ეს “მიძღვნა” გამოწვეული იყო საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართული აქციით, რომელიც სოციალურად დაუცველებმა და სტუდენტებმა ერთად გამართეს და მოსთხოვეს საზოგადოებრივ მაუწყებელს სოციალურად დაუცველთა პრობლემების გაშუქება.
გადაცემის დაწყებასთან ერთად, დაიწყო სტუდენტების აქცია, რომლითაც სოლიდარობას უცხადებდნენ სოციალურად დაუცველებს. მათი განცხადებით, ისინი გვერდში დაუდგებიან ამ ხალხს, სადაც არ უნდა იყვნენ _ პირველ არხზე, მერიასა თუ ათონელის ქუჩაზე.
გადაცემის ყურების საშუალება აქციის მონაწილეებს არ ჰქონიათ, რადგან პირველი არხის შესასვლელში განთავსებული ტელევიზორის პულტი დაცვას დაჰკარგვოდა.
გადაცემაში, მონაწილეობდა 2 სოციალურად დაუცველი, მერიის კულტურისა და სოციალური მომსახურების უფროსი მამუკა ქაცარავა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი კაკაჩია. საქმე იმაშია, რომ ეს ორი სამსახური ერთმანეთისკენ ამისამართებდა სოციალურად დაუცველებს.
გადაცემის დასრულების შემდეგ, პირველი ქაცარავა გამოვიდა, რომელსაც სტუდენტებმა კიდევ ერთხელ მოსთხოვეს სოციალურად დაუცველების პრობლემათა მოგვარება, მერიის წარმომადგენელმა კი თავის მართლება დაიწყო. სტუდენტებმა მოუწოდეს ქაცარავას, შეეხედა ტრანსპარანტისთვის, რომელზეც ეწერა _ “ნუ კლავთ ჩვენს შვილებს თქვენი სკამებისთვის’’. მანაც შეხედა და რეაქციის გარეშე დატოვა იქაურობა.
ამის შემდეგ კაკაჩია გამოჩნდა, რომელმაც ქაცარავას მსგავსად, თავის მართლება დაიწყო და ამ პრობლემასთან დაკავშირებულ სიძნელეებზე საუბარი განაგრძო. მას სტუდენტებმა მიუთითეს, რომ მეტი პროფესიონალიზმი გამოეჩინათ ამ პრობლემის მოგვარების პროცესში, რაზეც კაკაჩიამ უპასუხა: “თუ ჩვენ ვერ ვაკეთებთ კარგად, ადექით და თვითონ გააკეთეთ საქმე უკეთესად’’ და მანაც დატოვა პირველი არხის მიმდებარე ტერიტორია.