წინააღმდეგ შემთხვევაში, მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ძალას დაკარგავს მისი მიღებიდან 31-ე დღეს. სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ვადა შესაძლოა, 15 დღით გაიზარდოს. აღნიშნული ცვლილება “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანულ კანონში შედის. ამის შესახებ დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის მოსაზრებით, აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით უნდა განიხილოს. კანონპროექტის დაჩქარებული წესებით განხილვა და საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის ვადების შემცირება უმცირესობის წარმომადგენელმა, პავლე კუბლაშვილმა მიზანშეუწონლად მიიჩნია.
მისი თქმით, განხილვის ვადა, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით 9 თვე შეიძლება გაგრძელდეს, უპრიანია შემცირდეს 6 თვემდე და არა 1 თვემდე, როგორც კანონპროქტითაა წარმოდგენილი. კუბლაშვილის არგუმენტით, საკონსტიტუციო სარჩელის შეტანა ძირითადად იმ მუხლებისა და ნორმების წინააღმდეგ ხდება, რომლებიც ანტიკონსტიტუციურია და ადამიანის უფლებებს არღვევს.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განმარტებით, თუ ადამიანის უფლებები ირღვევა, 45 დღე სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების წესით განსახილველი ნორმის ბათილად ცნობის ან არცნობის გადაწყვეტილება. “თუკი ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, როგორიც საპრეზიდენტო არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების კონსტიტუციურობაა, ამავე კანონმდებლობით 12 დღეშია შესაძლებელი, რატომ არ შეიძლება, რომ სხვა ნორმების კონსტიტუციურობის საკითხის განსახილველად 45 დღე საკმარისად ჩაითვალოს? გაჭიანურებულმა პროცესმა, შესაძლოა, დააზარალოს საზოგადოების ინტერესი ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისი”,- განაცხადა ეკა ბესელიამ. კომიტეტის წევრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი მზად არის პლენარულ სხდომაზე განსახილველად.