად არ აქვთ და ეს უკვე შეიძლება, რომ ჩარევად ჩავთვალოთ. საინტერესოა დეპუტატებთან შეხვედრას ზეწოლის ფორმა ჰქონდა თუ უფრო რჩევის?
_”გურია ნიუსს” ბატონმა ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა, რომ: “ბუქსაობს“ საკრებულო, იგი გახდა უმოქმედო, არ ჩანს ინიციატივები, და არის უფუნქციოდ, ძალიან მიძინებულ მდგომარეობაში. მდგომარეობას სერიოზული გაჯანსაღება სჭირდება,..
_თუ ბატონი ზვიად კვაჭანტირაძე გულისხმობს, იმას, რომ საქმე არ კეთდება და და საქმის კეთება ვიღაცას უფრო შეუძლია და ამის გამო არ კეთდება, ეს უკვე ზეწოლაა ფაქტიურად. საკრებულოში არიან სხვა წევრებიც, მარტო საკრებულოს თავმჯდომარე განაპირობებს ყველაფერს? მათ არ უნდა მოეთხოვოთ თუ საქმე არ კეთდება? – გვითხრა ტრაპაიძემ.