წელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის და მისი სამთავრობო გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო აღლუმი არ გაიმართება.
დღემდე უცნობია, რა ღონისძიებებია დაგეგმილი ამ დღეს. მთავრობაში 26 მაისის აღსანიშნავად სამთავრობო კომისიაა შექმნილი, რომლის ხელმძღვანელი განათლების მინისტრი და ვიცე-პრემიერ მინისტრი გიორგი მარგველაშვილია. არც კომისიის ხელმძღვანელი და არც კომისიაში შემავალი მინისტრები ჟურნალისტებთან არ აცხადებენ, კონკრეტულად, რა გეგმები აქვს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთავრობას.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, აქვს თუ არა მთავრობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, კონკრეტული გაწერილი გეგმა, ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, კახი კალაძემ განაცხადა: “შემიძლია გითხრათ 26 მაისთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მასშტაბით ეს იქნება სახალხო ზეიმი. თუ რა ფორმით და რა მიმართულებით, ალბათ, უახლოეს მომავალში კონკრეტულად გვეცოდინება და თქვენთვისაც ცნობილი გახდება.”