_ უშუალო წარმომადგენლები ჩავლენ კონკრეტულ სოფლებში და განახორციელებენ უშუალო დაკვირვებას, – განაცხადა ჩვენთან სატელეფონო საუბარში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის თვითმმართველობის განვითარების და დეცენტრალიზაციის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, ოთარ კონჯარიამ.
მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ “სოფლის მხარდამჭერი” პროგრამის არაეფექტურად გახორციელების მიზეზი ის იყო, რომ არ ტარდებოდა შესაბამისი სოფლის კრებები, სადაც მოსახლეობა თავის მიერ წამოყენებულ იმ პროგრამებს დააყენებდა პრიორიტეტულ საკითხებად, რაც სოფლისთვის იყო საჭირო.
ოთარ კონჯარია: _ სოფელში ხდებოდა ის, რომ ხშირ შემთხვევაში რამდენიმე ადამიანის ან გარკვეული ჯგუფების მიერ ხდებოდა პრიორიტეტების დასახვა და მათი განხორციელება. ამ ეტაპზე, ბუნებრივია, ჩვენი მთავარი მიზანი არის, პრიორიტეტები წამოსული იყოს სოფლის მოსახლეობის მხრიდან და ამ შემთხვევაში მთავარი როლი ენიჭება სოფლის კრებებს. სოფლის კრებები რამდენად რეალურად ჩატარდება, ამის ზედამხედველობას და კონტროლს განახორციელებს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. როდის, რომელ სოფელში, რომელ საათზე ჩატარდება კრება, ამის შესახებ ინფორმაცია გვაქვს. მოულოდნელად, შერჩევითი წესით ძალიან ბევრგან ვაპირებთ, ჩავიდეთ და ვნახოთ, რამდენად დაესწრო ამ კრებებს მოსახლეობა და ინფორმირებული თუ იყო კრების თაობაზე, რამდენად იყო მათი საჭიროებები და მათი დაყენებული პრიორიტეტები გათვალისწინებული.
სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში ჩოხატაურში 633 600 ლარი, ლანჩხუთში 838 400 ლარი და ოზურგეთში კი 1 384 000 ლარი არის გამოყოფილი. ოთარ კონჯარიას თქმით, პროექტის გახორციელება, სავარაუდოდ, ივნისის თვეში დაიწყება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, კოტე შარაშენიძე ამბობს, რომ ხალხი რასაც აირჩევს, ის გაკეთდება: – ჩვენ ხალხს ვაძლევთ იმის უფლებას, რომ გადაწყვიტონ, რა უნდა გაკეთდეს ამ პროგრამით და ჩვენ შემსრულებელი ვართ. ადამიანების ჯგუფები როდესაც ჩამოყალიბდებიან და იტყვიან, რომ ეს უნდა გაკეთდეს სოფელში და ამას დაერტყმება ბეჭედი, აუცილებლად გაკეთდება არჩეული პროექტი და საქმე მივა ბოლომდე, – განაცხადა კოტე შარაშენიძემ.
2013 წელს პირველი სოფლის კრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შრომაში ჩატარდა. აქ ორ უბანში ძირითადი პრიორიტეტები გამოიკვეთა. რაც შეეხება მესამე უბანს (ვაკეს), ხალხის სიმცირის გამო, კრება აპრილის დასაწყისში გადაიდო.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილის, გიორგი ღურჯუმელიძის ინფორმაციით, სოფლის კრებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში 1 აპრილამდე გაგრძელდება.
_ სოფელ შრომის და სოფელ მთისპირის ორ უბანში, ხალხის სიმცირის გამო, არ შედგა კრება. მე პირადად სოფელ შრომაში დავესწარი კრებას და მოსახლეობამ რამდენიმე პრიორიტეტი წამოსწია წინ: შიდა გზების მოწესრიგება, საყანე ფართობამდე მისასვლელი გზის სარემონტო სამუშაოები და სასაფლაოს შემოღობვა, _ გვითხრა გიორგი ღურჯუმელიძემ.