სკოლაში ბავშვის შეყვანა მშობელს 5 წლის ასაკიდან იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ბავშვს 5 წელი 15 სექტემბრამდე უსრულდება. ასაკთან დაკავშირებით არჩევანს მშობელი თავად აკეთებს.
რეგისტრაცია ონლაინ რეჟიმში განხორციელდება და 3 ეტაპად ჩატარდება:
I ეტაპი. 01/04/2013-დან 19/04/2013 ჩათვლით. სკოლაში რეგისტრაცია განხორციელდება მხოლოდ შემდეგი კატეგორიის მოსწავლეებისათვის:
• ვისი და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში;
• ვისი მშობელიც სკოლის თანამშრომელია;
• ვისი ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში (ტყუპები, და-ძმები).
II ეტაპი. 25/04/2013-დან 03/07/2013. განხორციელდება პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია.
სპეციალური აპლიკაცია განთავსდება საიტებზე www.registration.emis.ge; www.mes.gov.ge. მშობელი ირჩევს მხოლოდ ერთ სკოლას და რეგისტრაციის ფორმაში შეაქვს შემდეგი მონაცემები: ბავშვის სახელი, გვარი და პირადი ნომერი. სასურველ სკოლაში პირველკლასელთა ონლაინ რეგისტრაციისათვის საცხოვრებელ ადგილს მნიშვნელობა არ ენიჭება.
რეგისტრაციის წარმატებით დასრულებისთანავე მშობელი იღებს პასუხს შვილის სასურველ სკოლაში ჩარიცხვის შესახებ. მას სისტემის მიერ მინიჭებული უნიკალური კოდი სმს-ის საშუალებითაც ეგზავნება, რომლის შენახვაც აუცილებელია.
მშობელს სკოლის არჩევაში დაეხმარება ვებგვერდი www.catalog.edu.ge, სადაც ყველა საჯარო სკოლის შესახებ დეტალური ინფორმაციაა განთავსებული.
მშობელი ვალდებულია სკოლაში მოსწავლის დოკუმენტაცია რეგისტრაციიდან 2 კვირის ვადაში წარადგინოს. ვადის გასვლის შემდეგ სისტემა რეგისტრაციის გაუქმებას ავტომატურად მოახდენს.
III ეტაპი. 29/06/2013-დან 05/07/2013. სურვილის შემთხვევაში მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ გამოთავისუფლებულ ადგილებზე ბავშვი ხელახლა დაარეგისტრირონ.
მშობელს რეგისტრაციის გაუქმება რეგისტრაციის დროს მინიჭებული უნიკალური კოდის და ბავშვის პირადი ნომრის მიხედვით შეუძლია. თუ მშობელმა გადაწყვიტა ერთ სკოლაში მოხსნას და მეორეში დაარეგისტრიროს შვილი, წინასწარ ეკრანზე გამოტანილ ფანჯარაში სასურველ სკოლაში დარჩენილი თავისუფალი ადგილები უნდა შეამოწმოს.
განათლების და მეცნიერების სამინისტრო ყველა პირველკლასელს საბავშვო სასწავლო პორტატულ კომპიუტერს გადასცემს.