ომის ვეტერანი, 60 წლის მურთაზ აბაშიძე მშობლიური ქვეყნის დატოვებას გეგმავს. ამის მიზეზად კი მის მიმართ გახორციელებულ უკანონო ქმედებებს ასახელებს, რამაც მისივე თქმით, დევნის სახე მიიღო. ამბობს, რომ სამართალი საქართველოში მოქმედ ვერცერთ ინსტანციაში ვერ იპოვა.
აბაშიძე საგადასახადო ინსპექციის წინააღმდეგ და პირიქით. სამი სასამართლო დავა ჴ სისხლის სამართალი, ადმინისტრაციული და დაყადაღებული ქონების ღია აუქციონის წესით რეალიზაცია. აბაშიძე, ადმინისტრაციული დავის გაგრძელებას უზენაეს სასამართლოში გეგმავს, სისხლის სამართლის საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებების მოლოდინშია, ხოლო მისი დაყადაღებული ქონების აუქციონს აღსრულების ეროვნული ბიურო მალე ჩაატარებს.
რა მოხდა სინამდვილეში, რამდენი წლის შემდეგ გაახსენდა გურიის საგადასახადო ინსპექციას, რომ აბაშიძეს მათი ვალი ჰქონდა და რატომ მიიღო, როგორც ოზურგეთის რაიონულმა, ისე სააპელაციო სასამართლომ ამ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტის, საგადასახადო დავალების გარეშე გადაწყვეტილება და როდის გაუყიდიან ომის ვეტერანს დაყადაღებულ, ერთადერთ სახლს? როგორც, ადვოკატი კახა ჩავლეშვილი ამბობს, საგადასახადო სამსახური ცდილობს, დააშინოს მეწარმეები და აფიქრებინოს, რომ მათთან და სასამართლოსთან დავას აზრი არ აქვს.
მურთაზ აბაშიძის ისტორია
იგი წარმოშობით ხარაგაულიდანაა. დაამთავრა თბილისის #35 საფეხბურთო სკოლა. სამხედრო სავალდებულო სამსახური გასული საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს გერმანიაში მოიხადა. იყო საავიაციო დესანტი. ჯარის დამთავრების შემდეგ 4 წელი ლენინგრადის “დინამოში” თამაშობდა, ერთი წელიც _ ოდესის “ჩერნომორეცში”. 1975 წელს ოზურგეთში ჩამოვიდა, დაოჯახდა და აქვე დასახლდა. ცხრა წელი ოზურგეთის საფეხბურთო კლუბ “მერცხალში” თამაშობდა, 1987 წელს ვეტერან ფეხბურთელთა კლუბი ჩამოაყალიბა, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს. საფეხბურთო კარიერაში მიღწევების გამო, 1980 წელს აღმასკომმა მიწის ნაკვეთი გამოუყო, სადაც პატარა სახლი ჩადგა. როგორც თავად ამბობს, არ ყოფილა რომელიმე პარტიის წევრი და მხარდამჭერი, მიუხედავად იმისა, რომ ამის შემოთავაზება სხვადასხვა დროს სხვადასხვა პარტიებიდან ჰქონდა. 1991 წელს ცხინვალის მისადგომებთან პირველ ხაზზე იბრძოდა, 1992 წლის აგვისტოდან კი _ აფხაზეთის ომში. აფხაზეთის დაცემიდან მესამე დღეს, იქედან “სტაროვერების” დახმარებით გამოაღწია და ფოთის მისადგომებთან კატერით ჩამოვიდა. ამ წლებში ის არაერთხელ მონაწილეობდა ტყვეების გაცვლის პროცესში. დასძენს, რომ თუ იბრძვი პირველ ხაზზე, უნდა იბრძოლო, თუ არა და სახლში უნდა იჯდე. იხსენებს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს: “როგორც კი საომარი მოქმედებები დაიწყო, გორში ჩავედი, არც იარაღი მოგვცეს, არც ფორმა, შტაბში ვისხედით უმოქმედოდ. შტაბიდან რამდენჯერმე გავედი და დავიარე გორის შემოგარენი, სწორედ მაშინ გამიჩნდა პროტესტის გრძნობა. რეალობა სხვა იყო და ამის მიუხედავად, აბსოლუტურად სხვა ინფორმაცია ვრცელდებოდა, ხალხს ატყუებდნენ. ჩემში შინაგანი პროტესტი იზრდებოდა, რის გამოც 2009 წლის 9 აპრილს საკანში “ეროვნული ფორუმის” სახელით ჩავჯექი და 24 დღე დავყავი იქ. თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არცერთ პოლიტიკურ პარტიას მხარს არ ვუჭერდი. ჩემი პრობლემები “კარვების ქალაქიდან” რამდენიმე თვეში დაიწყო.”
დავა აბაშიძესა და საგადასახადო ინსპექციას შორის
მურთაზ აბაშიძეს გურიის საგადასახადო ინსპექციიდან გამოგზავნილი 2009 წლის 5 ოქტომბრით დათარიღებული წერილი 21 ოქტომბერს ჩაბარდა.
საგადასახადო ინსპექციის ხელმძღვანელის ანტონ ბარამიძის ხელწერით დამოწმებულ წერილში ვკითხულობთ, რომ აბაშიძეს ევალება, 5 სამუშაო დღის ვადაში ბარამიძის უწყებას წარუდგინოს ქონების მატერიალური და არამატერიალური ნუსხა. იმ შემთხვევაში, თუ ამას ვერ უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პასუხისმგებლობა დაეკისრება.
ის, მეორე დღეს, 6 ოქტომბრით დათარიღებულ #3383 ბრძანებას აღნიშნული სამსახურიდან იღებს, სადაც ქონების დაყადაღებაზეა საუბარი.
“გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების, დაყადაღებული ქონების ამოღებისა და შენახვის წესების საფუძველზე ვბრძანებ, დაევალოს გურიის საგადასახადო ინსპექციის ინსპექტორებს განახორციელონ მურთაზ აბაშიძის ქონების დაყადაღება აღიარებული საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღა ძალაში შედის მოვალისათვის ბრძანების დადგენილი წესით გაცნობისთანავე”. ბრძანებას ხელს ანტონ ბარამიძე აწერს.
აღსანიშნავია, რომ მურთაზ აბაშიძემ სამეწარმეო საქმიანობა 2007 წელს შეწყვიტა. იგი ბარამიძის უწყებას წერილობით 23 ოქტომბერს მიმართავს: “ბატონო ანტონ, მოთხოვნა, ჩამბარდა ამ დოკუმენტების ხელმოწერიდან 16 დღის შემდეგ, 21 ოქტომბერს. თქვენი სამსახურის მოლოდინი, ჩემგან თანხების გადახდასთან დაკავშირებით, ამაო რომ არ იყოს, პასუხს გაწვდით მიღებისთანავე. მოგახსენებთ, რომ 2007 წელს შევწყვიტე სამეწარმეო საქმიანობა. საქმიანობის შეწყვეტამდე საგადასახადო ინსპექციის ყოფილი ინსპექტორის ი. დუმბაძის მიერ, არასწორად შედგენილი იყო აქტი ჩემს მიერ სალარო აპარატის გამოუყენებლობაზე. სინამდვილეში დუმბაძე წინა დღეს მოვიდა მორიგ, ე.წ. “შეწერაზე” და მოითხოვა სატელეფონო ბარათი საჩუქრად. მას ეს ბარათი, ჩემს ჯიხურში მომუშავე ჩემმა მეუღლემ არ მისცა, ვინაიდან ამ ქალბატონს არაერთხელ ჰქონდა წაღებული სხვადასხვა საქონელი მანამდეც, ხოლო თანხა თითქმის არასდროს მოუტანია. ის დაემუქრა, როგორც ჩემს მეუღლეს, ისე გვერდით მყოფ მოვაჭრეებს, როგორ თუ საგადასახადოს მუშაკს უარით მიშვებთო და ეს მუქარა მეორე დღეს იმით აღასრულა, რომ ჩამოარიგა სალარო აპარატების არქონის გამო აქტები. მას შევუთვალე, რომ მისი პირადი შურისძიებით ნაკარნახევი ეს ქმედება გამოესწორებინა, თორემ ვუჩივლებდი… მაგრამ, როგორც თქვენი 21.10. 2009 ე. წ. “შედარების აქტით” ირკვევა, ეს დაპირება მას არ შეუსრულებია და გადასახდელად მე დამიტოვა. რაც შეეხება თქვენი შედარების აქტში აღნიშნულ საშემოსავლო ნარჩენი გადასახადის _ 326 ლარის გადახდას და მასზე დარიცხულ საურავებს, არ მივიჩნევ მართებულად, ვინაიდან ისინი მომდინარეობენ ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როცა მე ვიხდიდი პრეზუმპციულ გადასახადს. უფრო სწორად ამ გადასახადს კრეფდნენ თქვენი სამსახურის ინსპექტორები. ეს ის ინსპექტორები არიან, რომლებიც ნაცვლად 18 ლარისა, ჩემგან და სხვა ჯიხურებიდან ყოველთვიურად კრეფდნენ 25, 30, 40, 50 ლარს, მაგრამ ქვითრები ჩვენთვის არასდროს არ მოჰქონდათ. პასუხად იმას ამბობდნენ, რომ ჩვენ და უფროსობა ვართ გარანტები, რომ გადასახადები გადახდილი გაქვთო. გამოდის, რომ ეს მუშაკები როგორც ჩვენ, ისე სახელმწიფოსაც ატყუებდნენ. ბატონო ანტონ, იმედი მაქვს, ამ ფაქტებს, ვინაიდან ისინი შეიცავენ სამოხელეო და კორუფციული დანაშაულის ნიშნებს, სამართლებრივი რეაგირების მიზნით, მისცემთ სათანადო მსვლელობას. პირადად მე, მზად ვარ ვითანამშრომლო თქვენთანაც და გამოძიებასთანაც. ამასთან ერთად, გაცნობებთ, რომ ვარ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. შესაბამისად, ვსარგებლობ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეღავათებით და გატყობინებთ, რომ არანაირი ქონება არ მერიცხება და არც საბანკო ანგარიშზე მაქვს თქვენთვის საყურადღებო თანხა, გთხოვთ, თქვენს მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ მაცნობოთ წერილობით”, _ ამონარიდი აბაშიძის განცხადებიდან.
ბარამიძისგან წერილობით პასუხს 13 ნოემბერს იღებს, რომელშიც საგადასახადო ინსპექცია მას ატყობინებს, რომ აღნიშნული დავალიანებები წარმოადგენს იყო 2002-2003 წლებში გადაუხდელ საშემოსავლო გადასახადს და 2006 წლის 16 ივნისს სალარო-აპარატის არქონისთვის დაჯარიმებული თანხების ჯამს. იგი 18 ნოემბერს კვლავ მიმართავს ბარამიძეს: “ბატონო ანტონ, მ/წლის 23 ოქტომბერს მოგმართეთ განცხადებით თქვენი 5.10.2009 წლის #3383 ბრძანების გამოცემასთან დაკავშირებით, რაზეც პასუხი თქვენგან ოცდაერთი დღის გასვლის შემდეგ, 13 ნოემბერს მივიღე. ამასთან, 11 ნოემბერს კვლავ მოგმართეთ განცხადებით და მოვითხოვე, მოგეცათ საგადასახადო ინსპექციის ორგანოს ხელმძღვანელი პირის მიერ გამოცემული ის საგადასახადო მოთხოვნები და ბრძანებები, რომლებიც ჩემს მიერ ჩადენილი “საგადასახადო სამართალდარღვევების” ჩადენასთან დაკავშირებით ყოფილა გამოცემული. ეს აქტები არც მათი გამოცემისას მიმიღია და არც 11 ნოემბრის განცხადების პასუხია თქვენს მიერ გამოგზავნილი”. ამ წერილზე პასუხს აბაშიძე მეორე დღესვე იღებს.
19 ნოემბრით დათარიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ “…ხსენებული სამართალდარღვევის ოქმი და ბრძანება შედგენილი და გამოცემულია ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიერ და გურიის საგადასახადო ინსპექციაში არ მოიპოვება. აღნიშნული დოკუმენტაცია ჩვენს მიერ გამოთხოვილი იქნა შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონული ცენტრიდან, რომლებიც გადმოგეგზავნებათ მიღებისთანავე, რაც შეეხება თქვენს 23.10.09 განცხადებაში აღნიშნულ, დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებს, მათზე სათანადო რეაგირების მიზნით, განცხადების ასლი ჩვენს მიერ გადაიგზავნა ოზურგეთის რაიონულ პროკურატურაში.
გურიის საგადასახადო ინსპექციის
უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ანტონ ბარამიძე”.
იმის გამო, რომ აბაშიძემ ბარამიძის სამსახურიდან მოთხოვნილი ინფორმაცია ვერ მიიღო, იგი 2010 წლის 6 იანვარს ფოთის საგადასახადო ინსპექციას მიმართავს (მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია, რომ აბაშიძე დღემდე ითხოვს საგადასახადო დავალების ასლს. შ.ღ.).
პასუხს არც ფოთის საგადასახადო ინსპექციიდან ღებულობს და ამის გამო, ხელმეორედ მიმართავს აღნიშნულ სამსახურს. მას 15 მარტს ფოთის საგადასახადო ინსპექციიდან წერილი მოსდის: “საგადასახადო დავალება თქვენ გადმოგეგზავნათ და ადგილზე არსებული ძირი გამოთხოვილი აქვს საგამოძიებო დეპარტამენტს სისხლის სამართლის #092100149 საქმეზე”.
აბაშიძეს, ამ წერილის მიღებამდე, საგამოძიებო სამსახურიდან სისხლის სამართლის აღძვრის თაობაზე შეტყობინება 25 თებერვალს ჩაბარდა. ამის შემდეგ, 2010 წლის 18 მარტს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა.
“მოგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გურიის საგადასახადო ინსპექციის რეგიონული ცენტრის უფროსის 2010 წლის 17 თებერვლის #061-139 შეტყობინებით, წარმოშობილია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება იმის გამო, რომ მერიცხება საგადასახადო დავალიანება 1547,65 ლარის ოდენობით. მანამდე, ამავე ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, 5.10. 2009 წლის #3383 ბრძანებით “საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა გატარების მიზნით”, ჩემი ქონება, როგორც საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონება, დაყადაღებული იქნა. მიმაჩნია, რომ საგადასახადო ინსპექციის მიერ გამოცემული აქტები მიღებულია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის უგულებელყოფით … სამეწარმეო საქმიანობის შეწყვეტიდან 2 წლის თავზე საგადასახადო მატყობინებს, რომ გარდა 500-ლარიანი ჯარიმისა, თურმე, 2002-2003 წლებიდან მოყოლებული, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში კიდევ 326 ლარის დავალიანება მქონია, რომლისთვისაც საურავის სახით დაუმატებიათ 693,24 ლარი. გურიის საგადასახადო ინსპექციას მოვთხოვე საგადასახადო სამართალდარღვევის წარმოების მასალები. სამგზის მიმართვის შემდეგ, 2009 წლის დეკემბრის ბოლოს მომაწოდეს მხოლოდ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი #823 9.06.2006წ და ბრძანება #154 16.06.2006წ. ხოლო “საგადასახადო მოთხოვნა”, რომელიც აღნიშნული აქტის საფუძველზე იქნა გამოცემული, დღემდე არ მიმიღია”, _ ამონარიდი მურთაზ აბაშიძის სარჩელიდან.
სასამართლო პროცესები სამ თვეს მიმდინარეობდა. საგადასახადო მოთხოვნის ასლი, მოსამართლე გიორგი ზვიადაძის მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა. და მაინც, ზვიადაძემ გადაწყვეტილება გურიის საგადასახადო ინსპექციის სასარგებლოდ მიიღო.
“ბატონი მოსამართლე ყველა პროცესზე აყენებდა მოთხოვნას, წარმოედგინა მოპასუხე მხარეს საგადასახადო მოთხოვნა, მიუხედავად იმისა, რომ ვერ მიიღო საგადასახადო მოთხოვნის ასლი, სამი თვის შემდეგ დაასრულა სასამართლო დავა და არ გაითვალისწინა არც ის გარემოება, რომ ომის ვეტერანი ვიყავი”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბარში მურთაზ აბაშიძე.
მან ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მიუხედავად იმისა, რომ აბაშიძემ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს მოთხოვნილი ყველა საბუთი წარუდგინა, რომ იბრძოდა 90-იან წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის (აბაშიძე ირონიით აღნიშნავს, რომ ამ დოკუმენტებს ვლადისლავ არძინბას ხელმოწერაღა აკლდა მხოლოდ), 2010 წლის 21 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლომ აბაშიძის მიმართ მაინც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, რასაც სამი სხდომა მიუძღვნა.
აბაშიძე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებას საქართველოს უზენაეს სასამართლოში ასაჩივრებს: “თუ ჩემს ასაკში ქვეყნიდან წასვლაზე ვიფიქრებდი, არ მეგონა. პროკურატურა _ არა, სასამართლო _ არა, საგადასახადო _ არა. ან სიმართლე არ უნდა ილაპარაკო და გაჩუმდე, ან უნდა იბრძოლო. სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებ ჩემი სიმართლის დასადგენად, იმ შემთხვევაში, უზენაესი სასამართლო ჩემს მიმართ თუ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, გადაწყვეტილებას სტრასბურგში გავასაჩივრებ. არ ვაპირებ შევეგუო იმ უკანონობას, რაც ჩემს გარშემო ხდება”, _ გვითხრა აბაშიძემ.
დაყადაღებული ქონების რეალიზაცია
აბაშიძის უძრავ-მოძრავ ქონებას ერთი სახლი და 1200 კვ.მ მიწა შეადგენს, ასევე საგადასახადო მას 1985 წელში გამოშვებულ “რენო მოსკვიჩს” ედავებოდა, მან ეს მანქანა ათეული წლების წინ გაყიდა. თუმცა, ამ წლების განმავლობაში მის სახელზე დარჩა რეგისტირებული.
გირავნობა-იპოთეკის წარმოშობის შემდეგ, როგორც კი პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება აბაშიძის საწინააღმდეგოდ მიიღო, საგადასახადო ინსპექციამ შუამდგომლობით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს დაყადაღებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის თაობაზე. დავალიანება, რომელიც დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 1700 ლარს შეადგენს, აბაშიძეს არ გადაუხდია იმ მიზეზით, რომ სასამართლო დავა მეორე ინსტანციაში გააგრძელა.
როგორც ოზურგეთის რაიონული სასამართლოს ბრძანებაში (საქმე #3/175-10წ.), რომელიც 2010 წლის 22 ოქტომბრით თარიღდება, ვკითხულობთ, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გიორგი ზვიადაძემ ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გურიის რეგიონული ცენტრის უფროსის მოადგილის შუამდგომლობა მურთაზ აბაშიძის მიმართ დაყადაღებული ქონების (მატერიალური და არამატერიალური აქტივების) ღია აუქციონის წესით რეალიზაციის თაობაზე. სასამართლომ განიხილა გურიის რეგიონული ცენტრის შუამდგომლობა. მიიჩნია, რომ იგი დასაბუთებულია. სასამართლოს მოსაზრებით, გურიის რეგიონული ცენტრის შუამდგომლობა საფუძვლიანია და იგი აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით შუამდგომლობისთვის, როგორც ფორმალურ, ისე მატერიალურ წინაპირობებს, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს. აბაშიძემ ზვიადაძის მიერ გამოცემული ბრძანება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
და აი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 26 ნოემბერს ბრძანება გამოსცა, რომლითაც მურთაზ აბაშიძის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა: “გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება და მიღებული იქნეს ახალი ბარძანება”. ახალი ბრძანებით კი, საგადასახადო ინსპექციის გურიის რეგიონული ცენტრის შუამდგომლობით მოთხოვნილი მ. აბაშიძის ყადაღადადებული ქონების ღია აუქციონის წესით რეალიზაციის 1647,65 ლარიდან 500 ლარის რეალიზაციის ნაწილში არ დააკმაყოფილა. ანუ, სააპელაციო სასამართლომ ის, რომ 500-ლარიანი ჯარიმის თანხა ქონების გაყიდვით აუნაზღაუროს საგადასახადოს, სამართლიანად არ ცნო. უფრო მეტიც, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული: “ფოთის რეგიონული ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია. შ.ღ.) 2006 წლის 16 ივნისის #159 ბრძანებით, ი/მ “მურთაზ აბაშიძე” საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაჯარიმებული იქნა 500 ლარით. აღნიშნულ ჯარიმაზე მ. აბაშიძეს საგადასახადო მოთხოვნა არ გაგზავნია,” _ ვკითხულობთ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოცემულ ბრძანებაში.
ფაქტობრივად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მურთაზ აბაშიძეს საგადასახადო მოთხოვნა არ გაგზავნია. აბაშიძე გაკვირვებული აღნიშნავს და ამბობს, რომ თუ არ გამოუგზავნიათ, როგორღა ჩამბარდებოდა? არადა, გურიის და ფოთის საგადასახადო ინსპექციები, ასევე ფინანსური პოლიცია და საოლქო პროკურატურა ერთი წელი “ამტკიცებდნენ”, რომ საგადასახადო მოთხოვნა მურთაზ აბაშიძეს ფოსტით ჩაბარდა 2006 წლის დეკემბერში, რაზეც რაიონული სასამართლო _ მუდამ, ხოლო სააპელაციო _ აქამდე “თვალს ხუჭავდა”.
კანონები, რომლებიც დაზარალებულის ინტერესებს იცავს
საქართველოს კანონი “ამნისტიის” შესახებ 2004 წლის 24 დეკემბერს შევიდა ძალაში.
“კანონის მიზანია, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი ხასიათის განსაკუთრებული და დროებითი ღონისძიების სახით, იმ პირთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს სამეწარმეო-ეკონომიკურ სფეროში. არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების გამოვლენისა და აღიარების მიზნით, ასეთი შემოსავლის(ქონების) ლეგალიზების პირობებისა და წესის განსაზღვრა და მისი დაფარვისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძვლების დადგენა. ამ კანონის ამოქმედებისთანავე შესრულებულად ჩაითვალოს საქართველოს რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ, 2004 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და შეუსრულებელი საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებები და არ განხორციელდეს მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, ადმინისტრაციული ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის სამართალწარმოება…” _ კანონს “ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ” ხელს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აწერს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის გიორგი ზვიადაძის განჩინებაში აღნიშნულია, რომ მ. აბაშიძე დეკლარაციას არ ადგენდა.
“2002-2003 წლებში მიღებულ შემოსავალზე, მურთაზ აბაშიძის მიერ, წლიური დეკლარაცია წარდგენილი არ არის, აღნიშნულის გამო, დასაბეგრი შემოსავალი ვერ დგინდება. შესაბამისად, ვერ დგინდება საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების საფუძველი. ამდენად არსებობს ი.მეწარმე მურთაზ აბაშიძის მხრიდან შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულება. გურიის საგადასახადო ინსპექციის საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შედგენილი შეტყობინება #061-139 შეესაბამება კანონის მოთხოვნებს”, _ წერია ზვიადაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც 2010 წლის 22 ივნისით თარიღდება.
2002-2003 წლებში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის II ნაწილის “ბ” პუნქტის მიხედვით _ საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება შემდეგ ფიზიკურ პირთა (მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების მონაწილე საქართველოს მოქალაქეების) მიერ, კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე.
“მოსამართლემ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საგადასახადო ორგანოს 16.06.2006 წლის #159 ბრძანების გამოცემის შემდეგ, არ გამოუცია საგადასახადო მოთხოვნა. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად კი, გადასახადის გადამხდელი მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის გამოცემა/ჩაბარების შემდეგაა ვალდებული, გადაიხადოს გადასახადი ან უფლება აქვს იდავოს დაკისრებული გადასახადის სამართლიანობაზე. ვინაიდან საგადასახადო მოთხოვნა არ გამოუცია, საგადასახადო ორგანოს უფლება არ ჰქონდა, დაეყადაღებინა ჩემი ქონება და ამ მიზნით გამოეცა ჩემს მიერ გასაჩივრებული სამართლებრივი აქტი, რადგანაც არ არსებობს ამისთვის საჭირო სამართლებრივი საფუძვლები”, _ გვითხრა აბაშიძემ.
აბაშიძის ადვოკატი კახა ჩავლეშვილი “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ “აბაშიძის ვალი 2002-2003 წლებში წარმოშობილა, რა დროსაც მასზე შეღავათები ვრცელდებოდა, იმის გამო, რომ ის ომის ვეტერანი იყო. როგორც, თავად აღნიშნავს, განცხადებით მიმართა საგადასახადოს და გათავისუფლებული იყო გადასახადებისგან. მას აღნიშნული სამსახური განცხადებისა და დეკლარაციების ასლს სთხოვს. მეწარმე ვალდებული არ არის 6 წელზე მეტი შეინახოს საბუღალტრო დოკუმენტაცია, დავაც ხანდაზმულია _ მას შემდეგ 8 წელი გავიდა”.
ადვოკატის თქმით, ძველი კანონმდებლობის მიხედვით, იმ შემთხვევაში, როცა წარმოიშვებოდა საფუძველი იპოთეკის ან ყადაღის შესახებ სამ დღეში უნდა დაერეგისტრირებინა საგადასახადოს: _ აბაშიძეს საგადასახადო მოთხოვნა არ ჩაბარებია და სახლს უყიდიან. პირველი ინსტანციის მოსამართლის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული და ველოდებით გადაწყვეტილებას. დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით, ყველანაირად შებოჭილი ხარ, საგადასახადო კანონი ლიბერალური კი არა. საშუალებას იძლევა სახლიდან გამოგაგდოს, მანამდე სანამ დავა დასრულდება. საგადასახადო მეწარმის ინტერესების დამცველიც უნდა იყოს, რადგან ის სადამსჯელო ორგანო არ არის. მათ ვალდებულება ჰქონდათ ეცნობებინათ,აბაშიძისთვის წარმოშობილი ვალის შესახებ. რომელ კანონზე უნდა ისაუბრო, როცა შვიდი წლის შემდეგ გთხოვენ ვალს. საგადასახადო ერთ ნიშას ატარებს, დააშინოს მეწარმეები და აფიქრებინოს, რომ საგადასახადოსთან და სასამართლოსთან დავას აზრი არ აქვს, _ ცდილობენ ეს სტერეოტიპი შექმნან. სწორედ ამ ნიშას ატარებს საგადასახადო დავების უმრავლესობა”, _ გვითხრა ჩავლეშვილმა.
“ვიდრე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჩამბარდა, მანამდე ჩემი პრობლემების საჯაროდ გამოქვეყნებისგან თავი შევიკავე, _ ამბობს აბაშიძე და დასძენს, რომ სიმართლის დასადგენად ბრძოლას ბოლომდე აპირებს.
სისხლის სამართლის საქმე #092100149
მურთაზ აბაშიძის განცხადებაში მოყვანილი ფაქტების საფუძველზე, გურიის საგადასახადო ინსპექციამ, შემდგომი მოკვლევის მიზნით, განცხადება ოზურგეთის რაიონულ პროკურატურას გადაუგზავნა, ამ უკანასკნელმა კი ქვემდებარეობით _ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმის და გურიის სამმართველოს, რომელმაც განცხადებაში მოყვანილი ფაქტების საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმე აღძრა და წინასწარი გამოძიება დაიწყო.