“გურია ნიუსი” დაინტერესდა, ჰყავს თუ არა კანდიდატები სამართლებრივ საკითხებზე მომუშავე ორ ძირითად არასამთავრობო ორგანიზაციას _ ახალგაზრდა იურისტებს და საერთაშორისო გამჭვირვალობას. ორივე ორგანიზაციის ხელმძღვანელი _ ეკა გიგაური და კახა კოჟორიძე აცხადებენ, რომ ამაზე ჯერ არ უფიქრიათ , თუმცა, დროა საკუთარ რიგებში ყველაზე ღირსეული კანდიდატი შეარჩიონ.
“ჯერჯერობით, ამაზე არ დავფიქრებულვართ. შესაბამისად, არც კანდიდატები შეგვირჩევია. კანდიდატის ძიებას მაშინ დავიწყებთ, როდესაც პარლამენტი კანონს მიიღებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობა იქნება, ერთის მხრივ, საპატიო მისია, მეორეს მხრივ კი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენ ვაცნობიერებთ, რას ნიშნავს იუსტიციის საბჭოს წევრობა _ ეს არის ორგანო, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმირების თვალსაზრისით, ფუნქციურად ყველაზე მეტად არის დატვირთული,” _ განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა კახა კოჟორიძემ.
დღემდე მოქმედი წესით იუსტიციის საბჭოს თოთხმეტი წევრიდან ორ წევრს პრეზიდენტი ნიშნავს, ხოლო ოთხი ადგილი პარლამენტარებს ეკუთვნით.
შემოთავაზებული კანონპროექტი ამ წესის შეცვლას ითვალისწინებს იმგვარად, რომ პრეზიდენტს საბჭოში წევრების დანიშვნა და ასევე პარლამენტარებს მისი წევრობა აღარ შეეძლოთ.
გუშინ იუსტიციის მინისტრმა პარლამენტს ორკვირიანი ვადა მისცა ახალი იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის დასამტკიცებლად. ასე რომ, არასამთავრობოებს კანდიდატების შერჩევისთვის ძალიან მცირე დრო რჩებათ.