ინდური კომპანია “ტრანსელექტრიკი”, რომელსაც “ხუდონჰესის” მშენებლობა 2011 წელს უნდა დაეწყო და რის შესახებაც საქართველოს მთავრობასთან 2007 წელს აქვს ხელშეკრულება გაფორმებული, დღემდე ნაკისრი ვალდებულების შესრულებას ვერ ახერხებს. თუმცა, რამდენიმე დღის წინ კალაძემ ამ კომპანიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას 2014 წლამდე გადაუვადდა მშენებლობის ნებართვა.
ასევე, საქართველოში ინვესტიციას გეგმავს რუსული კომპანია “რუსჰიდრო”, რომლის 65% წილის მფლობელი რუსეთის სახელმწიფოს საკუთრებაა, დანარჩენი წილის მფლობელი კი ბანკები არიან.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ინდური კომპანია “ტრანსელექტრიკი” ჩაანაცვლოს რუსულმა კომპანია “რუსჰიდრომ”, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ თქვა: “ტრანსელექტრიკს” რაც შეეხება, თქვენ სწორად ბრძანეთ _ ის ინდური კომპანია გახლავთ. მაგრამ ამ ეტაპზე ამ კომპანიის პროექტიდან გასვლის შესაძლებლობას ვერ ვხედავ. პირიქით, ისინი დაინტერესებულები არიან ამ პროექტის გახორციელებით.
რამდენიმე დღის წინ იყო ჩამოსული ინდოეთის სახელმწიფო ბანკის წარმომადგენელი ამ ინვესტორებთან ერთად. ისინი დიდი ინტერესით უყურებენ ამ პროექტის გახორციელებას. ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რაც კი გახორციელებულა საქართველოში, რომლის საერთო ღირებულება სადღაც მილიარდ ორასიდან მილიარდ სამასს აღწევს. რაც დამატებით სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. ასეთი დიდი პროექტის გახორციელება მნიშვნელოვანია დასაქმების, შემოსავლების, გადასახადების კუთხით.
კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ “რუსჰიდრო” და ინდური კომპანიას შორის რამე შეთანხმება მოხდეს. ამასთან დაკავშირებით, სამომავლოდ თუ იქნება ინტერესი ინდური კომპანიის, ან რუსული კომპანიის მხრიდან, ჩვენ მზად ვართ ერთობლივად განვიხილოთ ეს წინადადება.
_ გეგმავს თუ არა საქართველოს მთავრობა სოჭის 2014 წლისთვის აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიაზე სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას?
_ სარკინიგზო მიმოსვლა გრძელვადიანი პერსპექტივაა. ჩემი აზრით, უფრო პოლიტიკური საკითხია და მისი გადაწყვეტა ძალიან რთული იქნება ერთი წლის განმავლობაში, თუმცა, თუ მივაღწიეთ შეთანხმებას, გავხსნათ რკინიგზა,მთავრობა ეს იქნება მნიშვნელოვანი და საინტერესო ჩვენი ქვეყნისთვის ყველანაირი კუთხით.