დღეს მსოფლიოში ბევრს ლაპარაკობენ გლობალური მასშტაბის პრობლემებსა თუ გამოწვევებზე. ერთ-ერთი გლობალური კლიმატის ცვლილებაა, რამაც უკვე დიდი ხანია თავსატეხი გაუჩინა მსოფლიოს. სწორედ კლიმატის ცვლილებისა და დედამიწაზე ბუნებრივი წონასწორობის დარღვევის გამოვლინებად მიიჩნევა ურიცხვი და მრავალგვარი ბუნებრივი კატასტროფები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, რომელთა შესახებაც თითქმის ყოველდღიურად ვისმენთ თუ ვკითხულობთ. ეს კატასტროფები ათი ათასობით ადამიანის უბედურების მიზეზი ხდება.
რა დროს გლობალური პრობლემებია, როცა ადგილობრივისთვისაც ვერ მოგვივლია ხეირიანადო, იტყვით ალბათ… თუმცა, თუ დავფიქრდებით, პრობლემების დაყოფა ადგილობრივ და გლობალურ პრობლემებად პირობითია. გლობალური პრობლემაც ადგილობრივია, მხოლოდ დროსა და სივრცეში განფენილი.
გაზაფხულზე გურიაში ჩატარებული პატარა გამოკითხვის შედეგები სასიხარულო დასკვნების გამოტანის საშუალებას ნამდვილად არ მაძლევს. “აღმოჩნდა”, რომ საზოგადოების თვით ყველაზე განათლებულ ფენებსა და მმართველ წრეებშიც კი გარემოსდაცვითი ცნობიერება საკმაოდ დაბალ დონეზეა.
ეს კი, თავის მხრივ, გამოიხატება ჩვენს ყოველდღიურ ქცევაში და ზოგადად ცხოვრების წესში, გარემოსადმი ჩვენს დამოკიდებულებაში და იგი დამანგრეველია! დამანგრეველია იმ სივრცისა, სადაც უშუალოდ გვიწევს ცხოვრება და არსებობა _ ჩვენი კუთხის, სოფლის, რეგიონის, ქვეყნის, და თუ გნებავთ, ჩვენი საერთო სახლის _ დედამიწისაც. მიუხედავად იმისა, ვიცით თუ არა ამის შესახებ!
“არცოდნა არცოდვაო” _ ნათქვამია, თუმცა, ეს თვალსაზრისი მიუღებელია, როცა საქმე საკუთარი ქცევის შედეგების ცოდნასა და მათზე პასუხისმგებლობას ეხება. ჩვენ ვალდებულები ვართ შეძლებისდაგვარად ვიცოდეთ და ვაცნობიერებდეთ თუ “რასა ვიქმთ”.
სწორედ ამიტომ, “გურია ნიუსთან” ერთად და მისი უშუალო მხარდაჭერით, გთავაზობთ რუბრიკას “ეკოპულსი”, რომელშიც გამოქვეყნებული მასალები, იმედია, სხვა თვალით დაგვანახებს ჩვენს ყოველდღიურ ქცევას და გარემოსადმი დამოკიდებულებას, და იქნებ, მისი შეცვლის საჭიროებაზე დაგვაფიქროს.
აღნიშნულ რუბრიკაში ასევე მოგითხრობთ გარემოს დაცვის საქმეში თითოეული ჩვენგანის მიერ, თუნდაც მცირე წვლილის შეტანის შესაძლებლობებზე, პრაქტიკულ ნაბიჯებზე, კონკრეტულ გარემოსდაცვით აქციებსა თუ ღონისძიებებზე, რომელთა გახორციელებაც ხშირად ძალზე მარტივია და მხოლოდ ადამიანის ნებას, ნებისყოფას და გააზრებულ გადაწყვეტილებას საჭიროებს.
ამ მხრივ ჩოხატაურის მცხოვრებთათვის უკვე გვაქვს პირველი შემოთავაზება, რომელიც რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში ჩამოყალიბებულ საინიციატივო ჯგუფთან “რაციო” თანამშრომლობით ხორციელდება. საქმე ეხება ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის თინა ლეჟავას იდეას გამოყენებული ელემენტების შეგროვების შესახებ მათი შემდგომი უტილიზაციისათვის, რომელიც ხორციელდება სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციასთან შეთანხმებითა და მათი მხარდაჭერით.
ამ მიზნით, ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახლობის სამრევლო სკოლაში, რომლის მისამართია წერეთლის ქუჩა, #3 დაიდგა გამოყენებული ელემენტების (ე.წ. ბატარეების) შესაგროვებელი ყუთი, რომელშიც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ძველი ელემენტების ჩაყრა. უკვე შევსებული ყუთი გაიგზავნება თბილისში, არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში, სადაც შეგროვებული გამოუსადეგარი ელემენტების ხელახალი გადამუშავება მოხდება.
ცნობილია, რომ გამოყენებული ბატარეების და ელემენტების ნაგავსაყრელზე ან ბუნებაში გადაყრა დაუშვებელია და საზიანოა გარემოსთვის, რადგან ისინი მავნე ნივთიერებებს შეიცავენ. ასეთებია: ვერცხლისწყალი, კადმიუმი, ტყვია, ლითიუმი, ნიკელი, მეტალჰიდრიდი, თუთია.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უკვე დიდი ხანია სხვადასხვა ორგანიზაცია ზრუნავს გამოყენებული ელემენტების შეგროვებასა და გადამუშავებაზე. საგულისხმოა, რომ ეს საქმე გადანაწილებულია მოსახლეობაზეც, ანუ თითოეულ მოქალაქეს აკისრია პახუხიმგებლობა ძველი ბატარეები სპეციალურ კონტეინერებში ჩაყაროს.
იმედი მაქვს, ჩოხატაურელებიც გავაცნობიერებთ ჩვენს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას გარემოსა და მომავლის წინაშე… რადგან სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული, თუ რა გარემოში იცხოვრებენ ჩვენი შვილები და შვილიშვილები, როგორი იქნება ჩვენი კუთხე, ჩვენი სამშობლო. ქართველებს ხომ გვაქვს პრეტენზია იმისა, რომ ყველაზე კარგი ერი ვართ და ყველაზე მეტად გვიყვარს სამშობლო?!
Developed By Web Features 2024 © All rights reserved