_ ბატონო გოგა, ბევრ ხალხს ელოდებით 19 აპრილს?
_ რა თქმა უნდა.
_ რას აპროტესტებთ?
_ არაფერს არ ვაპროტესტებთ. ერთიანობას ვაფიქსირებთ და ასევე, ქვეყნის საგარეო კურსის უცვლელობას. კიდევ ველოდებით ყველა იმ უკმაყოფილო ადამიანს, ვინც რაღაცით არის უკმაყოფილო.
_ კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, აქ საუბარია ხელისუფლებისადმი უკმაყოფილებაზე თუ…
_ ბევრ რამეზე. თუ ქვეყანაში უკმაყოფილო ადამიანები არ არიან, მაშინ ყველაფერი კარგად ყოფილა, რაშიც ჩვენ ეჭვი გვეპარება.
_ თქვენ რით ხართ უკმაყოფილო?
_ ყველას თავისი მიზეზები ექნება. მე ჩემი მიზეზებით მივალ.
_ თქვენ რა მიზეზები გაქვს?
_ აი, ვთქვათ, არ მომწონს რაღაც უცნაური განცხადებები საგარეო კურსთან დაკავშირებით. არ მომწონს ხაბურძანია რომ ჩამოვიდა და აქ აკეთებს განცხადებებს, კავკასიაზე კონტროლში უნდა დავეხმაროთ რუსეთსო. არ მომწონს, რომ ერისიონი კრემლში ცეკვავს. ბევრი რამე არ მომწონს.
_ “ერისიონის” წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი ემსახურებიან ხელოვნებას და არა პოლიტიკას.
_ გასაგებია, ისინი რასაც აცხადებენ, მაგრამ მე რაც არ მომწონს, ჩემი საქმეა.
_ რჩევებს ხომ არ აძლევთ ახლანდელ ხელისუფლებას?
_ ხან რჩევებსაც ვაძლევ.
_ კონკრეტულად ვის აძლევთ რჩევებს?
_ რა ვიცი, მე თავს უფლებას ვაძლევ, იმ სფეროში მივცე რჩევა, რომელშიც მიმაჩნია, რომ კომპენტეტური ვარ.
_ გარემოს დაცვის საკითხებში კომპეტენტური ხართ?
_ მაგალითად არ მომწონს, როდესაც დღეს (ინტერვიუ ჩაწერილია 25 მარტს) 48 კანონპროექტის განხილვა-დამტკიცება მიდის, მესამე მოსმენით და ასე მექანიკურად მიმდინარეობს ეს პროცესი.
_ კანონპროექტებს მხარს არ უჭერთ?
_ არ ვიღებ მონაწილეობას, რადგან ასე არ უნდა ხდებოდეს განხილვა. ფუნქციონალური საცობი შეიქმნება გარემოს დაცვის სამინისტროში,დარწმუნებული ვარ.
_ რატომ, ჯერჯერობით, მაგის საფრთხე არ ჩანს.
_ იმიტომ, რომ ერთია, როცა ერთი სამინისტროდან ფუნქცია მიაქვს რამდენიმე სამინისტროს. მე ვემხრობი, რომ სამინისტრო გაძლიერდეს და დაიბრუნოს ფუნქციები. კი, ბატონო, მაგრამ ეს შეიძლებოდა თანმიმდევრულად, გააზრებულად და არა ისე, რომ თითქმის არავინ იცის, 47 კანონპროექტში რა წერია. ფუნქციონალური საცობი არის მოსალოდნელი უახლოეს მომავალში და ვნახოთ ერთად.
_ ბატონო გოგა, შეგიძლიათ, დაგვისახელოთ თქვენი მინისტრობის დროინდელი ის პროექტი, რომლითაც დღეს ამაყობთ?
_ ძალიან ბევრი. დაცული ტერიტორიები განვითარდა ძალიან და გაიზარდა. ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობდა, დაახლოებით, 100 პროცენტით.
_ თუმცა, ტურისტების ჩამოსვლის სტატისტიკაზე სულ დავა იყო და თქვენი ოპონენტები ამბობდნენ, რომ არარეალური ციფრები იყო.
_ ეს ის ადამიანები საუბრობენ, ვინც დაცულ ტერიტორიებზე არასოდეს ყოფილა. თუ ვინმეს ჰგონია პრომეთე, სათაფლია, ლაგოდეხი, კოლხეთის დაცული ტერიტორიები, რაც შეიქმნა და განვითარდა, მოგონილი ზღაპარია, ძალიან ცდება და შეუძლია, ზღაპრებში იაროს. ძალიან ბევრი ტურისტი დადიოდა და ახლა არ ვიცი, ვინ დადის.