ტრაგედიამ, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის თემში (მეწიეთში) დატრიალდა, 21 წლის გრიშა ლომთათიძის სიცოცხლე შეიწირა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ის სოფლის ერთ-ერთი ელექტრო ტრანსფორმატორის ეზოში ნახეს გარდაცვლილი.
სოფლის რწმუნებულის ალეკო სურმანიძის თქმით, თუ რა მოხდა 5 აპრილის ღამეს მეწიეთში, არავინ იცის:
_ დიდი უბედურება დატრიალდა. ამ შემზარავი ფაქტის თვითმხილველი არავინ არის. როგორც სოფელში ამბობენ, ახალგაზრდა ტრანსფორმატორზე რკინის კონსტრუქციების გამოყენებით ავიდა. არაფერი ვიცი, რა მოხდა იმ ღამეს, _ გვითხრა ალეკო სურმანიძემ.
ხიდისთავის მაჟორიტარმა დავით თალაკვაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ 5 აპრილს იგი სოფელში არ იმყოფებოდა და კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს.
“გურია ნიუსი” კომენტარისთვის ენერგო-პრო ჯორჯიას საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს გია სურმავას დაუკავშირდა:
_ არაფერი არ ვიცი. ახლა არ ვარ ბათუმში და ვერ გიპასუხებთ. ხვალ დილით დამიკავშირდით და მოგაწვდით ინფორმაციას, _ გვითხრა სატელეფონო საუბარში სურმავამ.