“დაახლოებით 25-მდე პარლამენტარი დაესწრო შეხვედრას. მათ ხაზი გაუსვეს, რომ ისინი ყველანი არიან საქართველოს მეგობრები და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, ან მთავრობის მეგობრები. ისინი დაინტერესებულები არიან საქართველოს ბედით, განსაკუთრებით, რასაკვირველია საქართველოში მიმდინარე პროცესებით და იმით, თუ რა პროგრესს მიაღწევს საქართველო ვილნიუსში ევროპული ინტეგრაციის გზაზე. იყო ძალიან ბევრი შეკითხვა, ძალიან ღია დისკუსია. ბევრმა გამოთქვა საკუთარი აზრი. ისინი საბოლოო ჯამში ძალიან დადებითად აფასებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს და პარლამენტის მხრიდან აღგვითქვეს დახმარება იმ პროცესში, რომელიც უნდა მივიყვანოთ ნოემბერში ვილნიუსის სამიტამდე”- განაცხადა შეხვედრის შემდეგ მაია ფანჯიკიძემ.
ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის პრეზიდენტის გრეჰემ უოტსონის განცხადებით, ევროპარლამენტარებს სურთ იცოდნენ, თუ როგორ ართმევს თავს საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის კოჰაბიტაციის ურთულეს პროცესს. “ჩვენ დადებით ვაფასებთ ახალი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიმდინარე პროცესებს. იმედი მაქვს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი შესძლებს აზრი შეაცვლევინოს იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ჯერ კიდევ კრიტიკულად არიან განწყობილნი ბ-ნი ივანიშვილის მიმართ. ასევე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი იმოქმედებს გონივრულად, მისი საპრეზიდენტო მმართველობა დასასრულს უახლოვდება, თუმცა ის ჯერ კიდევ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. კოჰაბიტაციის პროცესი წარმატებით უნდა განხორციელდეს, ვილნიუსში პროგრესის მიღწევა მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი”, – აღნიშნა გრეჰემ უოტსონმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში დღესვე შეხვედრები გამართა ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში კარლ დე გუხტთან, საგარეო ქმედებათა საკითხებში ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან ჰელგა შმიდტთან, ევროკომისართან გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულესთან და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ფილიპ ლეფორთან.