პარლამენტის წინაშე საქართველოს თავდაცვის სამინსტროს ანგარიშვალდებულებას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს თავდაცვის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
პროექტის მიხედვით, თავდაცვის სამინისტრო პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს წარუდგენს ინფორმაციას განხორციელებულ არასაიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 მლნ. ლარს, ხოლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 4 მლნ. ლარს. ასევე, წელიწადში ერთხელ ანგარიშს წარუდგენს სახელმწიფო შესყიდვების გაწეული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ.
კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა კანონპროექტი „ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის მიხედვითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ნდობის ჯგუფს წარუდგენს ინფორმაციას საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. კანონპროექტი თავდაცვის სამინისტროზე სამოქალაქო კონტროლის განხორციელების მექანიზმების გაუმჯობესებას ითვალისწინებს და სამინისტროს მიერ განსახორციელებელი საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაწეული ხარჯების მიზნობრიობის კონტროლს ემსახურება. კომიტეტის წევრებმა იმსჯელეს სარედაქციო ხასიათის საკითხებზე და მხარი დაუჭირეს მესამე მოსმენით კომიტეტის სხდომაზე განხილვას. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა კომიტეტის წევრებს ახალი ინიციატივა გააცნო, ინიციატივის თანახმად, უნდა შეიქმნას მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც დაკომპლექტდება უმცირესობის, უმრავლესობის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან. აღნიშნული ჯგუფები გარკვეულ პერიოდს გაატარებენ საქართველოში არსებულ საჯარისო ნაწილებში, რათა საჯარისო ნაწილებში არსებული პრობლემებს ადგილზე გაეცნონ. კომიტეტის წევრებმა ერთხმად მოიწონეს ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა და შემდგომი სამოქმედო გეგმა დასახეს.